უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონსულტაციისთვის ელჩი გაიწვია საქართველოდან და ყირგიზეთიდან.
"დაუყონებლივ კონსულტაციებზე გამოვიწვიეთ უკრაინის ელჩი ყირგიზეთში, რადგან ამ ქვეყანამ რუსული აგრესია გაამართლა. ასევე ვიძახებთ კონსულტაციებზე უკრაინის ელჩს საქართველოში, რადგან მოხალისეები არ გამოუშვეს, ასევე სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო", - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.უკრაინა წლების განმავლობაში იყო და არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, თუმცა ხელისუფლების ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და გადაწყვეტილებებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია, რომ მას თურმე თავისი საქმე აქვს, ომი კი უკრაინაშია (?!) საქართველოსვე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სრულიად მიუღებელია.
ევროპის კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ambebi.ge-სთან აფასებს:
"ზელენსკის არ გაუწვევია ელჩები ყველა იმ ქვეყნიდან, რომლებიც სანქციებს არ შეერთებიან. მაგალითად, მოლდოვა არ შეერთებია, მაგრამ არ გაუწვევია, გაიწვია ყირგიზეთიდან, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი რუსეთის აგრესიას უკრაინაში. საქართველოდან ელჩის გაწვევა მან იმით გაამართლა, რომ სანქციებს არშეერთება არასწორი ფორმით იყო გაკეთებული, მან ამას ამორალური პოზიცია უწოდა... ჩემი აზრით, ზელენსკიმ, პირველ რიგში, ეს იმიტომ გააკეთა, რომ საქრათველოს მთავრობამ უკრაინის თვითმფრინავს არ მისცა უფლება აეროდრომზე დამჯდარიყო და საქართველოდან მოხალისეები წაეყვანა.

ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლების მიერ სანქციების სრულად არმიღება, არ იყო წესიერად განმარტებული და ეს პოზიცია, პრინციპში, ჩამოყალიბებული იყო ამორალურად - გამოვიდა ისე, ომი უკრაინაშია და ჩვენ რატომ უნდა დავზარალდეთო. ოღონდ აგრესორი დასაჯოს და შეაკავოს, მთელი მსოფლიო საკუთარ თავს აზარალებს, აქ კი პრემიერის მიერ გაცხადებული იყო, ომი უკრაინაშია და ჩვენ რატომ უნდა დავაყენოთ საფრთხის ქვეშ ჩვენი ეკონომიკაო. ამიტომ უწოდა ზელენსკიმ ამას ამორალური. თავიდან, ვიდრე სანქციებთან დაკავშირებით განაცხადებდნენ, მათ უნდა დაერეკათ ზელენსკისთვის, ბოდიშები მოეხადათ და აეხსნათ, ჩვენ თუ სანქციებს შევუერთდებოდით, როგორი კატასტროფა იქნებოდა ეს ჩვენთან. რუსეთის მხრიდან თუ აგრესიის ეშინიათ, ამაზეც შეეძლო, მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრს დაერეკა უკრაინელი კოლეგისთვის და დიდი ბოდიშით აეხსნა ეს პოზიცია. განცხადებაც უნდა ყოფილიყო ბევრად ფრთხილი, მაგალითად ასეთი: რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზიარებთ ყველა პოზიციას, სიამოვნებით შევუერთდებით სანქციებს, ვმუშაობთ, რომელი მიმართულებით შეგვიძლია შეერთება, და რომლით - არა იმის გამო, რომ ჩვენც დიდი საფრთხის წინაშე ვდგებითო. მოსახლეობისთვის უნდა კარგად აეხსნათ ყველაფერი...
რაც შეეხება მეორე, თვითმფრინავის მიზეზს, მას დაჯდომის უფლებაც კი არ მისცეს... ამას არანაირი გამართლება არ აქვს, იმის გარდა, თუ მოსკოვიდან მიიღებდნენ შეტყობინებას, რომ თუ ეს თვითმფრინავი დაჯდება, აეროპორტს დავბომბავთო. ეს თუ ასე იყო, პირდაპირ უნდა განემარტათ. თუ ასე არ იყო, ეს მართლა ამორალური პოზიციაა და სამარცხვინოა მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო უკრაინას გვერდში უდგას“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.