პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციას აკრიტიკებს.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადებები ჯამში საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ იმიჯს და მომავალს.
"ისტორიულად და რუსეთის სამხედრო შეჭრის პირველივე დღიდან, ქართველი ხალხი, როგორც საქართველოს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, აბსოლუტურად და უპირობოდ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და უკრაინელი ხალხის ნებას.
ეს მხარდაჭერა გამოიხატება ყველა ფორმით: განცხადებები, ყოველდღიური დემონსტრაციები, მატერიალური და ჰუმანიტარული დახმარება და ქართველი მოხალისეების ჩართულობა, რომელთაც სურთ იბრძოლონ უკრაინელებთან ერთად.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი უკომპრომისო მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და ყველა ძალას ხმარობს საქართველოს სვლას ინტეგრაციისკენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საჯაროდ აცხადებს, რომ არ უერთდება ევროპულ სანქციებს.
ამით პრემიერ-მინისტრი
1 ეწინააღმდეგება სახალხო ნებას
2 ემიჯნება ევროპის ქვეყნებს
3 აფერხებს ძალისხმევას ევროპული ინტეგრაციისკენ
და საბოლოო ჯამში საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ იმიჯს და მომავალს" - წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქზე".