ავტორი:

"რუსეთი გადაიქცა იმად, რაც მე-2 მსოფლიო ომის დროს გერმანია იყო" - კრემლის აგრესია და გერმანიის შეცვლილი პოლიტიკა: რით აიხსნება ის, რომ მერკელი პუტინის ყველაზე ერთგული მოკავშირე იყო?

"რუსეთი გადაიქცა იმად, რაც მე-2 მსოფლიო ომის დროს გერმანია იყო" - კრემლის აგრესია და გერმანიის შეცვლილი პოლიტიკა: რით აიხსნება ის, რომ მერკელი პუტინის ყველაზე ერთგული მოკავშირე იყო?

"ევროპულ კონტინენტზე მენტალური რევოლუცია დაიწყო“ - ასე შეფასდა ანალიტიკოსების მიერ გერმანიის რუსეთისადმი ლოიალური პოლიტიკიდან გადახვევა. ცნობილია, რომ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური შეჭრა გააპროტესტა და გამოაცხადა, რომ გერმანია მკვეთრად იცვლის პოზიციას. ის გასულ დღეებში მოკავშირეების მიერ კრიტიკის ქვეშ იყო მოქცეული იმის გამო, რომ ბერლინი უარს ამბობდა კიევისთვის როგორც პირდაპირ, ისე ირიბ სამხედრო დახმარების გაწევაზე. რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა არ იყო თანახმა, უკრაინისთვის თავისი იარაღი მიეწოდებინა და სხვა ქვეყნების მიერ გერმანული წარმოების იარაღის მესამე ქვეყნისთვის გადაცემასაც ბლოკავდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, როცა უკრაინის საელჩო საბრძოლო აღჭურვილობით დახმარებას ითხოვდა, გვახსოვს, გერმანია მხოლოდ 5000 ჩაფხუტის გაგზავნით შემოიფარგლა, რამაც უკრაინის მერი ხუმრობის ხასიათზეც დააყენა.

"პუტინის აგრესიამ ჩვენ სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა“, - განაცხადა კანცლერმა ოლაფ შოლცმა და მსოფლიოს გასაკვირად, სახელმწიფო, რომლისთვისაც ორი მსოფლიო ომის გაკვეთილების შემდეგ მშვიდობა და პრაგმატიზმი უზენაესია, აქტიურად ჩაერთო უკრაინის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში - ჯერ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს, შემდეგ სანქციებსაც შეუერთდა დაბოლოს, მოხსნა შეზღუდვა, რომელიც გერმანიაში წარმოებული ლეტალური იარაღის უკრაინისთვის გადაცემას კრძალავდა.

"ამ ვითარებაში ჩვენი მოვალეობაა უკრაინის დახმარება, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმით, მის თავდაცვაში ვლადიმერ პუტინის ჯარის წინააღმდეგ, - განაცხადა ოლაფ შოლცმა და უკრაინას 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და 500 "სტინგერი“ გაუგზავნა.

ოლაფ შოლცი

"სანქციების მიზანია, რუსეთი მმართველობას ვუთხრათ, რომ ამ აგრესიისთვის ბევრის გადახდა მოუწევთ და ვაჩვენოთ, რომ ამ ომის დაწყებით, პუტინმა დიდი შეცდომა დაუშვა“, - განაცხადა შოლცმა.

იმპერიალისტური რუსეთისთვის და "ჰიტლერის მიმდევარი“ პუტინისთვის, რომელმაც "ფეხზე დაიკიდა“ საერთაშორისო სამართალი, ფაქტია, მოულოდნელი აღმოჩნდა გერმანიის პოზიცია და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღშფოთებულმა მარია ზახაროვამ ასეთი განცხადებაც გააკეთა:

"როგორც ხშირად მომხდარა ისტორიაში, გერმანიის მიწიდან წამოსული იარაღი ისევ იქნება მიმართული რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ... ნაცისტების თანამზრახველ სტეპან ბანდერას იდეურ მემკვიდრეთათვის იარაღის მიწოდების გამო ნებსით, თუ უნებლიეთ გვიჩნდება რიტორიკული შეკითხვა - რამდენად სრული და დამთავრებული იყო დენაციფიკაციის პროცესი თავად გერმანიაში მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ?“

პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე ჩვენთან საუბარს გერმანული დიპლომატიისა და პოლიტიკის თავისებურებებით იწყებს:

"პრაგმატიზმისა და პასუხისმგებლობის ძალიან მაღალი ხარისხით, გერმანიის დიპლომატია და პოლიტიკა ევროპულ დიპლომატიებში ყველაზე გამორჩეულია. გამორჩეულია გერმანული ხედვა საგარეო პოლიტიკური პროცესებისადმი და მისი დამოკიდებულება საერთაშორისო ვალდებულებებთან. გერმანიის დიპლომატია შეიძლება თამამად შევაფასოთ როგორც მომავლის დიპლომატია, როგორც ერთგვარი პრაგმატიზმის ეტალონი დიპლომატიაში, რომელიც მორგებულია მხოლოდ და მხოლოდ გერმანიისა და, იმავდროულად, ევროპული თანამეგობრობის საუკეთესო ინტერესზე. ხშირად ვლაპარაკობთ იმაზე, რომ გერმანიის დიპლომატია არის მაამებლური, რადგან არ მოგვწონს გერმანიის საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ის ხშირად არ იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენ გვინდა რომ მოვისმინოთ. სინამდვილეში, საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხი:

1. როგორი პოლიტიკური რეჟიმისაც არ უნდა იყოს პარტნიორი, ის აუცილებლად პროგნოზირებადი და წაკითხვადი უნდა იყოს და ვალდებულებები, რომლებიც აღებულია ორმხრივ ურთიერთობებში, სრულდებოდეს.

2. გერმანულ პოლიტიკაში ძალზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მშვიდობის კონცეფციას. თანამედროვე, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანული დიპლომატია და პოლიტიკა მთლიანად აგებულია ამაზე. გერმანიაში დღემდე დიდი სიფრთხილით ეკიდებიან შეიარაღებული ძალების გაგზავნას საზღვარგარეთ, მეომარი მხარეებისთვის იარაღის მიწოდებას, სამხედრო ბიუჯეტის ზრდას, მეტიც, გერმანიის არმიის საზღვრებს გარეთ გამოყენებას სჭირდება ბუნდესტაგის ნებართვა. ასეთი გამონაკლისი იყო აისაპის მისია, სადაც გერმანია დიდი წარმომადგენლობით იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, გერმანიისთვის ზოგადად მიუღებელია ომის პარადიგმა საერთაშორისო ურთიერთობებში. ეს არის სახელმწიფო, რომელმაც ორი მსოფლიო ომი წამოიწყო და ამის შედეგები საკუთარ თავზე იწვნია. გერმანიისთვის ომის დაწყება, ან ომთან დაკავშირებული პროცესები ყოველთვის არის ის თემა, რასაც გერმანია დიდი სიფრთხილით უყურებს. ამ შემთხვევაში ის მთლიანობაში უყურებს იმას, რომ პოლიტიკური პროცესები მაქსიმალურად პროგნოზირებადი იყოს“.

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე საზოგადოებას ახსოვს გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადება, რომელიც მან კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა:

"უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას“, - მისი ეს განცხადება საზოგადოებამ რუსეთისადმი მაამებლურ განცხადებად და ანგელა მერკელის პოლიტიკის გაგრძელებად ჩათვალა. კითხვაზე, რა შეიცვალა დღევანდელ მოცემულობამდე და რით განსხვავდება დღევანდელი გერმანია მერკელის გერმანიისგან, გიორგი გობრონიძე პასუხობს:

