ხვალიდან თბილისში, ბელიაშვილის 5 ნომერში, ამოქმედება პუნქტი, სადაც მოქალაქეებსა და ბიზნეს სექტორს უკრაინის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება შეეძლებათ.
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა მოქალაქეებს ლოგისტიკურ ცენტრში არამალფუჭებადი პროდუქტის მიტანისკენ მოუწოდა.
"მინდა ვუსურვო უკრაინას თავისუფლება, დამოუკიდებლობა და მშვიდობა უახლოეს პერიოდში. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ორგანიზებულად შევაგროვოთ დახმარება, რომელიც მათ ბიზნესის და მოსახლეობის მხრიდან გაეწევა. როგორც გახსოვთ, ჩვენ პანდემიის დროს გვქონდა ლოგისტიკური ცენტრი, ბელიაშვილის 5 ნომერში, რომელიც ხვალიდან ამუშავდება და მიიღებს ტვირთებს, როგორც ბიზნესისგან, ასევე, კონკრეტული მოქალაქეებისგან.
ჩვენი თხოვნა არის, რომ მაქსიმალურად იყოს არამალფუჭებადი პროდუქტი, იმიტომ, რომ ძალიან რთულია ამ ეტაპზე ლოჯისტიკურად მიტანა ადრესატამდე ამ პროდუქტის და რომ არ გაფუჭდეს. ასევე, ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე უკრაინის საელჩოსთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტური ლოჯისტიკური გზები ავაწყოთ, იმისთვის რომ მივიდეს ეს დახმარება," - განაცხადა ილია ელოშვილმა.
თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, მათ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ უკრაინის ქალაქებთან და მან მოსახლეობას აქციაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.
"ჩვენ პირველივე დღეებიდან კომუნიკაციაში ვიყავით ჩვენ დამეგობრებულ და პარტნიორ ქალაქებთან, ეს არის ოდესა, კიევი და ხარკოვი. ხარკოვი და კიევი ის ქალაქებია, რომლებმაც ყველაზე მძიმედ იტვირთეს ომი და ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდეს. რეალური საჭიროება არის ამისი, რაც გამოიკვეთა კომუნიკაციიდან. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ ამ აქციაში ჩაერთოს," - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.