ავტორი:

"ნებისმიერი სხვა ქალაქიც გვაწყობდა, რომლის ტერიტორიიდან რაკეტებს ჩვენკენ არ ისვრიან" - ზელენსკი მინსკში მოლაპარაკების გამართვაზე პესკოვს პასუხობს

"ნებისმიერი სხვა ქალაქიც გვაწყობდა, რომლის ტერიტორიიდან რაკეტებს ჩვენკენ არ ისვრიან" - ზელენსკი მინსკში მოლაპარაკების გამართვაზე პესკოვს პასუხობს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მინსკში მოლაპარაკებების გამართვა შესაძლებელი იქნებოდა, თუკი რუსეთი ბელარუსის ტერიტორიიდან არ დაესხმებოდა უკრაინას თავს.

"თქვენი ტერიტორიიდან აგრესიული ქმედება რომ არ მომხდარიყო, შეგვეძლო მინსკში გველაპარაკა. მოლაპარაკებების ადგილად სხვა ქალაქების გამოყენება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, გვინდა შეხვედრა, გვინდა ომის დასრულება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბული, ბაქო - ჩვენ შევთავაზეთ ისინი რუსებს. ნებისმიერი სხვა ქალაქიც გვაწყობდა - ქვეყანაში, რომლის ტერიტორიიდან რაკეტებს ჩვენკენ არ ისვრიან. ეს არის ერთადერთი გზა, რომ გულწრფელი მოლაპარაკებები და ომის დასრულება შესაძლებელი იყოს“,- განაცხადა ზელენსკიმ ბელარუსი ხალხისადმი მიმართვაში.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში უკვე ჩავიდა.

  • გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის მოქალაქეებს მიმართა. ზელენსკის განცხადებით, ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ჯარები უკრაინაში რაკეტებს უშვებენ, რის შედეგად იღუპება ხალხი და ნადგურდება სახლები.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, გუშინდელი ღამე სასტიკი იყო.

"დღეის სიტუაციით ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი ობიექტი, რომელსაც ოკუპანტები არ თვლიან მართებულ სამიზნედ, ყველას ებრძვიან, ყველა ცოცხალ არსებას ებრძვიან - საბავშვო ბაღებს, საცხოვრებელ კორპუსებს და სასწრაფო დახმარების მანქანასაც კი. ისინი იყენებენ სარაკეტო არტილერიას, რაკეტებს მთელი ურბანული ტერიტორიების წინააღმდეგ, რომლებსაც არ აქვთ და არასდროს ჰქონიათ სამხედრო ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ქვეყნის ბევრი ქალაქი ახლა უბრალოდ გადარჩა.

"ომში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, თქვენ (ბელარუსი) ჩვენთან ერთ მხარეს არ ხართ. თქვენი ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ჯარები უკრაინაში რაკეტებს უშვებენ. ჩვენი შვილები თქვენი ტერიტორიიდან იღუპებიან, ჩვენი სახლები ნადგურდება, ისინი ცდილობენ ააფეთქონ ყველაფერი, რაც აშენებულია ათწლეულების განმავლობაში - და, სხვათა შორის, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი მამების, ჩვენი ბაბუების. ეს ყველაფერი ასევე დე ფაქტო რეფერენდუმია თქვენთვის, ბელარუსელებისთვის. თქვენ წყვეტთ ვინ ხართ. თქვენ წყვეტთ ვინ იქნებით, როგორ შეხედავთ თქვენს შვილებს თვალებში, როგორ შეხედავთ ერთმანეთს, მეზობლებს. ჩვენ თქვენი მეზობლები ვართ. ჩვენ უკრაინელები ვართ. იყავი ბელარუსი და არა რუსეთი! ამ არჩევანს თქვენ ახლა აკეთებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.