"16 ათასი უცხოელი მოხალისიდან პირველი ნაკადი უკვე ჩამოდის უკრაინის დასაცავად" - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მისი პარტნიორებისგან იღებს სულ უფრო მეტ იარაღს და პრეზიდენტის განცხადებით, ეს საერთაშორისო დახმარება წარმატებით დასრულდება.
"უკრაინა ყოველ დღე იღებს იარაღს ჩვენი პარტნიორებისგან. ნამდვილი მეგობრებისგან. ყოველდღიურად ვიღებთ სულ უფრო მეტ ძლევამოსილ იარაღს. უკრაინა უკვე ხვდება უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან, პირველებს 16 ათასი მოხალისიდან. ისინი მოდიან თავისუფლების დასაცავად, სიცოცხლის დასაცავად, ჩვენთვის, ყველასთვის და ეს იქნება წარმატებული, დარწმუნებული ვარ,“- განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პირველმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტმა უკვე მოამზადა დახმარების სპეციალური პაკეტი, რომელიც გულისხმობს 6500 გრივნის გადახდას იმ უკრაინელებისთვის, ვინც ომის გამო სამსახური დაკარგა.
"უკრაინელები ჩვენი სახელმწიფოს ყველა რეგიონში, რომელიც მოცულია ომით, იღებენ ყველაფერს აუცილებელს. საკოორდინაციო შტაბები სრული დატვირთვით მუშაობს. ჰუმანიტარული ტვირთი გზაშია. მთავრობამ უკვე მოამზადა სპეციალური დახმარების პროგრამა ყველა უკრაინელისთვის, რომლებმაც ომის გამო მუშაობის შესაძლებლობა დაკარგეს. იქ, სადაც მიდის საომარი მოქმედებები და ადამიანებმა დაკარგეს მუშაობის შესაძლებლობა, მიიღებენ 6500 გრივნას ყოველგვარი პირობების გარეშე,“- განაცხადა პრეზიდენტმა.