უკრაინელი მესაზღვრეები, რომლებიც რუს ოკუპანტებს კუნძულ ზმეინიზე ებრძოდნენ, ცოცხლები არიან, თუმცა ტყვეობაში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო საზღვაო ძალები ავრცელებს.
"მოხარულები ვართ გავიგოთ, რომ ჩვენი მოძმეები ცოცხლები არიან და კარგად არიან,“- ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალები განმარტავს, რომ რუსული მედია ამ ამბის ინტერპრეტაციას იმგვარად ცდილობს, თითქოს "უკრაინის ხელისუფლებამ დაივიწყა და დაკრძალა თავისი ქვეშევრდომები“.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ოკუპანტმა სრულად გაანადგურა სამხედრო ინფრასტრუქტურა კუნძულზე, შესაბამისად, კავშირი სამხედრო შემადგენლობასთან გაწყდა და მრავალი ცდის მიუხედავად, მათთან კავშირი აღდგენილიყო ვერ მოხერხდა, მუდმივმა დაბომბვებმა რუსული სამხედრო გემებიდან კი საზღვაო ქვეითებისთვის დახმარების გაგზავნა შეუძლებელი გახადა.
ცნობისთვის, აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზმეინის კუნძულზე მყოფი 13 უკრაინელი მესაზღვრე რუსული სამხედრო გემების მიერ განხორციელებული დამბომბვის შედეგად დაიღუპნენ.
ვრცელდებოდა ჩანაწერი, სადაც რუსული საბრძოლო ხომალდიდან მესაზღვრეებს ჩაბარებისკენ მოუწოდებენ.
"გთავაზობთ, დაყაროთ იარაღი და ჩაბარდეთ, თორემ ცეცხლს გავხსნით,“- მიმართეს უკრაინელ მესაზღვრეებს, რომლებიც მოთხოვნას არ დათანხმდნენ.