ავტორი:

"რუსეთის პრეზიდენტის განცხადება ტერორიზმის გამოვლინება და შანტაჟის მცდელობაა" - რა მიზანი აქვს ოკუპანტი პუტინის ბირთვულ მუქარას?

"რუსეთის პრეზიდენტის განცხადება ტერორიზმის გამოვლინება და შანტაჟის მცდელობაა" - რა მიზანი აქვს ოკუპანტი პუტინის ბირთვულ მუქარას?

გუშინ, 27 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა, რომ რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები განსაკუთრებულ რეჟიმში გადავიდნენ. ამის შესახებ მან კრემლში, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენშტაბის უფროსთან, ვალერი გერასიმოვთან შეხვედრაზე განაცხადა. მიზეზად პუტინმა დაასახელა დასავლეთის ლიდერთა "აგრესიული გამონათქვამები“ რუსეთის მისამართით.

"ნატოს წამყვანი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები ჩვენი ქვეყნის მისამართით აგრესიულ გამონათქვამებს უშვებენ, ამიტომ თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს ვუბრძანებ, რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები მორიგეობის საგანგებო რეჟიმში გადავიდნენ“, - თქვა პუტინმა.

დასავლეთის ქვეყნებმა მწვავედ გააკრიტიკეს უკრაინაში რუსეთის შეჭრა. რუსეთის წინააღმდეგ აწესებენ სანქციებს და აცხადებენ, რომ უკრაინას იარაღის მიწოდებას უზრდიან. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ ნატოს სამხედრო მოსამსახურეებს არ გაგზავნიან უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.

როგორც ირკვევა, შემაკავებელ ძალებში შედის სტრატეგიული ბირთვული ძალები, მათ შორის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას მისი საომარის სტრატეგიის ნაწილად და სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზებული ტერორიზმის გამოვლინებად მიიჩნევს, რითაც ის დასავლეთს აშანტაჟებს.

- პირდაპირ უნდა ვთქვათ, ეს არის რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ტერორიზმის გამოვლინება, როდესაც სახელმწიფო მმართველობითი აპარატი საერთაშორისო დონეზე მონაწილეობს სახელმწიფოთა მეთაურების, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, საზოგადოების შანტაჟსა და ტერორიზმში. რეალურად, მიმდინარეობს ბრძოლა ორ ფრონტზე ეს არის უშუალოდ უკრაინა და საერთაშორისო ასპარეზი. რამდენად შორს წავა პუტინი, ეს დამოკიდებულია იმ მყარ პოზიციაზე, რომელსაც ამერიკა და განვითარებული ევროპული სახელმწიფოები დაიკავებენ. მაინც ვფიქრობ, რომ პუტინის შანტაჟი მათზე, ე.წ. კომფორტის ზონაზეა გათვლილი იმიტომ, რომ დანარჩენ პოსტსაბჭოურ სივრცეზე (სადაც კონფლიქტები აქვს რუსეთის ფედერაციას, ისედაც ტერორიზებულია მოსახლეობა, ანექსირებულია ამ ქვეყნების მნიშვნელოვანი ტერიტორიები) უკვე "მოგვარებული“ აქვს საქმე. მაინც მივიჩნევ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არასაკმარისი ღონისძიებები განახორციელა აღნიშნული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

- რუსეთის ლიდერმა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე დოქტრინაში რა წერია, არ იცის? თავდამსხმელ ქვეყანას აქვს მისი გამოყენების უფლება?

- განვითარებული მოვლენების ანალიზი აჩვენებს, რომ კანონიერ ქმედებებთან დაკავშირებით ილუზიები არ უნდა შევიქმნათ, უკრაინასთან საომარი მოქმედებებით ყველა საერთაშორისო ნორმა დარღვეულია. უკრაინისა და საქართველოს გაერთიანება ნატოში შესაძლოა რუსეთის ფედერაციისათვის აღიქმებოდეს საფრთხედ, მაგრამ პუტინის ქმედებები ყველა ჩარჩოს გასცდა და საომარ მოქმედებამდე სადაზვერვო პროპაგანდის კონტექსტში მისი უშუალო გამოსვლა, მისთვის სასარგებლო საერთაშორისო აზრის მობილიზებისათვის საკმარისი არ იყო. ზოგადად, კონკრეტულ სახელმწიფოზე ზეგავლენისათვის სახელმწიფოები სადაზვერვო მეთოდებსა და ხერხებს იყენებენ, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით რუსეთს გარკვეული ვაკუუმი ჰქონდა შექმნილი, რაც უკრაინასთან დაკავშირებით, მისი მხარდაჭერის თვალსაზრისით, უცხო ქვეყნების სადაზვერვო აქტივობების დამსახურებაცაა. როდესაც სახეზეა საომარი მოქმედებების ინსპირირება, ამ დროს სამართალზე, სამწუხაროდ, ლაპარაკი გვიანია. აღარ აქვს მნიშვნელობა, გარკვეული პერიოდი მაინც, არც საერთაშორისო აქტებს, რა წერია დოქტრინაში, რაც ომისა და მშვიდობის პროცესში ნაკლები დამაზიანებელი შედეგების მაორგანიზებელია, რადგან საშინელ ძალასთან და უმძიმეს საომარ კონფლიქტთან გვაქვს საქმე.

