რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ინფორმაციით, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება. ამის შესახებ მან რუსი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთის პირველი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებების გზით გამოსავლის პოვნა შესაძლებელი იქნება.
"რა თქმა უნდა, გამოსავალი მოიძებნება, ამაში ეჭვი არ მეპარება. პირობები, რომლებიც არის მინიმალური ჩვენთვის, კარგად არის ცნობილი, მათი განხილვა მიმდინარეობს, მათ შორის, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას უკრაინულ მხარესთან, როგორც გომელში, ასევე იმ მოლაპარაკებებზე, რომლებიც დღეს გაიმართება,“- განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, რუსი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ უკრაინული დელეგაცია მოლაპარაკებებზე მითითებებს ვაშინგტონიდან იღებს.
"უკრაინულმა ჯგუფმა კვლავ რაღაც მიზეზები იპოვა, რათა მოლაპარაკებები გადაეტანა. დიდი ალბათობით, ისინი მითითებებს ვაშინგტონიდან იღებენ, ამაში ეჭვი არ მეპარება, ეს ქვეყანა საერთოდ არ არის დამოუკიდებელი", - განაცხადა ლავროვმა.
მოლაპარაკებების გამართვის შეფერხებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვაც. სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში ზახაროვამ აღნიშნა, რომ "უკრაინაში ადამიანები იღუპებიან, უკრაინული დელეგაცია კი მოლაპარაკებებისთვის კომფორტულ ადგილს ეძებს“.