წუხანდელი ღამე კიეველებისთვის მძიმე იყო. უკრაინის დედაქალაქში ღამის განმავლობაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად, 35 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად კიევში საცხოვრებელ სახლს რაკეტა დაეცა.
დმიტრო კულებამ საერთაშორისო მსოფლიო ლიდერებს მიმართა და რუსეთის სრული იზოლაცია და უკრაინაში ომის შეჩერება მოითხოვა.
"ჩვენმა დიდებულმა მშვიდობიანმა ქალაქმა რუსეთის ქვეითი ჯარებისა და საჰაერო თავდასხმების კიდევ ერთ ღამეს გაუძლო. ერთ-ერთი რაკეტა კიევში საცხოვრებელ სახლს მოხვდა. მსოფლიოსგან მოვითხოვ რუსეთის სრულ იზოლაციას, ელჩების გაძევებას, ნავთობის ემბარგოს, მისი ეკონომიკის განადგურებას. შეაჩერეთ რუსეთის ომი“, - განაცხადა კულებამ.
როგორია ამჟამად ვითარება მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში, ამის შესახებ AMBEBI.GE უკრაინაში გიორგი ვაშაძეს ესაუბრა:
"კიევიდან ცოტა მოშორებით ვიმყოფები, მეუღლე გამოვიყვანე იქიდან და ვაპირებ ისევ კიევში დავბრუნდე. მინდა გითხრათ, რომ ხალხი მხნედ არის, გუშინ მნიშვნელოვანი დღე იყო უკრაინისთვის იმიტომ, რომ რუსებმა საშინელი ზიანი მიიღეს. კიევის მისადგომებთან დივერსიულ ჯგუფებთან მაინც მიდის ბრძოლები და როგორც ოფიციალურადაც გაცხადდა, რუსეთის მხრიდან 3000-ზე მეტია დანაკარგი, ჯარისკაცს ვგულისხმობ. ფაქტია და ყველა ამბობს, რომ პუტინმა ძალზე მოუმზადებელი ჯარი შემოიყვანა. არ ვიცით, ეს მისი სტრატეგიაა, რომ თავიდან უბრალოდ, ჩახოცოს ხალხი და მერე სხვა, უფრო მომზადებული და ძლიერი ნაწილები შემოიყვანოს, თუ რა. არ ვიცი, ამას ალბათ დავაკვირდებით. რაც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ნათქვამი, მათთვის ადამიანების სიცოცხლე არაფერია, ჯარისკაცებს პირდაპირ უშვებენ და ხოცავენ, დივერსიული ჯგუფის საზარბაზნე ხორცად აქცევენ. გუშინ უკრაინულმა ჯარმა „ილ-72“ ჩამოაგდო კიევის მისადგომებთან და შიგნით მყოფი 200-მდე დესანტი განადგურებულია. რა გითხრათ, უკრაინის ჯარი ყველა მიმართულებით ძალიან მობილიზებულია.
ახლა პუტინი მაქსიმალურად ცდილობს კიევის აღებას, მთელი ძალების კონცენტრაცია კიევზეა, მათი მიზანია ტყვედ ჩაიგდონ ქვეყნის პრეზიდენტი და მთავრობა და ამით რამენაირად ფონს გავიდნენ, თუმცა თვითიმედოვნებას არ მინდა მივეცეთ, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი პირი არ უჩანს, რომ რუსები კიევის აღებას და ხელისუფლების დამხობას შეძლებენ.
ქალაქში არანაირი პანიკა არ შეინიშნება. მაღაზიები, აფთიაქები მუშაობს, სამხედრო კომისარიატებთან მოხალისეები და რეზერვისტები ორგანიზებულად რეგისტრირდებიან, ყველა დასახლებულ პუნქტთან საკონტროლო გამშვები პუნქტებია გახსნილი და უსაფრთხოების დასაცავად გაკეთებული დაცვითი ნაგებობები.
ღამით ბევრგან კომენდანტის საათია, განგაში ირთვება მაშინ, როცა საჰაერო თავდასხმაა. მთავარი, რაც მინდა ყველას მოვუწოდო საქართველოში ისაა, რომ რა ენაზეც შეგვიძლია, მსოფლიოს უნდა მოვუწოდოთ აქტიურობისკენ. მხოლოდ უნგრეთი ეწინააღმდეგება "სვიფტის" ჩაკეტვას, ყველა სხვა თანახმაა. ვისაც სად გვყავს ახლობელი, ნაცნობი, ამ დიდ კამპანიაში უნდა ჩავერთოთ იმიტომ, რომ ხედავთ, ამერიკული რესურსები ჩაერთო, კერძო კომპანიებს ვგულისხმობ, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია საინფორმაციო ომი და ველი. რუსეთშიც სერიოზულად იცვლება საზოგადოების აზრი. ერთადერთი, რაც მაშინებს, პუტინი ვა-ბანკზეა წასული და ამ ვითარებაში არ ვიცი, რა უნდა მოიმოქმედოს, საფრთხე ძალიან დიდია.
მან, ფაქტობრივად, ყველაფერი დადო. როგორც ჩანს, მისი გათვლა იყო, რომ უკრაინა იარაღს დაყრიდა, როგორც ყირიმის ანექსია მოახდინა, ეგონა, აქაც იგივე მოხდებოდა, მაგრამ ეს ნამდვილად არ ხდება უკრაინაში. ახლა მსოფლიოსთვის, უკრაინის გარდა, მეტი საკითხი არ არსებობს. აქ ევროპა-ამერიკაზე აღარაა საუბარი, მთელი მსოფლიო, ლათინური ამერიკაც კი და ყველანი ჩართულნი არიან ამ პროცესში.
რა თქმა უნდა, ეს ომი უკრაინის საზღვრებსაც გასცდა, ეს არის ცივილიზებულ სამყაროსა და ტოტალიტარულ ქვეყანას შორის ბრძოლა. ჩავთვალოთ, რომ პუტინს სსრკ-ს რეინკარნაცია უნდა და ეს ყველას ესმის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები ძალზე სწრაფად დაიწყოს, თუმცა, როგორც ჩანს, ამას რუსეთი აჭიანურებს ერთადერთი რამის გამო - მოლაპარაკებების დასაწყებად საბრძოლო კუთხით ძალზე სუსტი პოზიციები აქვს. ამიტომ, ვნახოთ...
ვერანაირ რესურსს ვერ ვხედავ რუსულ ჯარში, რომ მათ მთლიანად უკრაინის ოკუპაცია მოახდინონ. ეს წარმოუდგენელი მგონია, უკრაინა ძალზე დიდი ტერიტორიაა, ეს არ არის საქართველოსავით მცირე ზომის, ჯარი, შეიარაღება და ყველაფერი ამის იმედს იძლევა. არიან უკვე გმირები, უკრაინამ რუსეთს 6 ავიამოიერიშე გაუნადგურა, საოცრებებს აკეთებენ უკრაინელები. რა თქმა უნდა, უკრაინის მხარესაც აქვს მსხვერპლი, გუშინ იყო 180, მაგრამ ეს მინიმუმ 10-ჯერ ნაკლებია, ვიდრე რუსეთისა. ვრცელდება ვიდეოებიც და აშკარაა, რომ რუსული არმია აბსოლუტურად მოუმზადებელია, ფაქტია, მართლა საზარბაზნე ხორცად არიან ჯარისკაცები რუსეთიდან გამოგდებულები".