მესამე დღეა უკრაინაში ომის დაწყებიდან. წუხელ კიევს მძიმე ღამე ჰქონდა, თუმცა ვაჟკაცურად გაუმკლავდნენ მტერს. დღესაც მოვიკითხე ჩემი უკრაინელები. ძალიან მხნედ არიან და - შემართებით.
ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც კიევში იმყოფება, მომწერა, დილით კი იყო სროლები, მაგრამ თავშესაფარში არ წავედი. ახლა სიწყნარეა, ამიტომ სამზარეულოში ვარ და სუფს ვამზადებო. მერე დააყოლა, „ლილიპუტ პუს“ (ალბათ, მიხვდით, პუტინს გულისხმობდა - ი.ხ.) კი ძალიან უნდოდა, უკრაინა და უკრაინელები გავეხლიჩეთ, მაგრამ სინამდვილეში, კიდევ უფრო გაგვაერთიანაო!
მის შემდეგ დანარჩენ მეგობრებსაც დავუკავშირდი, მათ, ვინც ომის დაწყების დილას მცირეწლოვანი ბავშვების კიევიდან, იქვე, სოფელში გაყვანა მოასწრო.
ვიქტორია სტანისლავივნა:
- ჩვენს თავზეც დაფრინავენ თვითმფრინავები, მაგრამ, საბედნიეროდ, მშვიდობით ვართ, მთავარია, ბავშვები გვყავს უსაფრთხოდ. შენ წარმოიდგინე, შეიძლება დაუჯერებელიც იყოს, მაგრამ რაც დრო გადის, უკეთ ვგრძნობთ თავს, რადგან გამარჯვების რწმენა კიდევ უფრო მეტად გვიძლიერდება. რა თქმა უნდა, ეს აფეთქებები და ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდება, შესაშფოთებელია, მაგრამ მთელი რუსული სისტემა, რომლითაც რუსები უკრაინაში შემოიჭრნენ და ეგონათ, გაგვტეხავდნენ, საწინააღმდეგოდ ამოქმედდა - ჩვენი მამაცი ჯარისკაცები ამით ვერ გატეხეს, პირიქით, ისინი კიდევ უფრო შეუპოვრად იცავენ ჩვენს სამშობლოს. რიგითი ადამიანებიც კი არაფრით აძლევენ საშუალებას ამ სისტემას ჩანაფიქრის ასრულებაში.
რა თქმა უნდა, შეიძლება ადგილ-ადგილ რაღაც პოზიციები დავკარგოთ, მაგრამ მთლიანობაში ერთი წუთითაც არ ვნებდებით მათ შემოტევებს. სწორედ ეს გვაძლევს გამარჯვების საშუალებას. იცი, რა დარწმუნებულები ვართ გამარჯვებაში?! ვიცით, რომ უფალი ჩვენ მხარეს არის და იმასაც ვგრძნობთ, რომ ჩვენ ახლა მხოლოდ უკრაინისთვის კი არ ვიბრძვით, არამედ ვიბრძვით მსოფლიოს ადამიანებისთვის, წესიერი, კეთილი ხალხისთვის, რომლებსაც სურთ, დასწვან, გაანადგურონ ის ბოროტება, რომელიც თავმოყრილია ადამიანში, რომლის სახელის ხსენებაც კი არ მინდა!
ვლოცულობთ ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ვცდილობთ, მათი შემართება კიდევ უფრო ავამაღლოთ; ვწერთ ჩვენს ნაცნობ რუსებს, რომ ისინიც გამოვიდნენ და გააპროტესტონ ეს ომი; ჩვენი ყველა ახლობელი, ვისაც როგორ შეუძლია, გვიგზავნის სხვადასხვაგვარ დახმარებას, ფულსაც კი. ამიტომ მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. აი, ნახავ, ძალიან მალე ჩვენც შევხვდებით ერთმანეთს ან კიევში, ან თბილისში. როდესაც აქ ჩამოხვალ, თავად დაინახავ, რომ აქ ახალი უკრაინა იქნება, უფრო ძლიერი და მშვენიერი.
ჩვენ ეს ომი როგორმე უნდა გადავიტანოთ, დაველოდოთ გაზაფხულს, გვექნება სიძნელეები, დანაკარგები, მაგრამ გვექნება უკეთესის იმედიც! ვლოცულობთ ცოცხლებზე და ვლოცულობთ დაღუპულებზე, რომლებიც ჩვენი გმირები არიან, ქედს ვიხრით მათ წინაში და არასდროს დავივიწყებთ!
- თითოეული თქვენგანის, თითოეული უკრაინელის სულის სიმტკიცე და შემართება მართლაც საოცარია... ძალიან ძლიერი ადამიანები ხართ...
- შოკში ვართ და - ძალიან ბედნიერები, როდესაც დავინახეთ, ჩვენს მხარდასაჭერად რამდენი ქართველი გამოვიდა. შენ და შენი კოლეგებიც ჩვენთან ერთად იბრძვით - თქვენი სიტყვა ძალიან მძლავრი იარაღია ომის წინააღმდეგ! რომ იცოდე, ჩვენი შემართებით, იცი, რამდენ რუსს მიეცა ჩვენი თანადგომის სურვილი? იცით, რამდენმა რუსმა გააპროტესტა ეს ომი?
მაგალითად, დონის როსტოვიდან ჩვენი ბევრი ახლობელი გვწერდა, რა მაგრები არიან ქართველები, რამდენი ადამიანი გამოვიდა თქვენს მხარდასაჭერადო. ჩვენც სტიმულისთვის მივწერეთ, თქვენც ასე უნდა მოიქცეთ და გააპროტესტოთ-თქო. ეს ხომ ჯაჭვური რეაქციაა - ეს აღტკინება გადამდებია! ვლოცულობთ და მოვუწოდებთ მთელ მსოფლიოს - გამოფხიზლდით, გაიღვიძეთ უკრაინასთან ერთად!
ავტორი: ირმა ხარშილაძე