ავტორი:

"პუტინის მზარეულის" მკაცრად გასაიდუმლოებული დაჯგუფება - რა არის ცნობილი "ვაგნერებზე", რომლებიც რუსეთმა უკრაინაში მთავრობის ლიკვიდაციისთვის გაგზავნა

"პუტინის მზარეულის" მკაცრად გასაიდუმლოებული დაჯგუფება - რა არის ცნობილი "ვაგნერებზე", რომლებიც რუსეთმა უკრაინაში მთავრობის ლიკვიდაციისთვის გაგზავნა

რუსეთის ე.წ. კომერციულ სამხედრო დაჯგუფება, რომელიც პუტინის უახლოეს მეგობარს ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინს, იგივე "პუტინის მზარეულს" ეკუთვნის და უკვე რამდენიმე წელია, სხვადასხვა ქვეყანაში კრემლის დავალებას განსაკუთრებული სისასტიკით ასრულებს, უკრაინაში იმყოფება.

უკრაინული მედია The Times-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიევში იმყოფება 400-ზე მეტი დაქირავებული სამხედრო, რომელთაც კრემლისგან მიღებული აქვთ ბრძანება, მოახდინონ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი მთავრობის ლიკვიდაცია "მსუყე ანაზღაურების სანაცვლოდ".

რამდენიმე კვირის წინ ანტიკრემლისტური გამოცემები წერდნენ, რომ პრიგოჟინმა, პუტინის დავალებით, აღნიშნული სამხედროები, რომლებიც ორგანიზაციაში კონტრაქტით არიან მისული, აფრიკიდან გამოიხმეს და დონბასში გაგზავნეს.

დასავლური გამოცემის ცნობით, "ვაგნერები" კრემლისგან ბოლო დავალებას ელოდებიან. მათ სიაში, ზელენსკის გარდა, ოცზე მეტი ადამიანია შეყვანილი. The Times-ის წყაროების ცნობით, გასულ თვეში, უკრაინაში, სხვადასხვა მისიით, 4 000-მდე დაქირავებული ჩავიდა. მათი ნაწილი დონეცკსა და ლუგანსკში იმყოფებოდა.

AMBEBI.GE-ს პუტინის მზარეულის დანაშაულებრივ საქმიანობაზე ადრეც არაერთხელ დაუწერია. novayagazeta.ru წლებია, მუშაობს სამხედრო დაჯგუფების მიერ ჩადენილ საქმეებზე, რის გამოც, არაერთხელ გამხდარან პუტინის პრესსპიკერის, პესკოვის სამიზნე.

რუსული სამხედრო დაჯგუფება ძირითადად მსოფლიოს სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობს. უკრაინაში ისინი ადრეც გამოჩნდნენ, 2014 წელს ევრომაიდნის ოპერაციაში, მაშინდელი პრორუსული ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობდნენ. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, "ვაგნერები" აქტიურად იყვნენ ჩართული სირიაში, ლიბიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სუდანსა, მოზამბიკში მიმდინარე პროცესებში.

novayagazeta.ru-ს ცნობით, ვაგნერებთან დაკავშირებით მალიში, რუსეთსა და საფრანგეთს შორის უსიამოვნებაც კი იყო.

"რუსეთთან ურთიერთობის დასარეგულირებლად, 17 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოიწვია თავისი ჯარები ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც რუსი მეომრები მოქმედებდნენ. საქმე ეხება მალის. მიუხედავად იმისა, პუტინი ყოველთვის კატეგორიულად უარყოფს, რომ ამ დაჯგუფებას რუსეთის სახელმწიფოსთან რაიმე კავშირი აქვს" - წერს გამოცემა.

ირონიული პასუხები ჰქონდა პუტინს სირიასთან დაკავშირებითაც, როდესაც მას ჰკითხეს, რა ფუნქცია ჰქონდათ მათ სირიაში. პუტინმა განაცხადა, რომ სირიაში მყოფი რუსეთის კერძო დაცვის კომპანიების თანამშრომლები საბრძოლო მოქმედებებში კი არ მონაწილეობდნენ, ადგილობრივებთან ერთად, "სახალხო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობდნენ და მათ სამეურნეო საქმეებში ეხმარებოდნენ".

