ავტორი:

"დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის " - ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა

"დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის " - ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა

"დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის - ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

"ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე - ეტაპი, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული. საქართველო არის ევროპული სახელმწიფო; ჩვენი ქვეყანა, საკუთარი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის მიეკუთვნებოდა ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის სივრცეს და დღესაც თავისი ღირებული წვლილი შეაქვს მის დაცვასა და განვითარებაში. "ევროპელობა“ სხვა არაფერია თუ არა იმ ღირებულებებისა და ფასეულობების ერთობლიობა, რომელიც ქმნის ევროპას. თვით საქართველოს ისტორია, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა, არის დასტური იმისა, რომ ეს ფასეულობები ქართველი ადამიანის ბუნებაშია და მაშასადამე, განუყოფელია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს საქართველო ისე, როგორც არასდროს, ახლოსაა ევროკავშირთან.

"ისტორიამ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი სტრატეგიულ მიზნად აქცია. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ჩვენი ქვეყანა თანმიმდევრულად განაგრძობს წინსვლას ამ მიმართულებით და დღევანდელი დღე ჩვენი ძალისხმევის კიდევ ერთი დემონსტრირებაა. 2014 წელს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ხელი მოვაწერე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ავიღე უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რათა წარმატებით დაგვეწყო სვლა ევროინტეგრაციის გზაზე და ჩაგვეყარა მტკიცე და მყარი საფუძველი ჩვენი ქვეყნის საბოლოო ევროპეიზაციისთვის. საამაყოა, რომ 2014 წლიდან, ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრულობით და საზოგადოების მხარდაჭერით საქართველო, როგორც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი, წარმატებით ასრულებს შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის ევროკავშირთან სამართლებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოების კუთხით,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.