"ვერ ვიტყვი, რომ გერმანიის პოლიტიკა შოლცის დროს განსაკუთრებით იცვლება. გერმანია პრინციპების დონეზე დარჩა ამ ყველაფრის ერთგული. საქმე იმაშია, რომ ანგელა მერკელის პოლიტიკა იყო ამ პრინციპებზე აგებული და დაფუძნებული. მის პერიოდში იმავე რუსეთის ფედერაციას არ გაუკეთებია ის, რაც გააკეთა შოლცის პერიოდში. კი ბატონო, ანგელას კანცლერობის პერიოდში რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, მაგრამ, იმავდროულად, თავისი მასშტაბებით და შეჭრის ხარისხით, რუსეთის 2008 წელს საქართველოში შემოჭრა და ახლა უკრაინაში შეჭრა თვისებრივად განსხვავებულია. ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაში, პრაქტიკულად, პოლიტიკური მიზნებიც, აბსოლუტურად, განსხვავებულია იმიტომ, რომ ერთადერთი ლოგიკური პოლიტიკური მიზანი, რაც გააჩნია რუსეთს, არის უკრაინის სახელმწიფოებრიობის მოსპობა. ანუ ამ შემთხვევაში ქვეყანა, რომლის სამშვიდობო პროცესი თუნდაც დანაკარგების და დათმობების ხარჯზე არის უზენაესი, დადგა იმ რისკის წინაშე, რომ ევროპის უდიდეს სახელმწიფოს ებრძვის მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო და ეს ხდება იმ ზონაში, სადაც გერმანია საკუთარ თავს ლიდერად მოიაზრებს.

ვლადიმერ პუტინი და ანგელა მერკელი

არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი მომენტი. როგორ ფიქრობთ, როგორ მოიქცევა სახელმწიფო, რომლისთვისაც მშვიდობა, პასუხისმგებლობა და პრაგმატიზმი არის უზენაესი? მოიქცევა ისე, როგორც მოიქცა შოლცი ამ შემთხვევაში. ანუ გერმანიის პოლიტიკა კი არ შეიცვალა, ამ შემთხვევაში რუსეთი გამოვიდა ყველანაირი საზღვრებიდან და რაციონალური აღქმიდან. ჩეხეთის პრეზიდენტის სიტყვები რომ გავიხსენოთ, მან თქვა - "პუტინთან მოლაპარაკება კი არაა საჭირო, საჭიროა მისი იზოლირება“.

პრაქტიკულად, ევროპულ პოლიტიკაში დღეს პირველად ვისმენთ იმას, რომ რუსეთის მმართველისთვის "გიჟის" დაძახება, ტრენდად გადაიქცა. ვხედავთ, რომ ევროპელი მორიდებული, "მშფოთვარე“ დიპლომატები აღარ ერიდებიან გიჟის, ბარბაროსის, არაადეკვატურის დაძახებას და ახლა სერიული აგრესორი და მანიაკიც გაჩნდა ევროპულ ლექსიკონში. დღეს გერმანია დგას იმ კრიზისის წინაშე, რაც ყველაზე მძიმეა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. პრაქტიკულად, ეს იგივეა, რომ გერმანიამ გაიმეოროს მეორე მსოფლიო ომი. რუსეთი გადაიქცა იმად, რაც გერმანია იყო მაშინ. ასეთი ხუმრობა მოვისმინე პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმომადგენლისგან, - ამასაც თუ მოვესწრებოდი, რას ვიფიქრებდი, რომ გერმანელები უკრაინელებს კიევის რუსებისგან დაცვაში ეხმარებიანო. ანუ სრული ისტორიული ანაქრონიზმი და ანომალია გვაქვს. დღეს, პრაქტიკულად, რუსეთმა ევროპა საერთო ევროპული უღრმესი კრიზისის და, იმავდროულად, მესამე მსოფლიო ომის მოცემულობის წინაშე დააყენა. გავიხსენოთ ბაიდენის სიტყვები: გვაქვს ორი გზა - ან მესამე მსოფლიო ომი, ან პუტინმა გადაიხადოს ფასი. ამ მოცემულობაში შოლცმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რასაც მიიღებდა გერმანია. დღეს რომ კანცლერი მერკელი ყოფილიყო, გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, იგივე იქნებოდა".

ევროპულ კონტინენტზე მენტალური რევოლუცია დაიწყო - ასე შეფასდა ანალიტიკოსების მიერ გერმანიის სოციალ-დემოკრატების რუსეთისადმი ლოიალური პოლიტიკიდან გადახვევა. იმ პოლიტიკიდან, რომლის ერთგულიც ყოფილი კანცლერი იყო და რომელიც მუდმივად ერიდებოდა მთავარი სავაჭრო პარტნიორის გაღიზიანებას, მისი თუნდაც აგრესიული პოლიტიკის მიმართ მაამებლობითა და შემწყნარებლობით გამოირჩეოდა. ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თავის დროზე, გერმანიას "რუსეთის მძევალიც“ კი უწოდა.

მოსკოვი-ბერლინის ურთიერთობებში პირველი ბზარი მაშინ გაჩნდა, როდესაც რუსეთმა ყირიმი დაიპყრო და უკრაინის აღმოსავლეთში “აჯანყებულებს” მხარი დაუჭირა.

ოლაფ შოლცი მოსკოვში

ანგელა მერკელმა აჩვენა, რომ მკაფიო ხაზის გავლებისთვის მზადაა და ჯერ 2015 წელს ანტირუსულ სანქციებს, ხოლო მოგვიანებით, სკრიპალების ბრიტანეთში მოწამვლის საქმეზე დასავლეთის რეაქციას მხარი დაუჭირა. მიუხედავად ყველაფრისა, მერკელს და პუტინს შორის რეგულარული კონტაქტი არ შეწყვეტილა და მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები სულ უფრო და უფრო მტკიცდებოდა.

ბევრ გერმანელს დღემდე მიაჩნია, რომ ცივი ომის დასრულებასა და გერმანიის გაერთიანებაში გადამწყვეტი როლი მოსკოვთან პოზიტიურმა კავშირებმა ითამაშა.

"გერმანია იყო რუსეთის მთავარი პარტნიორი ევროკავშირში ვაჭრობის თვალსაზრისით. ჩვენ მისგან ვითხოვთ, მისივე ეკონომიკა ჩვენი გულისთვის ჩამოაქციოს, რუსული გაზის გამო უარი არ თქვას ჩვენზე და ა.შ. დიახ, უარს იტყვის. ქართულ პოლიტიკურ სპექტრს რომ შეხედავ, მოგინდება რამის მოკლება შენი ქვეყნისთვის, მათ რომ რამე გაუკეთო? სამწუხაროდ, ქართველი ხალხი კი ვართ უკეთესები, ვიდრე ეს პოლიტიკოსები, მაგრამ, სამწუხაროდ, საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკოსები, მთავრობა და უმაღლესი თანამდებობის პირები წარმოგვადგენენ. ის, რომ მერკელი პუტინის ყველაზე ერთგული მოკავშირე პარტნიორი იყო, ეს წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობით აიხსნებოდა. ენერგომატარებლების გარდა, მათთვის საინტერესო იყო რუსული ბაზარი, სადაც ძალიან დიდი მოთხოვნაა გერმანულ პროდუქციაზე. რუსეთის პატრიარქიც კი "მაიბახით“ დაბრძანდება, რუსებს ძალიან უყვართ გერმანიაში ჩასვლა და ნივთების ყიდვა. პარალელურად, გერამანიაში გავრცელებული იყო აზრი, რომ რუსეთის გათიშვა საერთაშორისო პროცესებიდან რუსეთს უფრო აგრესიულს და არაპროგნოზირებადს გახდიდა, ამიტომ ყოველთვის იკავებდა თავს და გერმანია მის ბიზნესინტერესებს ითვალისწინებდა. სხვათა შორის, 2014 წელს, როცა გერმანია ინიციატორი გახდა რუსებისთვის სანქციების დაწესებისა, პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ჩადიოდა ადგილზე და ბიზნესმენებს უხსნიდა სანქციების აუცილებლობას. გერმანია ისე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, იქ არაა პუტინის დიქტატურა, რომ თავისი ბიზნესელიტა ფეხზე დაიკიდოს. პუტინმა რა გააკეთა - იცოდა, რომ სანქციებს დაუწესებდნენ, ეს ვის და სად დაარტყამდა, მაგრამ ყველა ფეხებზე დაიკიდა და სრულ ვა-ბანკზე წავიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუს ხალხს პური გაუძვირდება, საშინლად გაუჭირდება, რაც იქნება პირდაპირ პრეზიდენტის მოქმედებების შედეგი. გერმანია ამას ხომ არ გააკეთებს? რუსებს რომ სანქციები დაუწესო, ეს უნდა იყოს უკიდურესი ფორმა, ამის მიღმა აღარაფერი უნდა დარჩეს“, - გვეუბნება პოლიტოლოგი.