რუსული მედიის ცნობით, "ვაგნერმა" თავისი სისასტიკით თავი ყველაზე მეტად სირიაში გამოიჩინა. იმდენად, რომ 2021 წლის მარტში უჩივლეს სირიაში ჩადენილი წამებისა და მკვლელობებისთვის.

radiotavisupleba.ge-ის მიერ მომზადებული მასალის მიხედვით, რუსული გასამხედროებული ორგანიზაცია სირიაში "იბარებენ გავლენის ზონას, კონტროლზე აჰყავს ტერიტორიები, სადაც ნავთობის ან გაზის საბადოები მდებარეობს, და იცავენ მათ".

მუდმივად ვრცელდებოდა ჩანაწერები, სადაც ისინი სამაგალითოდ სჯიან, წამებით ხოცავენ ადგილობრივებს, შემდეგ კი, ამ ყველაფერს რუსული პროპაგანდისტული მანქანა სირიელი ტერორისტების მიერ ჩადენილად ასაღებს..

"გადატეხეთ პირდაპირ ხერხემალში... რომელი ნაწილის მოჭრით დავიწყოთ?" - ეს და სხვა უსასტიკესი შინაარსის ჩანაწერები თავის დროზე novayagazeta.ru-მ გაავრცელა და აღნიშნა, რომ მასში "ვაგნერების" ქმედებები იყო ჩაწერილი, თუმცა ამ მასალებს, სამწუხაროდ, რუსი საზოგადოების მცირე ნაწილი გაეცნო. დანარჩენებისთვის, პუტინი იმ გმირად რჩებოდა, რომელსაც დასავლეთი, ამერიკული მონსტრი უპირისპირდებოდა... ახლა ისინი იგივეს გასაკეთებლად უკრაინაში გაუშვეს, ოღონდ პირდაპირი დავალება აქვთ, უდანაშაულო ადამიანების, ქალებისა და ბავშვების დახოცვა, რომ უკრაინელების დემორალიზება შეძლონ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, "კადიროვცების" გზას გააყოლებენ" - წერს რუსი ინტერნეტმომხმარებელი ირინა იაგლიკოვა.

მკაცრი გასაიდუმლოების მიუხედავად, "ვაგნერების" საქმიანობა გამოააშკარავეს აფრიკაში. არსებული ინფორმაციით, მათი საკმაოდ მოზრდილი ბაზა, აფრიკის ქვეყნებში სამთავრობო და სამრეწველო ობიექტებს აკონტროლებს. ასევე წვრთნიან და ინსტრუქტაჟს უტარებენ ადგილობრივ სამხედროებს.

მათ სახელს უკავშირდება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გასული წლის ივლისში მომხდარი ინციდენტი, როდესაც საფარიდან მოწყობილი თავდასხმისას მოკლეს დამოუკიდებელი ჟურნალისტები - ორჰან ჯემალი, ალექსანდრ რასტორგუევი და კირილ რადჩენკო, რომლებიც დოკუმენტურ ფილმზე მუშაობდნენ.

"უკვე დგება დრო, როდესაც პუტინისა და მისი სისხლიანი რეჟიმის ყველა შესრულებული და დაგეგმილი საქმე უნდა გაიხსნას და დარწმუნებული ვარ, ნიურნბერგის პროცესი გარდაუვალია... დაკავებების ტალღა რამდენად მასშტაბურია თავადაც ხედავთ, მათ ტერორისტებს უწოდებენ. იმ ადამიანებს კი, ვინც უკრაინის გამო ანტიპუტინისტური პოსტი დაწერა, სახლში მიადგნენ... თითქოს გვეგონა, რომ საშინელებას შეჩვეული ვიყავით, მაგრამ არა, ეს კაცთმოძულე ყველაფერს აკეთებს რეჟიმის შესანარჩუნებლად. იმედია, შორს არ არის ის დრო, როცა ამ კაცობრიობის მტრისგან მსოფლიო და რუსეთიც დაისვენებს - წერს კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი სერგეი გაიდაი.