ავტორი:

მძიმე ღამე უკრაინაში - რა ხდებოდა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში და როგორია ვითარება ახლა

მძიმე ღამე უკრაინაში - რა ხდებოდა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში და როგორია ვითარება ახლა

უკრაინამ კიდევ ერთი მძიმე ღამე გადაიტანა. მთელი ღამის განმავლობაში შეტაკებები მიმდინარეობდა სხვადასხვა ქალაქში და ზოგიერთ ადგილას საომარი მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

ბოლო ცნობების მიხედვით, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალიზაციის ხმა ვრცელდება უკრაინის სულ მცირე ორ ქალაქში: დასავლეთში - რივნეში და ჩრდილო-დასავლეთით ლუცკში.

მოქალაქეებს მოუწოდებენ თავი უსაფრთხო თავშესაფარს შეაფარონ.

  • რუსულმა ძალებმა კიევში რადიოაქტიური ობიექტი დაბომბეს

რუსული რაკეტები კიევში, რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ობიექტს მოხვდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რადიაციული მონიტორინგის ავტომატური სისტემა მწყობრიდან არის გამოსული. მაგრამ სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს ჭურვების ვარდნა", - აცხადებენ უწყებაში.

სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი სააგენტოს წინასწარი შეფასებით, სანიტარიული დაცვის ზონის გარეთ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ პეჩერსკაიას მეტროსადგურთან რადიაციული ფონი ნორმალური და უცვლელია.

გარდა ამისა, კიევში რუსი ოკუპანტების დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა, დაღუპულია სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავტომობილში ოჯახის 5 წევრი იჯდა, დაიღუპნენ მშობლები და მეოთხე კლასელი გოგონა, ორი ბავშვი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებული ბავშვების მდგომარეობა მძიმეა.

  • ხარკოვში რუსულმა ძალებმა 9-სართულიანი შენობა დაბომბეს, გარდაცვლილია ერთი ადამიანი

უკრაინის ქალაქ ხარკოვში რუსი ოკუპანტების მიერ ნასროლი ჭურვი 9-სართულიან შენობას მოხვდა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მაშველებმა კორპუსიდან 20 ადამიანის ევაკუირება მოახდინეს. გარდა ამისა, ხარკოვში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა გაზსადენი ააფეთქეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სპეციალური კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • რუსულმა ჯარებმა სუმიში საცხოვრებელი უბნები დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა ქალაქ სუმიში საცხოვრებელი უბნები დაბომბეს, ინფორმაციას Censor.NET-ი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაბომბვის შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. ამასთან, დაჭრილია ქალი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.