უკრაინის დელეგაცია უკვე ბელარუსშია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამასთან, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკის ინფორმაციით, შეხვედრა მოსკოვის დროით 12:00 საათზე უნდა დაიწყოს.
"სულ ახლახანს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ისინი რამდენიმე წუთში ჩამოვლენ, შესაბამისად, 12:00 საათისთვის მივუსხდებით მოლაპარაკებათა მაგიდას“, - აღნიშნა მან.
მედინსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული მხარე "რუდუნებითა და მშვიდად“ ელის უკრაინულ დელეგაციას, რომელიც მისი ინფორმაციით, საკმაოდ მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი.
"უკვე ერთი დღე-ღამეა, რაც ბელარუსში ვიმყოფებით, გუშინდელი დღის შემდეგ უკრაინასთან შეთანხმებულ ადგილას ვართ. სამწუხაროდ, უკრაინის დელეგაციის ჩამოსვლის დრომ რამდენჯერმე გადაინაცვლა რთული ლოჯისტიკის გამო,“ - განაცხადა რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა.
მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრების ვინაობა ცნობილია. მასში შედიან:
ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავიდ არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრეჩეველი მიხეილ პოდოლიაკი, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი , სახალხო დეპუტატი რუსტემ მეროვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი ტოჩიცკი. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოლაპარაკების საკვანძო თემა იქნება ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტა და რუსული ჯარის ტერიტორიიდან გაყვანა.
აღსანიშნავია, რომ დელეგაციის ერთ-ერთი წევრი დავიდ არახამია მოლაპარაკებების მოლოდინთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ამ შინაარსის პოსტს აქვეყნებს: "მოლაპარაკებები ან სწორი მიმართულებით წავა, ან ისე, როგორც რუსული სამხედრო გემი", - წერს არახამია.