"მე ვარ ამ პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული ვიცე-პრემიერი. მე ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც აჟღერებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი", - ასე უპასუხა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.
მისი თქმით, ეროვნული ინტერესი არის ამ ქვეყანაში ომის დაუშვებლობა და ყველა იმ განცხადებას, რომელსაც აკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ამ განცხადებების უკან მთელი მთავრობა ერთსულოვანია.
"მე ვარ ამ მთავრობის წევრი. მე ვარ ამ პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული ვიცე-პრემიერი და რა თქმა უნდა, მე არ ვარ - "ც “. მე ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც აჟღერებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს მარტივ რამეს, რომ ომის ის მასშტაბი, რაც სამწუხაროდ ჩვენს კონტინენტზე გაიშალა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკრაინაში, ამის გაჩერება საეჭვოა, შეეძლოს იმ სანქციებს, რომლებიც ამუშავდა. საეჭვოა, ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს. საქართველოს აქვს ის შესაძლებლობები, რაც აქვს. მე მესმის, რომ მტკივნეულია, თქვენთვის, მოისმინოთ ყურში, რომ საქართველო არ არის ყოვლისშემძლე, საქართველო არის პატარა ქვეყანა, საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა და ჩვენ გამოვლილი გვაქვს ის, რასაც ახლა გადის ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხი, ამიტომ ცოტა სხვანაირად გავაანალიზოთ მოვლენები, გავაგრძელოთ ბოლომდე, რასაც შევძლებთ, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი. ეროვნული ინტერესი არის, ამ ქვეყანაში ომის დაუშვებლობა და რა თქმა უნდა, ყველა იმ განცხადებას, რომელსაც აკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ამ განცხადებების უკან მთელი მთავრობა ვართ ერთსულოვანი“, - განაცხადა წულუკიანმა.