გასული ღამე უკრაინისთვის შედარებით მშვიდი იყო, თუმცა ზოგიერთ ადგილას ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევსა და ხარკოვში გვიან ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა. "მანამდე, უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე საათის განმავლობაში სიმშვიდე იყო“, - აცხადებენ კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურში.
ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბელარუსიდან უკრაინის მიმართულებით მოიერიშე თვითმფრინავები მიფრინავდნენ.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი და გამაფრთხილებელი სიგნალი დღეს დილით ჩაირთო. თუმცა ამ წუთის მდგომარეობით დედაქალაქში სიმშვიდეა.
უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა. დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
უკრაინული მედია სპეციალური კავშირისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, როომ რუსეთის არმიამ ნიკოლაევის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
ნიკოლაევსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის ინფორმაციით, ოკუპანტები აეროპორტს სამჯერ დაესხდნენ თავს. მისი თქმით, ჭურვები მოხვდა ასაფრენ ბილიკსა და პერონს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოკუპანტებმა დაბომბეს ზაპაროჟიეს აეროპორტის ტერიტორია.
უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის ძალებზე წარმატებული იარიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, კვირას, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელეს კადრები, სადაც ნაჩვენებია ჯავშანტექნიკის განადგურება უპილოტო საფრენი აპარატის მიერ.
უკრაინული მხარის განცხადებით, აღნიშნული იერიში რუსული BUK-ის ტიპის სარაკეტო სისტემის წინააღმდეგ განხორციელდა.
შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ "დრონით" თავდასხმა ქალაქ მალინთან, კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 100 კილომეტრში მოხდა. ინფორმაციისთვის, უკრაინის მთავრობამ თურქეთიდან Bayraktar TB2 "დრონების" მიღება გასულ წელს დაიწყო.