ავტორი:

"ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა მამაცმა მეთაურობამ" - რა წერილი გაუგზავნეს კახა კალაძემ და ტატიანა ბაიდანმა კიევის მერს?

"ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა მამაცმა მეთაურობამ" - რა წერილი გაუგზავნეს კახა კალაძემ და ტატიანა ბაიდანმა კიევის მერს?

ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თბილისის მერმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტმა, კახა კალაძემ და მოლდოვას ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესის (CALM) პრეზიდენტმა, სელმეტის მერმა ტატიანა ბადანმა, კიევის მერს, უკრაინის ქალაქთა ასოციაციის პრეზიდენტს, ვიტალი კლიჩკოს მიმართვა გაუგზავნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ავრცელებს.

როგორც წერილში ვკითხულობთ, მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კიევის მერის მამაცმა მეთაურობამ და ასევე, უკრაინელი ხალხის გმირობამ.

მათივე თქმით, საქართველოდან და მოლდოვიდან ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერები, რუსეთის ფედერაციას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

"ბატონო მერო, ჩვენ, მერები საქართველოდან და მოლდოვიდან, თქვენს გვერდით ვდგავართ, უკრაინისა და მთელი ევროპისთვის ამ რთულ ჟამს. თავზარდაცემულები და დამწუხრებულები ვართ ჩვენი საყვარელი ქალაქის, კიევის და უკრაინის სხვა ქალაქების მძიმე დაბომბვის კადრების ნახვით.

ჩვენი ქვეყნების ყველა მოქალაქე წუხს თქვენი უდანაშაულო მოქალაქეებისთვის თავს დატეხილი უბედურების გამო და გამოხატავს თანაგრძნობას ამ საშინელი ომის მსხვერპლთა მიმართ.

ასეთი არაადამიანური ქმედებები დაუშვებელია 21-ე საუკუნის ევროპაში.

ბატონო მერო, ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა მამაცმა მეთაურობამ და უკრაინელი ხალხის გმირობამ. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა მტკიცედ იდგება თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. ჩვენ, ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერები საქართველოდან და მოლდოვიდან მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას ცეცხლის შეწყვეტისკენ, უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ, არა ომის, არამედ მოლაპარაკებების გზით, პრობლემების მოგვარებისკენ.

ჩვენი ფიქრებით, გულით და ლოცვებით თქვენთან და უკრაინელ კოლეგებთან ვართ”,- ნათქვამია წერილში, რომელსაც კახა კალაძე და ტატიანა ბადანი აწერენ ხელს.