ავტორი:

"მე ვიხდი ბატონი ყაველაშვილის ნაცვლად ბოდიშს - "ქართული ოცნების" წინააღმდეგ უბინძურესი კამპანიის მთავარი მწარმოებელი პრემიერ-მინისტრია" - დავით უსუფაშვილი

"მე ვიხდი ბატონი ყაველაშვილის ნაცვლად ბოდიშს - "ქართული ოცნების" წინააღმდეგ უბინძურესი კამპანიის მთავარი მწარმოებელი პრემიერ-მინისტრია" - დავით უსუფაშვილი

"რით ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის დაცვას? დემოკრატიული სამყაროს იმედად ვარსებობთ ხომ? და როდესაც დემოკრატიულ, თავისუფალ სამყაროს იმ დონეზე ვემიჯნებით საქმით, როგორც ჩვენ მოვახერხეთ გამიჯვნა და ესაა პრემიერის რიტორიკა, რისი იმედი გვაქვს ხვალ?" - ასე მიმართა "ლელო - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა კოლეგებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

უსუფაშვილმა საზოგადოებას უმრავლესობის დეპუტატის, მიხელ ყაველაშვილის მიერ გამოთქმული უცენზურო სიტყვების გამო ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტში პერსონალური ანგარიშსწორებისთვის მისული არავინ არ არის.

"ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ უმრავლესობის ლიდერი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე დაიწყებდა თავის გამოსვლას. ვერ ვკარგავ ხოლმე ამ იმედებს და არც დავკარგავ არასოდეს ცხოვრებაში. მე ვიტყვი იმას, რაც მათ უნდა ეთქვათ თითოეული მოქალაქისთვის, ყოველი დედისთვის, ბავშვისთვის - იმაზე ბოდიში, რაც მათ მოისმინეს აქ, დარბაზში. მე ვიხდი ჩემი კოლეგა ბატონი ყაველაშვილის ნაცვლად ბოდიშს ყველას მიმართ, ვინც შეურაცხყოფილია ადამიანურად, ინსტიტუციურად, ვისაც ამისი ვალი გქონდათ და ამის ნაცვლად აგრძელებთ და პრაქტიკულად უერთდებით ამ ყველაფერს. რაც უფრო უხეში, უწმაწური სიტყვები იქნება ნახსენები, რაც უფრო მეტად გვიწოდებს ვინმე "არსებას“, "მარაზმატიკს“, ტაში უფრო მეტად მქუხარე იქნება. ეს ყველაფერი გავიგე, მაგრამ აქ ჩვენ არ ვართ ახლა პერსონალური ანგარიშსწორებისთვის მოსული, არც ბატონი თავმჯდომარის ოთახში ვიყავით შესული რამე პერსონალურ-ვიწრო პოლიტიკურისთვის, როდესაც საგანგებო სხდომის თაობაზე შეთანხმებული ტექსტით, შეთანხმებული სცენარით, შეთანხმებული დროშებით, შეთანხმებული დროით ერთიანობის დემონსტრირების ჩვენებისთვის გვინდოდა ამის გაკეთება. ამის ნაცვლად მივიღეთ ჩაკეტილი კარი. დიახ, მე ვადასტურებ იმ უბინძურეს კამპანიას, რომელიც პრემიერ-მინისტრის და "ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმდინარეობს, მაგრამ ვადასტურებ იმასაც, რომ ამის მწარმოებელი მთავარი პირი პრემიერ-მინისტრია, რადგან მისი ყოველი გამოსვლაა ეს კამპანია. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მიმართულია იმ ვიწრო ჯგუფის მიმართ, ვისაც ამის მოსმენა სიამოვნებს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ახლა ამ სუპერდაპირისპირების ფონზე, პარლამენტი ბრიუსელში წასასვლელად ერთობლივი დელეგაციის შექმნაზე უნდა ფიქრობდეს.

"რით ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის დაცვას? დემოკრატიული სამყაროს იმედად ვარსებობთ ხომ? და როდესაც დემოკრატიულ, თავისუფალ სამყაროს იმ დონეზე ვემიჯნებით საქმით, როგორც ჩვენ მოვახერხეთ გამიჯვნა და ესაა პრემიერის რიტორიკა, რისი იმედი გვაქვს ხვალ? სახელმწიფოებრივი ინტერესი ხომ ისაა, რომ საქართველო უნდა გაძლიერდეს? დღეს, როდესაც უპრეცედენტო ერთიანობაა დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს მხრიდან, ხომ შეიძლება ჩვენც გადავდგათ ადეკვატური ნაბიჯები? ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ საჰაერო სივრცის დაკეტვა არაა სწორი, სომხეთის გამო, მაგრამ ხომ შეიძლება ვიფიქროთ სანქციებზე, რომელიც უკვე გვაქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების თემასთან დაკავშირებით? ხომ შეიძლება დონეცკის და ლუგანსკის მიმართ, მათი ამღიარებლების მიმართ გავაკეთოთ სანქციები? ეს არ ანგრევს ეკონომიკას, ეს არ არის სახიფათო. ახლა ამ სუპერდაპირისპირების ფონზე, იქნებ უნდა ვფიქრობდეთ ერთობლივ დელეგაციაზე, რომ ბრიუსელში ჩავიდეთ? იქ ახლა ჩვენი საკითხის განხილვას არავინ აპირებს, მაგრამ იქ უნდა ვიყოთ ფიზიკურად. არის მართლა უბედური ვითარება, მაგრამ ამ ვითარებას ახლავს შანსები და ეს შანსები მხოლოდ ერთად ყოფნით იქნება გამოყენებული და არა ერთმანეთზე შეჯიბრით, ვინ უფრო მაგრად შეიგინება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.