ავტორი:

"საქართველო ევროკავშირის ამ "ღია კარში“ აუცილებლად უნდა შევიდეს" - რამდენად რეალურია უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულად მიღება და რა ელის ჩვენს ქვეყანას?

"საქართველო ევროკავშირის ამ "ღია კარში“ აუცილებლად უნდა შევიდეს" - რამდენად რეალურია უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულად მიღება და რა ელის ჩვენს ქვეყანას?

"ეს გადამწყვეტი მომენტია, როცა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიხუროს ხანგრძლივი დისკუსია და უკრაინის ევროკავშირში მიღება გადაწყდეს. უკვე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, დამატებით დახმარებასა და ქვეყნის თავისუფალი მომავლისთვის უკრაინელების გმირულ ბრძოლაზე”,- ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ეკუთვნის.

რუსეთის უკრაინაში შეჭრისას, თავდაპირველი დაბნეულობის შემდეგ, დასავლელი ლიდერები გამოცოცხლდნენ და სხვადასხვა მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგეს. გასული წლის ბოლოს ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულადი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას შორეულად მიიჩნევდა, თუმცა ახლა მოცემულობა შეიცვალა. "უკრაინა ერთ-ერთი ჩვენთაგანია და გვინდა, რომ ევროკავშირში იყოს", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა “ევრონიუსთან” ინტერვიუში, თუმცა დაჩქარებულ გაწევრიანებაზე დანამდვილებით არაფერი უთქვამს.

ხსენებული იდეა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ წამოჭრა, თუმცა საქართველო ამ კონტექსტში ისევ არ უხსენებიათ. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას აკეთებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება იმისთვის, რომ თუ მართლაც დადგა დღის წესრიგში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანება, ეს გადაწყვეტილება საქართველოზეც გავრცელდეს. "ხელისუფლებას მოვუწოდებ, გამოიყენოს ისტორიული შანსი და ოფიციალური თხოვნით მიმართოს ევროკავშირს, საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით", - ეს განცხადება ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაავრცელა.

რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით პრემიერი ღარიბაშვილი ერთგვარად ფრთხილ ტაქტიკას არჩევს, თუმცა ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსი დეკლარირებულია და როცა დიდი შანსია, ევროკავშირში დაჩქარებული მიღება ჩვენზეც გავრცელდეს, ამ შანსის არგამოყენება დაუშვებელია.

AMBEBI.GE ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრება:

- უკრაინის ევროკავშირში შესაძლო დაჩქარებული მიღება უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერის ნაწილია და მეორეს მხრივ, რუსეთის ქმედებებზე ერთგვარი პასუხიცაა. მნიშვნელოვანია, რომ თუკი ეს გადაწყვეტილება მიიღება, ის ერთგვარ წყალობად არ აღვიქვათ, არამედ უნდა მივიჩნიოთ, რომ უკრაინამ ეს წევრობა იმ ცვლილებებით დაიმსახურა, რაც ამ ქვეყანაში მოხდა... ჩვენ ვხედავთ დასავლეთის გამოფხიზლების პოლიტიკას და სასიცოცხლოდ აუცილებელია, საქართველო მისი ნაწილი იყოს და ამ ერთიან "ქოლგაში“ მოხვდეს. უკრაინასთან კონფლიქტითა და შემდეგ განვითარებული მოვლენებით რუსეთის ფედერაცია რომ დასუსტებულია, ამას მათი ლიდერების რეაქციებით ვხვდებით. სანქციების მთელი რიგი პაკეტია, მათ შორის swift-იდან გარიცხვაც და შეუძლებელია, ამან მათზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინოს. ვფიქრობ, რომ ევროპელი მეგობრები კარგად იაზრებენ, რომ ამ ყველაფერში საქართველო და მოლდოვაც უნდა ჩართონ...

- როგორი პოლიტიკა უნდა წარმართოს საქარათველოს ხელისუფლებამ, რათა ამ პროცესის მიღმა არ დარჩეს?

- უნდა წარმართოს პროაქტიური პოლიტიკა და საქართველო ევროკავშირის ამ "ღია კარში“ აუცილებლად უნდა შევიდეს. ჩვენმა ქვეყანამ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ საერთო ევროპული ოჯახის წევრობა დაემსახურებინა, ამისთვის ბევრი სისხლიც გაიღო და რეფორმებიც განახორციელა...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი დანიშნულება მაინც ისაა, საზოგადოებრივი ნების აკუმულირება მოახერხოს, რაც "ევროპულ ოჯახში“ გაწევრიანებას გულისხმობს და შემდეგ ეს ნება აღასრულოს. რაც პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინის დაჩქარებული მიღების საკითხი დააყენა, იმის შემდეგ ვამბობ, რომ მთელმა ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა, მათ შორის, ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირებმა, საერთო ძალისხმევითა და განცხადებით უნდა იმოქმედონ.

