ავტორი:

რა შედეგით დასრულდა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი - რაზე შეთანხმდნენ მხარეები?

რა შედეგით დასრულდა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი - რაზე შეთანხმდნენ მხარეები?

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის დელეგაციამ რუსეთთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე ის შედეგები ვერ მიიღო, რასაც იმედოვნებდა და მესამე რაუნდის ფარგლებში განაგრძობს მოლაპარაკებებს.

"დეტალურად განვიხილეთ ჰუმანიტარული ასპექტი, რადგან ახლა ძალიან ბევრი ქალაქია ალყაში, რომლებშიც ვითარება დრამატულია საკვებ პროდუქტებთან, მედიკამენტებთან დაკავშირებით. ძალიან მალე გაიმართება მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

ამასთან პოდოლიაკის თქმით, "მხარეებმა ურთიერთგაგებას მიაღწიეს ჰუმანიტარული დერეფნის ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის”.

"ასევე მედიკამენტების და საკვები პროდუქტები მიწოდებისთვის იმ ადგილებში, სადაც ძლიერი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესაძლებლობასთან ერთად იმ პერიოდში, როდესაც ევაკუაცია განხორციელდება. ანუ იქ, სადაც იქნება შექმნილი ჰუმანიტარული დერეფანი, დროებით შეწყდება ცეხლი. ამავე მიზნით რუსეთი და უკრაინა უახლოეს პერიოდში შექმნიან კავშირის არხს ურთიერთქმედებისთვის და ფორმირებული იქნება ერთობლივი ლოგისტიკური პროცედურები“ , - განაცხადა პოდოლიაკმა.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა რუსულმა მხარემაც. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ აღნიშნა, რომ მხარეები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ შეთანხმდნენ.

„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ სამი პუნქტი - სამხედრო, საერთაშორისო და ჰუმანიტარული და მესამე არის კონფლიქტის სამომავლო პოლიტიკური დარეგულირების საკითხი. ორივე პოზიცია მკაფიო და ჩაწერილია. ჩვენ მოვახერხეთ ზოგიერთ მათგანზე შეთანხმება, მაგრამ მთავარი, რაზეც დღეს მივაღწიეთ შეთანხმებას, იყო სამხედრო შეტაკების ზონაში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენის საკითხი. რუსეთისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროები შეთანხმდნენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფაზე და ცეცხლის შესაძლო დროებით შეწყვეტაზე იმ ადგილებში, სადაც ევაკუაცია ხდება“, - განუცხადა მედინსკიმ მედიას.

რუსული დელეგაციის კიდევ ერთმა წევრმა, ლეონიდ სლუცკიმ "რუსეთი 24“-ს განუცხადა, რომ ორივე მხარე შეთანხმდა მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე, რომელიც „უახლოეს მომავალში“ მოხდება. მოლაპარაკებები ორსაათნახევარს გაგრძელდა.