ავტორი:

რა არის Swift-ი, რატომ ითვლება Swift-იდან გათიშვა ყველაზე მკაცრ სანქციად და რა ფინანსური ზიანი მიადგება რუსეთს სისტემიდან მოხსნით?

რა არის Swift-ი, რატომ ითვლება Swift-იდან გათიშვა ყველაზე მკაცრ სანქციად და რა ფინანსური ზიანი მიადგება რუსეთს სისტემიდან მოხსნით?

უკრაინაში რუსულ სამხედრო ინტერვენციას დასავლეთის მხრიდან რუსეთისადმი მკაცრი სანქციების დაწესება მოჰყვა. ერთ-ერთ მთავარ და ყველაზე მკაცრ სანქციად რუსეთის საერთაშორისო გადახდის სისტემიდან, Swift-იდან გათიშვა მიიჩნევა.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დასავლური ქვეყნის ლიდერი თავდაპირველად ამის წინააღმდეგი იყო, საბოლოოდ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა მოკავშირეებმა კონსესუსს მაინც მიაღწიეს. თუმცა საინტერესოა, რომ საუბარია Swift-იდან არა ყველა რუსული ფინანსური ინსტიტუტის, არამედ ზოგიერთი ბანკის გათიშვაზე.

ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს დარტყმა მიაყენონ რუსეთის საბანკო ქსელს და შეუზღუდონ ხელმისაწვდომობა სხვადასხვა ფონდებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე, მსოფლიოში ფულის შეუფერხებლად ტრანზაქციაზე.

  • რა არის Swift?

Swift-ი არის გლობალური ფინანსური არტერია, რომელიც საშუალებას აძლევს ქვეყნებს ფული შეუფერხებლად და სწრაფად გადარიცხონ საზღვრებს გარეთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, Swift-ი არის მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციის საზოგადოება.

ის 1973 წელს ბელგიაში დაფუძნდა და ამ დროისთვის აკავშირებს 11 000 ბანკს 200-ზე მეტ ქვეყანაში. Swift-ს აქვს ერთგვარი მყისიერი შეტყობინებების სისტემა, რომელიც აცნობებს მომხმარებლებს გადახდების გაგზავნისა და მისვლის შესახებ. მისი საშუალებით დღეში იგზავნება 40-მილიონზე მეტი შეტყობინება.

მიიჩნევა, რომ ამ შეტყობინებების 1%-ზე მეტი მოიცავს რუსულ გადახდებს.

  • ვინ და როდის შექმნა Swift-ი და ვინ აკონტროლებს მას?

Swift-ი 1873 წელს იმ ამერიკულმა და ევროპულმა ბანკებმა შექმნეს, რომლებსაც არ სურდათ, რომ ერთ კონკრეტულ დაწესებულებას ჰქონოდა ასეთი სისტემა და მონოპოლია. ქსელს ახლა ფლობს 2000-ზე მეტი ბანკი და ფინანსური ინსტიტუტი. მას ზედამხედველობას უწევს ბელგიის ეროვნული ბანკი მსოფლიოს მთავარ ცენტრალურ ბანკებთან პარტნიორობით - მათ შორის, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო და ინგლისის ბანკი.

Swift-ი ეხმარება უზრუნველყოს უსაფრთხო საერთაშორისო ვაჭრობა მისი წევრებისთვის.

  • 2012 წელი და Swift-იდან გათიშული ირანი

ირანს 2012 წელს აეკრძალა Swift-ის გამოყენება და ეს იყო მის ბირთვულ პროგრამაზე სანქციების შემადგენელი ნაწილი. ამ სანქციის შემდეგ, ირანმა დაკარგა ნავთობის ექსპორტის შემოსავლების თითქმის ნახევარი და საგარეო ვაჭრობიდან 30%.

  • რა გავლენა ექნება რუსეთზე Swift-იდან გათიშვას?

ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რომელ რუსულ ბანკებს ამოიღებენ Swift-დან და ეს სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. როგორც ევროკავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და სხვათა განცხადებაშია ნათქვამი, სანქცია უზრუნველყოფს, რომ "ეს ბანკები გაითიშონ საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან და ზიანი მიადგეთ მათ გლობალურ ფუნქციონირებას.“

ასევე, სანქციის მიზანია, რუსულმა კომპანიებმა დაკარგონ წვდომა Swift-ის მყისიერ ტრანზაქციებზე. ბანკებს სავარაუდოდ, მოუწევთ ერთმანეთთან პირდაპირ კავშირი, რაც შეფერხებებთან და დამატებით ხარჯთანაა დაკავშირებული და საბოლოოდ, შედეგად რუსეთის მთავრობას მნიშვნელოვნად შეუმცირდება შემოსავლები.

აღსანიშნავია, რომ Swift-დან გაძევებით რუსეთს 2014 წელს, ყირიმში შეჭრის შემდეგაც ემუქრებოდნენ, მაშინ რუსეთმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ომის გამოცხადების ტოლფასი იქნებოდა. დასავლელი მოკავშირეები უფრო შორს აღარ წასულან, თუმცა საფრთხემ აიძულა რუსეთი, რომ შეემუშავებინა ტრანსსასაზღვრო გადაცემის საკუთარი სისტემა.

ასეთი სანქციისთვის მოსამზადებლად რუსეთმა შექმნა ეროვნული გადახდის ბარათების სისტემა, რომელიც ცნობილია როგორც Mir, თუმცა მას ძალიან ცოტა უცხოური ქვეყანა იყენებს.

  • რატომ იყო დასავლეთის ქვეყნებში რუსეთის Swift-იდან მოხსნაზე აზრთა სხვადასხვაობა?

ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი და იტალია, წინააღმდეგი იყო რუსეთისთვის ქსეთი სანქცია გამოეყენებინა, რადგანაც რუსეთი არის ევროკავშისთვის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელი და ალტერნატიული მარაგების პოვნა მარტივი არ იქნება.

გარდა ამისა, კომპანიებს, რომლებსაც რუსეთის ვალი აქვთ, უნდა მოეძებნათ ანაზღაურების ალტერნატიული გზები. ზოგიერთი ამბობს, რომ ძალიან დიდია საერთაშორისო საბანკო ქაოსის რისკი.

რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ალექსეი კუდრინი ვარაუდობს, რომ Swift-იდან რუსეთის მოკვეთამ შესაძლოა, რუსეთის ეკონომიკის 5%-ით შემცირება გამოიწვიოს.