ავტორი:

"ბანკომატებში ფული არ არის, ხალხი პროდუქტებს იმარაგებს, ფასებმა მოიმატა... გამოცხადდა განგაში, რომ თითქოს რამდენიმე ადგილას ბომბი იყო" - რა ხდება მოსკოვში?

"ბანკომატებში ფული არ არის, ხალხი პროდუქტებს იმარაგებს, ფასებმა მოიმატა... გამოცხადდა განგაში, რომ თითქოს რამდენიმე ადგილას ბომბი იყო" - რა ხდება მოსკოვში?

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაწესებული უპრეცედენტო საერთაშორისო სანქციების შედეგად, რუსული ბიზნესი მილიარდობით დოლარს კარგავს. გაუფასურდა ქვეყნის ეროვნული ვალუტა, რუბლი. რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების ნუსხა საკმაოდ დიდია და უკვე სანქციებმა ამოქმედებაც დაიწყო. როგორც ჩანს, სანქციების პარალელურად რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკის და სოციალური სფეროს მხარდასაჭერად ზომების მიღებას. "რია-ნოვოსტის" ცნობით, კანონპროექტის თანახმად, წლის ბოლომდე უქმდება შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების მიერ საშუალო და მცირე ბიზნესის შემოწმება, მარტივდება სახელმწიფო შესყიდვები და იზღუდება ქვეყნიდან მედიკამენტების გატანა. ასევე რუსეთის მოქალაქეებს მისცემენ უფლებას, რომ 30 სექტემბრამდე არ გადაიხადონ სესხის პროცენტი. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი უკვე გამოქვეყნდა სახელმწიფო დუმის საკანონმდებლო ბაზაში. მოსკოვში მცხოვრები ადამიანების თქმით, თითქმის ყოველდღე იმართება კრემლის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ მოსკოვის ცენტრში და სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები, თუმცა ამას რუსული მედია არც აშუქებს. აქცია რუსმა ქალებმა გუშინაც გამართეს, მაგრამ აქციის მონაწილეები ძალოვნებმა ძალის გამოყენებით ავტობუსებში ჩასხეს და დააკავეს. "უკრაინას მშვიდობა, პუტინი - ჰააგას", "უკრაინელები ჩვენი ძმები არიან, ომი შეწყდეს", - ასეთი მოწოდებები ისმოდა აქციაზე. რა ხდება მოსკოვში დღეს? - გვესაუბრება მოსკოვში მცხოვრები ქართველი ლადო ფოცხვერია:

- წარმოუდგენელია, რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის, თავის მოძმე ხალხს როგორ უსწორდება და ის ვის დაინდობს. მოსკოვში მოსახლეობას ინფორმაციაც კი არ აქვს, თუ რა ხდება რეალურად. არ არის წვდომა სოციალურ ქსელებთან. რუსულ მედიაში კი ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, ამიტომ დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ პუტინი სწორად მოიქცა. ტელევიზიით გადაიცემა, რომ პუტინი ატარებს სპეცოპერაციას უკრაინაში და ათავისუფლებს იქაურობას ფაშისტებისგან და ნარკომანებისგან.

ამხელა ომს უწოდებენ სპეცოპერაციას. გუშინდლამდე არ ამბობდნენ, რომ რუსულ არმიას აქვს მსხვერპლი, ომიდან მეშვიდე დღეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურმე 498 რუსი მებრძოლი დაღუპვიათ...

აწვდიან მოსახლეობას ცრუ ინფორმაციას, რომ უკრაინული ქალაქები აიღეს. რაც მათ აწყობთ, მხოლოდ იმას ამბობენ.

- მოსკოვში ეკონომიკურად რამე შეიცვალა ეს დღეები?

- ძალიან დიდი პანიკა იყო ომის დაწყების პირველ დღეს. ხალხი ბანკებს მიაწყდა და ფული გამოჰქონდათ. ბანკომატებთან უშველებელი რიგები იდგა, ეს დღეები, ფაქტობრივად, ფული აღარ არის ბანკომატებში. ამიტომ ძირითადად საბანკო ბარათებით ვსარგებლობთ. ხალხი პროდუქტებს იმარაგებს, ფასებმა საშინლად მოიმატა. უცხოური კომპანიები უკვე გადიან მოსკოვიდან. მაგალითად, გუშინ "appla"-მა დაკეტა თავისი წარმომადგენლობა. ყველა მათი მაღაზია და ცენტრი დაიკეტა. არ იყიდება "აიფონის" ტექნიკა, ჩვენ ვისაც გვაქვს აიფონის ტელეფონები, ვართ იმის მოლოდინში, რომ დაიბლოკება, რადგან ამაზე ინფორმაცია უკვე გავრცელდა. უდიდესი კომპანიები ტოვებენ რუსეთის ბაზარს. 20-25 პროცენტით მოიმატა მანქანებზე ფასებმა, რუბლი ყოველდღიურად უფასურდება. 100 დოლარი ადრე 75 000 რუბლი ღირდა, ახლა 120 000 რუბლი ღირს.

