უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან დაგეგმილი მოლაპარაკებების შედეგების ნაკლებად სჯერა, თუმცა მზადაა, ომის შესაჩერებლად თუნდ მცირე შანსი გამოიყენოს.
"გულწრფელად ვიტყვი: არც ისე მჯერა ამ შეხვედრის შედეგის, მაგრამ დაე, სცადონ, ისე, რომ მოგვიანებით უკრაინის არცერთ მოქალაქეს არ შეეპაროს ეჭვი, რომ მე, როგორც პრეზიდენტი, არ ვცდილობდი ომის შეჩერებას, როცა იყო შანსი, თუნდ მცირე, მაგრამ მაინც“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ძალიან სერიოზული საუბარი ჰქონდა.
"სატელეფონო საუბარი მქონდა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან. 2 წელი არ გვილაპარაკია, დღეს კი დიდი ხანი ვესაუბრეთ, ძალიან სერიოზულად. დეტალურად ავუხსენი, რომ არ მინდა რაკეტები, თვითმფრინავები, შვეულმფრენები ბელარუსიდან უკრაინაში მოფრინავდნენ. არ მინდა, ბელარუსიდან უკრაინაში ჯარები მოდიოდნენ და მან ამაში დამარწმუნა",- აღნიშნა ზელენსკიმ.