უკრაინას იარაღს დასავლეთი აწვდის, ამაზე მეტი, ძალიან ძნელი წარმოსადგენია რა შეიძლება დასავლეთმა გააკეთოს. თუ ცოცხალი ძალით დაეხმარება უკრაინას, მაშინ ის შედის ომში რუსეთთან და ჩვენ სახეზე მესამე მსოფლიო ომი გვექნება, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში“ განაცხადა.
როგორც რუხაძემ განმარტა, რაც დრო გადის, უკრაინა ძლიერდება, რუსეთი კი, პირიქით.
"ის არ ელოდა ამ ტიპის წინააღმდეგობას უკრაინის მხრიდან, ეგონა, რომ სწრაფი საჰაერო დარტყმებით გამოიყვანდა წყობიდან უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობებს და მორალურადაც გატეხდა, როგორც უკრაინულ ჯარს, ასევე უკრაინელ ხალხს. მთავრობა ადგილზეა, კიევშია, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელებიც, ამერიკელებიც სთავაზობდნენ და ურჩევდნენ, ზელენსკის და მთავრობას კიევი დაეტოვებინათ იქიდან გამომდინარე, რომ მათ საფრთხე ემუქრებოდათ, მაგრამ მთავრობა იქ დადგა, სადაც უნდა დამდგარიყო და უკრაინა ტოტალურ თავდაცვაზე გადავიდა. მხოლოდ ჯარი არ იცავს ამ შემთხვევაში ობიექტებს, ჯარს მიემატნენ ჩვეულებრივი ადამიანები, იქ მსახიობებიც იბრძვიან, მასწავლებლებიც, დამლაგებლებიც, მამაკაცები 18-დან 60-წლამდე, ვისაც რა შეუძლია და რა ფორმითაც შეუძლია, იბრძვიან. თან ამის კოორდინირება უკრაინამ და გენერალურმა შტაბმა მოახდინა. როცა ეს ქაოტურად ხდება, მაშინ დიდი არაფერია, მაგრამ როცა ეს კოორდინირებულად ხდება, დიდი ძალაა.
კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს - დასავლური იარაღი ინტენსიურად მიეწოდება უკრაინას, შესაბამისად, რაც დრო გადის, უკრაინა ძლიერდება, რაც დრო გადის, რუსული შეიარაღება და ჯარი, რომელიც მოწყვეტილია რაღაც თვალსაზრისით წყაროებს, ნელ-ნელა სუსტდება. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ ამ ომში დაამატოს სამხედრო, ან ცოცხალი ძალა, ან შეიარაღება, ან სხვა რამ, ეს ნამდვილად ასე არ არის, იმაზე მეტი აქვს, ვიდრე ეს საჭიროა, მაგრამ თუ ტემპებს შევადარებთ, უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები ძალიან სწრაფად იზრდება, თან ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოხალისეთა ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნებიდან უკრაინაში ჩადიან“, - განაცხადა რუხაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, დასავლეთის მხრიდან სანქციებსა და იარაღზე მეტი არ იქნება.
„უკრაინა სანქციებზე მეტს ითხოვს. დასავლეთი უწესებს წარმოუდგენლად მძიმე სანქციებს რუსეთს, ამას ვხედავთ და შედეგებს, 3-4 დღეში, ტრილიონიანი ბანკები აორთქლდნენ საერთოდ ბირჟებიდან. "სბერბანკის“ აქციებს 3 ლარად იყიდით, მზესუმზირის ფასი ღირს უკვე, „ვითიბი“ ბანკს რა დაემართა თბილისში, ასეთი რამ ემართება უზარმაზარ რუსულ კომპანიებს, "ეფლიდან“ დაწყებული „მერსედესით“ დამთავრებული, ყველამ უარი თქვა რუსულ მომსახურებაზე. მეორე მხარეა კიდევ ის, რომ დასავლეთი იარაღს აწვდის, ამაზე მეტი ძალიან ძნელი წარმოსადგენია რა შეიძლება დასავლეთმა გააკეთოს, ცოცხალი ძალით თუ დაეხმარება უკრაინას, მაშინ ის შედის ომში რუსეთთან და ჩვენ სახეზე მესამე მსოფლიო ომი გვექნება. რასაც ახლა ზელენსკი ითხოვს, ჩაკეტოს უკრაინის საჰაერო სივრცე დასავლეთმა, ეს არის სწორედ ომის მდგომარეობაში შესვლა, რადგან, საჰაერო სივრცის დაკეტვა რას ნიშნავს? რუსული თვითმფრინავი თუ გადმოფრინდა, ამათმა უნდა ჩამოაგდონ, თუ შეეშინდა და ვერ გაბედავს, მაშინ წააგო ომი უკრაინაში, ამიტომ ამაზე ჩემი გადასახედიდან დასავლეთი დღეს არ წავა, მაგრამ სანქციებით და იარაღით მასიურად მოამარაგებს უკრაინას. სანქციებზე და იარაღზე მეტი, ამ ეტაპზე არ იქნება, თუ რუსეთი გააკეთებს ისეთ რამეს, რომ რაიმე ფორმით დარტყმის ქვეშ დააყენებს რომელიმე სახელმწიფოს, მაშინ უკვე დასავლეთი ცოცხალი ძალით ჩაერთვება ამაში“, - განაცხადა რუხაძემ.