ოლაფ შოლცი და ვოლოდიმირ ზელენსკი

ისიც სათქმელია, რომ გერმანია ყოველთვის სკეპტიკურად იყო განწყობილი საქართველოს ევროკავშირსა და ატლანტიკურ ალიანსში გაწევრების მიმართ. ანალიტიკოსები, თავის დროზე, ჩვენთვის MAP-ის არმოცემასაც ბერლინისა და მოსკოვის განსაკუთრებულ ურთიერთობებს უკავშირებდნენ. გიორგი გობრონიძე სკეპტიციზმის მიზეზებზე საუბრობს და განმარტავს, რა არ იყო (და არის) საკმარისი იმისთვის, რომ გერმანიას ჩვენი ქვეყანა მიეღო და მის ალიანსში მოქცევაზე პასუხისმგებლობა აეღო.

"ჩვენი წარმოდგენა ის იყო, რომ რადგან ამერიკამ დაგვიძახა დემოკრატიის შუქურა, არიქა, მსოფლიო უნდა დაგვეფინოს ფეხქვეშო.

ჯერ ერთი, შუქურა დაგვიძახეს რეგიონში, სადაც გვყავს პუტინი, ერდოღანი, ალიევი და გვყავდა სერჟ სარქისიანი. გადასარევია! ჩვენ რომ ვყოფილიყავით საუდის არაბეთს, ქუვეითს და ყატარს შორის, იქაც ვიქნებოდით დემოკრატიის შუქურა. ახლაც ვართ შუქურა, რა თქმა უნდა, პუტინის გვერდზე დემოკრატები ვიქნებით, სულ რომ აბსოლუტური მონარქია, ან თეოკრატიული მმართველობა დავამყაროთ ქვეყანაში. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ წავიკითხეთ რა იყო ეს გზავნილი.

მეორეც, საქართველოში "ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებას ჰქონდა პრობლემა - პოსტრევოლუციური ეიფორია და გადაწყვეტილების მიღების ინსტიტუციური და დემოკრატიული მექანიზმები ვერ ჩამოყალიბდა ამ ქვეყანაში. ჩვენი მთავარი გამოწვევა გახდა ის, რომ ერთი კაცი ვიწრო წრესთან ერთად იღებდა გადაწყვეტილებას და, შესაბამისად, ჩვენ არ ვიყავით პროგნოზირებად პარტნიორად დანახული გერმანიის მიერ. ამას პლუს, ჩვენი დიპლომატია უფრო მეტად ფოკუსირებული იყო აშშ-ზე, ვიდრე ევროპასა და ევროკავშირზე... აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენთან მიმართებაში იარსებებდა კითხვები და სწორედ ამით აიხსნება გერმანიის ის სკეპტიციზმი. როცა ერთი კაცი, მიხეილ სააკაშვილი იღებდა გადაწყვეტილებას სუპერ საპრეზიდენტო სახელმწიფოში, გერმანიისთვის არ იყო საკმარისი, ეს ქვეყანა მიეღო და მის ალიანსში მოქცევაზე პასუხისმგებლობა აეღო. და დღეს რატომაა სკეპტიკურად? ბატონი ივანიშვილი გადაიქცა სააკაშვილის სუროგატად, ანუ გადაწყვეტილების მიმღებ ერთ კაცად. ისევ ასე შემოგვხედავენ, ვერ ამიხსნია, რატომ გვგონია, რომ გერმანია ვალშია ჩვენთან? გავიგეთ, რომ მოსკოვი გერმანიის მთავარი მიმწოდებელია, მაგრამ გერმანია პირველი ბაზარია რუსეთის და მანამდე რუსეთი თავის პირველ ბაზარზე უარს ხომ არ იტყოდა? შესაბამისად, რატომ გვგონია, რომ ეს გაზის გამო მოხდა?“- გვეუბნება პოლიტოლოგი.