- კიდევ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შეაჩერონ ეს პროცესი და აგრესორი?

- ყველა განვითარებულ ევროპულ ქვეყანას გააჩნია სადაზვერვო სამსახური, არსებობს ამ სამსახურის მეთოდოლოგია, ტაქტიკა, ხერხები, რომლითაც სპეცსამსახურები ებრძვიან ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერებსა და წვერებს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ანალოგიური მეთოდოლოგია უნდა იქნას გამოყენებული რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში. თუკი ვსაუბრობთ იმაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეს არის ტერორისტული ზემოქმედება უკრაინასთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან მიმართებაში, უნდა მოექცნენ ისე, როგორც ექცევიან ტერორისტულ ორგანიზაციებს. რაც მეტი დათმობა იქნება, მით უარესი. დღეს სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან ვხედავთ არათანაბარი რეაგირების ზომებს, მათ შორის არიან ნეიტრალური სახელმწიფოები, რომლებიც არ აფიქსირებენ პოზიციას, ან დეკლარირებული პოზიციისა, რომ ისინი აქტიურად არ ერევიან კონფლიქტში. ასე რომ, მოვლენათა განვითარება წინ გვაქვს. სამწუხაროდ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციები შეიცავს სადაზვერვო ხასიათის პროპაგანდისტული საქმიანობის შედეგად მიღებულ მონაცემებს, ის ინფორმაციები, შესაბამისად, ყველა მიმართულებით პერსპექტიული მიმართულების მსჯელობისას გამოყენებადი ტერმინი, მაღალი ალბათობით უნდა იყოს.

ის, რაც ხდება უკრაინაში, პირდაპირ კავშირში იქნება საქართველოსთან არა მარტო პოლიტიკური და სამხედრო, არამედ ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართულებითაც. ალბათ ყველაფერი ეს გათვლილი იყო. ზოგადად, საომარი მოქმედებები არ იწყება მეცნიერული კვლევების, ოპერატიული ინფორმაციების მყარი ანალიზის გარეშე, ასე რომ, მაღალი ალბათობით, ყველაფერი გათვლილია და არ ვიცი, რამდენად საკმარისი პოზიცია ექნება უკრაინას იმ მოლაპარაკებების დროს, რათა გარკვეული სარგებელი ნახოს.

ბირთვული შეიარაღების მზადყოფნაში მოყვანის შესახებ პუტინის განცხადება მიმართული იყო უკრაინის, აშშ-სა და დასავლეთის სახელმწიფოებისკენ. მისი მიზანი იყო, რომ ქვეყნებმა თავისი პროტესტები შეარბილონ, შესაძლოა საზოგადოების აზრმა აიძულოს ხელისუფლებები, ნეიტრალურები გახადონ ამ ვითარებაში, ან შეამცირებინონ გარკვეული ზემოქმედების მასშტაბები. "კომფორტს“ აქვს ის დამაზიანებელი თვისებაც, რომ ამ პირობებში მცხოვრები ხელისუფლებები და საზოგადოება ვერასოდეს ეგუებოდნენ და ეგუებიან მის დაკარგვას, სულ მცირე "კომფორტის“ შენარჩუნებასაც კი დღევანდელ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

- თავის გადაწყვეტილებებში დასავლეთი უკან დამხევი თუ იყო, ეს გუშინვე უნდა გამოჩენილიყო, მას შემდეგ, რაც პუტინმა ეს განცხადება გაავრცელა...

- ჯერჯერობით ეს არ ჩანს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ასე მარტივად არ ხდება. ვნახავთ, რა ქმედებები მოჰყვება მის განცხადებას "ტერორისტული აქტის სამზადისის“ შესახებ. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ხოლმე ე.წ. ღია ფრონტზე და არ გვაქვს ინფორმაციები იმაზე, რა ხდება ფარულ ფრონტზე. ეს არის არეალი, სადაც საიდუმლო გრიფის ქვეშ ხორციელდება არა მარტო მოლაპარაკებები, არამედ სხვა მნიშვნელოვანი პროცესებიც. ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენთვის ღია წყაროებიდან ხდება ცნობილი მარტო ის, რაც დიდი მასშტაბით შეიცავს სადაზვერვო ინტერესის პროპაგანდისტულ ნიშნებს და არ შეიძლება ზოგადად მსჯელობის მყარი საფუძველი შევიქმნათ, რადგან ეს მსჯელობა მაღალი ალბათობით ფუჭი იქნება.