უკრაინამ ომის კიდევ ერთი მძიმე ღამე გადაიტანა. გადავხედოთ გასულ ღამეს განვთარებული მოვლენების ქრონიკას. მედიის ინფორმაციით, მოხდა რამდენიმე ძლიერი აფეთქება, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილებს შორის ბავშვებიც არიან.
წუხელ, უკრაინის დედაქალაქში ძლიერი აფეთქებების სერია იყო. აფეთქებების ხმა კიევის სხვადასხვა რაიონში ისმოდა. ინფორმაციას UNIAN-ი ავრცელებს. BBC -ი კი წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ორი ძლიერი აფეთქება მოხდა ქალაქის ცენტრში, რასაც მოჰყვა კიდევ ორი აფეთქება მეტროსადგურთან.
ქალაქში განგაშია გამოცხადებული. დედაქალაქის ყველა მცხოვრებს მოუწოდეს, სასწრაფოდ შეაფარონ თავი თავშესაფრებს.
ასევე, ოფიციალური პირების განცხადებით, წუხელ აფეთქება იყო კიევის სამხრეთის რკინიგზის სადგურსა და სასტუმრო "იბისას“ შორის, რომლის მახლობლადაც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მდებარეობს. ამის შესახებ "ასოშიეითიდ პრესი“ იუწყება.
პრეზიდენტის იფისში სააგენტოს განუცხადეს, რომ საუბარია სარაკეტო დარტყმაზე. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ქალაქის რკინიგზის სადგურზე აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. "მტერი ცდილობდა ჩვენს ქალაქში გარღვევას, მაგრამ უკრაინელი დამცველები უკუაგდებენ ოკუპანტებს და იცავენ ჩვენს დედაქალაქს“, - განაცხადა კლიჩკომ.
უკრაინული მხარის განცხადებით, კიევში აფეთქება ჩამოგდებულმა საკრუიზო რაკეტამ გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა პოსტი, რომ ნამსხვრევები მილს მოხვდა, რამაც აფეთქება გამოიწვია
რუსულმა ძალებმა ქალაქ სუმში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
"27-ე საარტილერიო ბრიგადის, სუმგუს სამხედრო დეპარტამენტისა და კადეტთა კორპუსის ტერიტორიაზე ძლიერი სარაკეტო შეტევა განხორციელდა. 5 ადამიანი საავადმყოფოშია,“ - წერს სუმის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი ჟივიცკი. აღსანიშნავია, რომ ქალაქ სუმს ამჟამად რუსული ძალები აკონტროლებენ.
ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მერმა ვლადიმერ მაცოკინმა ქალაქზე მტრის მორიგი თავდასხმის შესახებ განაცხადა. როგორც უკრაინული მედია წერს, დაბომბვის შედეგად არის მსხვერპლი.
"იზიუმის მერის მოადგილემ, ვლადიმერ მაცოკინმა განაცხადა, რომ თავდასხმა დაიწყო დაახლოებით 23:59 საათზე, თავდასხმა მაღალსართულიან კორპუსზე მოხდა. მინიმუმ სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა", - ნათქვამია განცხადებაში.
მოგვიანებით მერმა ზარალი დააზუსტა და თქვა, რომ სახლში 6 ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი ბავშვი.
ხარკოვში საჰაერო განგაშის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში, აფეთქების ხმა გაისმა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, საუბარია ორი რაკეტის ჩამოვარდნაზე.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქება მოხდა შევჩენკოს სახელობის ქარხანასთან. აფეთქებას წინ უძღოდა ცაში სამხედრო თვითმფრინავების გამოჩენა. დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
"უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ქალაქში ასევე საუბრობენ იმის შესახებ, რომ პრობლემა შეექმნა მობილურ კავშირგაბმულობას.