ავტორი:

"რუსეთის SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან გარიცხვის მოსამზადებელი პროცესი დაიწყო" - კულება

"რუსეთის SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან გარიცხვის მოსამზადებელი პროცესი დაიწყო" - კულება

დაიწყო რუსეთის SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან გარიცხვის მოსამზადებელი პროცესი,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელში განაცხადა.

„ვღრღნიდით, ვღრღნიდით და გამოვღრღენით. ამისთვის მუშაობდა უკრაინის მთელი დიპლომატიური კორპუსი - უკრაინის პრეზიდენტიდან დაწყებული, უკრაინის საელჩოს ატაშეთი დასრულებული“- განაცხადა კულებამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკრაინული დიპლომატიის ამ გამარჯვებას უკრაინის ყველა დამცველს უძღვნიან.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც მხარს არ უჭერს რუსეთის Swift-დან დაბლოკვას, უნგრეთია.

შეგახსენებთ, რომ SWIFT ფინანსური ინსტიტუტების გაერთიანებაა, რომელიც 1973 წელს შეიქმნა და მისი სათავო ოფისი ბელგიაში მდებარეობს. ის დაცული სისტემაა, რომელიც ერთმანეთთან 11 000 ფინანსურ ინსტიტუტს აკავშირებს 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე. SWIFT ბანკებს აწვდის ინფორმაციას ტრანზაქციის განხორციელებისას. ეს სისტემა უზრუნველყოფს ბანკებს შორის ფულად ტრანზაქციებს. მის გარეშე რუსეთიდან და რუსეთში თანხების გადარიცხვა სხვდასხვაა ტრანზაქციისთვის ვერ მოხდება.

NBC აღნიშნავს, რომ ევროპისა და აშშ-ის მიერ რუსეთის ამ ფინანსური სისტემიდან გაძევება ყველაზე მკაცრი ნაბიჯი იქნება, რისი გადადგმაც შესაძლებელია და ის რუსეთის ეკონომიკას დააზიანებს. აღნიშნული სანქციის გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელსაც განიხილავდნენ, როდესაც მან ყირიმის ანექსია მოახდინა. მაშინ რუსეთი აცხადებდა, რომ მისი SWIFT-დან გამოძევება ომის გამოცხადების ეკვივალენტი იქნებოდა. მედიის ინფორმაციით, რუსეთის SWIFT-დან გაძევებამ შესაძლოა, სხვა ქვეყნების ეკონომიკაც დააზიანოს, მათი, რომელთა საფინანსო ინსტიტუტები რუსულ საფინანსო ორგანიზაციებთან მუშაობენ.