ავტორი:

"სანამ ყაველაშვილი აქ იგინებოდა, ამასობაში ომში მყოფმა ზელენსკიმ შემოგითვალათ, რომ "ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს მაგრად "შეეწერა“ - ლევან ხაბეიშვილი

"სანამ ყაველაშვილი აქ იგინებოდა, ამასობაში ომში მყოფმა ზელენსკიმ შემოგითვალათ, რომ "ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს მაგრად "შეეწერა“ - ლევან ხაბეიშვილი

"მართლა გგონიათ, ვინმეს მიზეზი უნდა აქ შემოსაჭრელად? პუტინს არანაირი მიზეზი არ სჭირდება- ერთადერთმა რამემ შეიძლება შეგიმსუბუქოთ მდგომარეობა, სასწრაფოდ გადააყენეთ პრემიერი ღარიბაშვილი"- ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, როდესაც უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევას გამოეხმაურა.

ამასთან, როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ახლა პარლამენტში კამათის დრო არ არის და საქართველო ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით უნდა იდგეს.

"სანამ ყაველაშვილი აქ იგინებოდა, ამასობაში ომში მყოფმა ზელენსკიმ შემოგითვალათ, რომ "ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს მაგრად "შეეწერა“, ჩვენდა სამწუხაროდ. ეს არის სრული კატასტროფა. უმრავლესობის წევრები დაძარღვულები რომ გამოდიოდნენ, მათ შორის 2008 წლის ომზე რომ საუბრობდნენ, მითხარით, რუსეთისა და ბელორუსის გარდა, საიდან გაიწვია ომში მყოფმა უკრაინამ ელჩი. ნუთუ არ გრცხვენიათ? ამ სამარცხვინო ღარიბაშვილს როგორ ეფარებით, ან იმის ნაცვლად, რომ დაგეგმოთ თქვენი პრემიერ-მინისტრის განცხადებები, გადაფარვა სცადეთ - მდინარაძემ გარჩევა მოაწყო, იქით ყაველაშვილი გინებითაა დაკავებული, ამ დროს უკრაინა იბომბება. პუტინს მიზეზი არ სჭირდება რომელიმე ქვეყანაში შესასვლელად და არც რომელიმე ლიდერი სჭირდება ამისთვის. ნუთუ მართლა გგონიათ ვინმეს, რომ საქმე გამსახურდიაში, შევარდნაძეში, სააკაშვილში ან ივანიშვილშია? ან თუნდაც ზელენსკისა და პოროშენკოში? საქმე არის პუტინში და საქმე არის რუსეთში. ცოცხები გაქვთ აფარებული, თითქოს არაფერ შუაში ხართ. თითქოს ომი არ მიმდინარეობს. 2008 წლამდეც იყო ომი, ახლაც ომია და ყოველდღიურად მიმდინარეობს საქართველოში ოკუპაცია და ყოველდღიურად ჩვენს დებსა და ძმებს აწიოკებენ. გგონიათ, რაკეტებს, რომელსაც უკრაინელ ბავშვებს უმიზნებენ, ჩვენს შვილებს არ უმიზნებენ? როდესაც უკრაინელ ქალებსა და ჯარისკაცებს კლავენ, გგონიათ, რომ ჩვენს ძმებს არ გვიკლავენ? თქვენ გგონიათ - აი ახლა ჩირგვებში დავსხდეთ, არაფერი ვთქვათ - მერე რა? მართლა გგონიათ, ვინმეს მიზეზი უნდა აქ შემოსაჭრელად? პუტინს არანაირი მიზეზი არ უნდა. როდესაც დავრჩებით მარტო ცივილიზებული სამყაროსგან გარიყულები, მერე მართლა "დაგვერხევა“. ახლა უნდა ვიდგეთ ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით, უკრაინის გვერდით. რა დროს კამათია? ასეთი საუბარი უნდა გვქონდეს აქ? ვის "რუსეთუმეობაზე“ საუბრობთ, გავრილოვს, პოზნერს მე ვუმასპინძლე პანდემიის დროს, მე დავატარებდი რესტორანში და მე ვუწელავდი ელარჯს თუ თქვენ?

კობახიძე რომ გამოვიდა და 2008 წლის ომზე საუბრობს, სად იყო ომის დროს, მანახეთ კადრი ან მისი ერთი განცხადება მანახეთ. სად იყო მდინარაძე 2008 წელს? სად იყო ღარიბაშვილი - ეს ბერას ძიძა. სირცხვილია, თავი გეჭრებათ, პრემიერ-მინისტრი თქვენ გჭრით თავს, ნუ იღებთ ამ პასუხისმგებლობას. ერთადერთმა რამემ შეიძლება შეგიმსუბუქოთ მდგომარეობა - სასწრაფოდ გადააყენეთ პრემიერი ღარიბაშვილი“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.