ბანკები კრედიტებს აღარ გასცემენ. რუსეთის "ცენტრალ ბანკმა" ანაბრების პროცენტი გაზარდა 20% - მდე და ხალხს მოუწოდა თანხები შეიტანონ ანგარიშებზე, ამბობენ, რომ არ რის პანიკის საფუძველი. არადა, აქამდე იყო წლიური 3,5 პროცენტი, ეს ავიდა 20 პროცენტამდე, ხალხის გაბრიყვებას ცდილობენ. ეს დღეები დანაზოგს რომ მოითხოვდი, ბანკები გაძლევდნენ, იყო დიდი პანიკა, მილიარდობით რუბლი გაიტანეს ბანკებიდან. როგორც ჩანს, ამ დღეებში ამ ბანკებსაც დაუწესდება მკაცრი სანქციები. არის ხალხის ნაწილი, რომელიც აპროტესტებს და ამბობს, რომ არ არის სწორი პუტინის ქმედება და ითხოვს მის დასჯას, არის ნაწილი, რომელიც ტელევიზორში რასაც ისმენს, იმას იჯერებს და ემხრობა მას. თუ სადმე მათი საწინააღმდეგო ინფორმაცია გაჟონავს, მაშინვე ამას უძღვიან სიუჟეტებს და ამბობენ, ეს არის ფეიკი და არ დაიჯერონ. ჰპირდებიან მოსახლეობას, რომ გაწმინდავენ ამ ფეიკის გამავრცელებლებს. სრულ ინფორმაციულ ვაკუუმშია მოსახლეობა, მესინჯერს ვერ იყენებ, "ფეისბუკში" ვერ შედიხარ, თუ სადმე გადააწყდები "გუგლში" განადგურებულ ტექნიკას, ან რამე სხვა ფოტოებს, ამაზე ინფორმაციებს ვერ ეცნობი, რადგან მხოლოდ კადრებს ხედავ და ინფორმაციები დაბლოკილია. მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ მასიურად მოსახლეობაში არ გავრცელდეს სიმართლე.

- პატარა ბავშვები რომ დააკავეს საელჩოსთან, ეს ინფორმაცია როგორ შეიფუთა მათი ტელევიზიით?

- ახლა თქვენგან გავიგე ეს ამბავი, საერთოდ არ გაუშუქებია არავის. არ გავრცელებულა, უკვე გითხარით, რაც მათ აწყობთ, იმ ინფორმაციას ავრცელებს მედია. თუმცა სხვადასხვა გზით მაინც გარკვეულ ფენამდე მიდის ინფორმაცია და ხალხი ხვდება, რაც ხდება. ნაწილი საზოგადოების ძალიან გაბრაზებულია, როგორ გაუშვა წვევამდელები ომშიო. რამდენიმე ვიდეო ვნახე, ქართველებმა ჩამიდგეს საქართველოდან ტყვედ ჩავარდნილების ინტერვიუები, სადაც ყვებიან როგორ მოატყუეს ეს ჯარისკაცები. უთხრეს, - ბელარუსში წვრთნებზე მოდიხართო და უკრაინის ომში აღმოჩდნენ. ნელ-ნელა ფხიზლდება აქაური მოსახლეობა, აქციები არის მოსკოვში, იძახიან ისინი ჩვენი ძმები არიან და არ უნდა იყოს ომი, მათთან საომარი რა გვჭირსო, მაგრამ მათ აკავებენ. "ომონი" ნადირობს ყველაზე, ვინც ხმის ამოღებას ბედავს.

ასეთი რამ ხდება კიდევ, ბოლო დღეებში რამდენიმე ადგილას ცრუ განგაში გამოცხადდა. მაგალითად, შევიდა შეტყობინება, - შერემეტიევოს აეროპორტში ბომბიაო და მოხდა აეროპორტის სრული ევაკუაცია, თუმცა ბომბი ვერ იპოვეს, ანალოგიური შეტყობინება იყო რამდენიმე სავაჭრო ცენტრში, მაგალითად "რიოში", არც იქ აღმოჩნდა ნაღმი.

ინფლაცია მიდის მაგარი, პროდუქტების ფასები იზრდება ყოველდღე. ისე ყველა სტრუქტურა მუშაობს სკოლები, ბაღები.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით სოჭში მცხოვრებ ქართველს, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია და წლებია იქ ცხოვრობს.

ნანა სამსონია: "ასე მგონია აფხაზეთის ჭრილობა განმიახლდა. ეს დღეებია ვერაფერს ვაკეთებ, ვცდილობ, ინფორმაცია მოვიძიო, ჩემებს დავუკავშირდე, ტელეფონზე ვარ ჩამოკიდებული და ხშირად კავშირიც არ არის, რაც მაგიჟებს. უკვე რამდენიმე დღეა "ფეისბუქშიც" ვერ შევდივარ, სოციალურ ქსელებს უჭირს მუშაობა.

პუტინი სასწრაფოდ უნდა გასამართლდეს... ტელევიზორის ყურებას აზრი არ აქვს, რასაც ამბობენ ყველაფერი სიცრუეა. თურმე სპეცოპერაციას ატარებს და წმენდს ტერორისტებისგან იქაურობას. სოჭში ფასებმა ძალიან აიწია, გაუფასურდა რუბლი, პროდუქტების ფასები მომატებულია და კიდევ მოიმატებს, ალბათ. ბანკომატებში ფული არ არის. განსაკუთრებით მომატებულია ხილის, ბოსტნულის ფასები. რუბლი ყოველდღიურად უფასურდება. არ ვიცი, როგორ უნდა ვიარსებოთ. ბანკები იძახიან, არ დაპანიკდეთ, ყველაფერი ნორმალურად იქნებაო და თვითონ კრედიტებს არ გასცემენ. მთავარია, ახლა ომი დასრულდეს და არ იხოცებოდნენ უდანაშაულო ადამიანები. იქნებ გამოფხიზლდეს რუსი ხალხი. ყველა ქუჩაში თუ გამოვა, ამდენ მილიონ ადამიანს ხომ ვერ მოერევა ხელისუფლება, მაგრამ ამას ორგანიზება სჭირდება. თანაც იმ ფონზე, როცა ყველა ინფორმაციულ ვაკუუმშია, ამის გაკეთება ძნელია".