ავტორი:

"ყველა შევთანხმდით, ჩამოვაყალიბოთ კონკრეტული მოთხოვნები - წავიდეს და თან წაიყოლოს მთავრობა ირაკლი ღრიბაშვილმა" - ხოშტარია

"ყველა შევთანხმდით, ჩამოვაყალიბოთ კონკრეტული მოთხოვნები - წავიდეს და თან წაიყოლოს მთავრობა ირაკლი ღრიბაშვილმა" - ხოშტარია

რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მოთხოვნები წამოაყენა, რომელზეც მისი თქმით, პარტიები და საზოგადოებრივი ჯგუფები შეთანხმდნენ.

ხოშტარიას თქმით, მოთხოვნაა გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობა.

"ჩვენ ღირსების ტესტი ჩავაბარეთ ომის დაწყების პირველივე დღეს. საზოგადოება გამოვიდა, არცერთ პოლიტიკოსს არ მოუხვევია თავისი დღის წესრიგი. ჩვენ ანგარიშს ვუწევთ საზოგადოებაში არსებულ განსხვავებულ განწყობებს, განსხვავებულ მიდგომებს, მაგრამ ჩვენ ანგარიშს ვერ გავუწევთ ღალატს, არ შევეგუებით და დავამტკიცებთ, რომ საქართველო არ არის მოღალატე ქვეყანა.

აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სოლიდარობა არ არის საკმარისი, ღალატის ხაზი გაგვივლეს ჩვენს ქვეყანაშივე, გვითხრეს რომ უკრაინას არ დავუჭერთ მხარს და დაამატეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე არ შევიტანთ განაცხადსო, გვითხრეს რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს წაგვართმევენ. ჩვენ ვართ ღირსების და თავისუფლების მოყვარული ხალხი, რასაც ვაჩვენებთ ღარიბაშვილს და ,,ქართულ ოცნებას”. ამიტომ, ყველა პარტია და საზოგადოებრივი ჯგუფი შევთანხმდით, რომ უნდა ჩამოვაყალიბოთ კონკრეტული მოთხოვნები, რომლის მიღწევასაც ჩვენ აქ ყველა ერთად მოვითხოვთ და აუცილებლად მივაღწევთ.

პირველი, წავიდეს და თან წაიყოლოს მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილმა, მოშორდნენ აქედან. „ქართული ოცნება“ ჩვენ არ წარმოგვადგენს, ამიტომ, უპირველესი მოთხოვნაა მისი წასვლა და ის სირცხვილი, რომელიც მან მოცხო საქართველოს, ჩვენს ისტორიას და მომავალს, ჩვენი ჩამოსარეცხია და ის აუცილებლად უნდა წავიდეს, აღარ უნდა წამოადგენდეს ჩვენს ღირსეულ ხალხს.

ამის შემდეგ ჩვენ უნდა გადავიდეთ ქმედით და კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომ დავეხმაროთ უკრაინას და რეალურად ვიყოთ მათ მიმართ სოლიდარულები. დავუხუროთ ცა რუსეთს, გავუსხნათ ცა უკრაინას.

მესამე, დღეს უკრაინამ საკუთარი მსხვერპლით, რომელიც ხუთი ღამეა ყველას გვატირებს, გახსნა შესაძლებლობები, რომ ჩვენ ყველა ერთად გავხდეთ თავისუფალი ევროპის ნაწილი და ეს შესაძლებლობა, რომელიც გვესიზმრებოდა და ესიზმრებოდა ჩვენს წინაპრებს, დევს დღეს მაგიდაზე. ეს უგნურები ამბობენ, რომ არ გვინდა. ამიტომ, ჩვენი მოთხოვნაა, ამათი წასვლის თანავე საქართველომ შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

არავის აქვს ჯადოსნური ჯოხი, მაგრამ ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ ერთაად დგომით ამ სამივე პირობას მივაღწევთ. პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენს თავზე, არ დავნებდებით, არ დავიღლებით და გავათავისუფლებთ ამ ქვეყნას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.