ევროპული მატარებელი დაძრულია და ის აუცილებელია, რათა მოსალოდნელ კატაკლიზმებს გადავურჩეთ. საქართველოს მხრიდან შესაძლოა, საჭირო იყოს ხელმოწერების შეგროვება, პარლამენტის მიერ შესაბამისი რეზოლუციის მიღება და ა.შ. ვერ წამომიდგენია, რომ ამაზე "ქართული ოცნებამ“ უარი თქვას.

ერთმანეთთან ზურგის შექცევის დრო რომ არაა, ამის მაგალითადაც უკრაინა გამოდგება, როცა პეტრე პოროშენკოც, რომელზეც საქმეა აღძრული, ხელისუფლებასთან ერთად, საერთო მიზნისთვის იბრძვის...

ფაქტია, დღეს დასავლეთის ერთიანობა სანაქებოა. ამავდროულად, რუსეთი ისეთი საშიშია, როგორც არასდროს. პუტინისთვის სიკვდილ - სიცოცხლის საკითხია - მას რუსეთში მარცხს არ აპატიებენ. დასავლეთის უმთავრესი ამოცანა ახლა დამატებითი ძალებით უკრაინის დახმარება უნდა იყოს...

ჩვენს ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით კაპიტულანტურ განწყობებს არ ვეთანხმები. იმაზე ფიქრი, რუსეთისთვის რა უფრო გამაღიზიანებელი იქნება და მოსალოდნელი შიშით იმ მიზნებზე თქვა უარი, რისთვისაც ამდენი წელია იბრძვი, წარმოუდგენელია. თუ მონობას აპირებს, მაშინ აზრი არაფერს აქვს...

უკრაინამ დაამტკიცა, რომ მებრძოლი ერია და ჩვენც ამ სულისკვეთების მატარებლები ვართ. სასიამოვნოა, რომ ქართველი ხალხი ხელისუფლების ნაბიჯებს არ ელოდება და აქტიურობს - ევროპის ქალაქებში მასშტაბური აქციები სწორედ თბილისის მოვლენით იყო ინსპირირებული.

  • დასკვნის მაგიერ:

დაველოდოთ, პოლონეთის პირველი პირის იდეას რა გაგრძელება მოჰყვება. ჯერ უკრაინის მიმართულებით და ამავდროულად, რამდენად იქნება აქტიური ძალისხმევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. 2008 წელს ევროპელი ლიდერების მხრიდან საჭირო სითამამის ვერ გამოვლენას, რაც საქართველოსა და უკრაინისათვის "მაპის“ არ მინიჭებას უკავშირდებოდა, ბევრი ექსპერტი საქართველოში აგვისტოს საბრძოლო მოქმედებებს უკავშირებდა. დაველოდოთ, რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი "ნიღბის ჩამოხსნის“ შემდეგ, ახლა რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ვხედავთ, სანქციები ძალიან მრავალფეროვანია, რასაც ბევრი სკეპტიკოსი ვერ წარმოიდგენდა. შესაბამისად, საერთაშორისო მეგობრებისგან უფრო მეტს ველით - არავის უნდა დარჩეს განცდა, რომ მათ პარტნიორებისთვის ბოლომდე არ დაიხარჯნენ.

საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა საინტერესო განცხადება გააკეთა. "ვნახეთ საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციები. გავაგრძელებთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და შევინარჩუნებთ ერთიანობას. ამ მომენტში ერთიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინება, რაც შეგვიძლია გავუგზავნოთ რუსეთს. რომ საერთაშორისო საზოგადოება ინარჩუნებს ერთიანობას ევროპული უსაფრთხოებისა და იმ პრინციპების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის ფრონტზე, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში უსაფრთხოება და კეთილდღეობა შეგვინარჩუნა“, - ბრძანა მან.

ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რომ საქართველო "ერთიან ჯაჭვს“ არ უნდა მოწყდეს და ყველა რესურსი დახარჯოს, რათა დამოუკიდებლობის შემდეგ დასახული მიზნების განხორციელება თუნდაც კრიზისის ფონზე განვითარებული მოვლენებით შეძლოს.

ავტორი: ღვთისავარ ანთაძე