მისივე თქმით, ვიდრე „პუტინს ტრიბუნალი გაასამართლებს, მანამდე მისი გარემოცვა და რუსი ხალხი მოუვლის მას“.
"სანქციები ომს ისედაც ვერ შეაჩერებს, სანქციები იმისთვის არის გამიზნული, რომ რუსეთი დაასუსტოს, ომის შეჩერება, საბრძოლო ოპერაციის შეჩერება ხდება საბრძოლო ოპერაციით. იმისთვის, რომ საბრძოლო ოპერაცია შეაჩერონ, უკრაინას აძლევენ იარაღს და უკრაინა იბრძვის, რომ რუსებმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწიონ. პარალელურად სანქციები ასუსტებს რუსეთის სახელმწიფოს და უსპობს მას გრძელვადიანი ომის შესაძლებლობებს. ომი ჯდება ძვირი, რუსეთს დაახლოებით, ყოველი დღე, უხეშად რომ ვთქვათ, უჯდება დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი, შესაბამისად, როცა ეს ფული გამოელევა და გამოელევა, რადგან ცენტრალურ ბანკს 600 მილიარდზე მეტი გაუყინეს, მოსკოვის საფონდო ბირჟა 4 დღეა, დაკეტილია. ეს რა თქმა უნდა, იმ ტანკს, რომელიც უკვე უკრაინის მიწაზე დგას, ისვრის, იმას ვერ გააჩერებს, მაგრამ შეზღუდავს ახალი შენაერთების და გრძელვადიან მდგომარეობაში ომის წარმოების შედეგებს...
ჩვენ ვადევნებთ თვალს, რუსეთის ეკონომიკა როგორ ეშვება მუხლებზე და სხვათა შორის, ჩვენ ეკონომიკაზე უნდა ვიზრუნოთ, რადგან ჩვენი ეკონომიკაც რუსეთის ეკონომიკასთან ერთად დაეშვება მუხლებზე, დროზე თუ არ ჩამოვეხსენით. ჩვენ ძალიან ბევრი თვალსაზრისით რუსულ ეკონომიკაზე ვართ მიბმული. წარმოიდგინეთ, რომ რუსული ეკონომიკა უკვე გადმოაგდეს თვითმფრინავიდან და პარაშუტი აღარ შველის ამ ყველაფერს და შენც გადმოყვები, თუ დროზე არ ჩამოეხსენი. ჩემი აზრით, სანქციები გამოსავალია, მაქსიმალურად შენ თვითონ უნდა შეზღუდო რუსეთთან ვაჭრობაც, რუსული საქონლის მოხმარებაც და ყველაფერი, თუ გადარჩენა გინდა. როცა "სვიფტი" არ მუშაობს, ჩემოდნით ჩამოიტანენ თელავში ფულს თუ რას გააკეთებენ? ანუ, ეს ისედაც მოხდება, რუსული ბაზარი ისედაც დაიკარგება, ისედაც არ იქნება იქ ფული, შესაბამისად, დროზე მანევრირება თუ არ დაიწყე, ჩაყვები საფლავში და მე მგონი, ჩემი აზრით, არ უნდა გვინდოდეს ეს, მე არ მინდა და მეღვინეებს თუ უნდათ, კითხეთ“, - განაცხადა რუხაძემ.
მისივე თქმით, ცივილურ სამყაროსა და რუსეთს შორის, ის ურთიერთობა, რომელიც აქამდე იყო, ვეღარ ადგება.
"ძნელი საპროგნოზოა, მე მგონია, რომ თავისივე გარემოცვა მოუღებს პუტინს ბოლოს, როგორც სტალინს მოუღო ბოლო თავისმა გარემოცვამ, არ ვიცი ჩამოაგდებენ, მოწამლავენ, მოკლავენ, მაგრამ რეალურად, ეს ერთი კაცი მიაქანებს დაღუპვისკენ ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, გამოჩნდებიან ადამიანები, განსაკუთრებით მისი გარემოცვიდან, რომ ეს ადამიანი მოიშოროს, ვიდრე ისინიც საფლავში ჩაყვებიან და მთელ ქვეყანას ჩაიყოლებს. ვიდრე იმას მოვესწრებით, რომ პუტინს ტრიბუნალი გაასამართლებს, მანამდე მისი გარემოცვა და რუსი ხალხი მოუვლის ამ ადამიანს, ძალიან რომ გაჭირდება ცხოვრება, პური და არაყი, რომ გაძვირდება რუსეთის მაღაზიებში და სხვა რომ არაფერი იქნება, მერე დარწმუნებული ვარ, ხალხიც სხვანაირად მისცემს რეაგირებას. პუტინს ახლა ძალიან შეზღუდული არჩევანი აქვს. დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთთან აღარ შეიცვლება, ეს ამბავი უკვე დამთავრებულია, შესაბამისად, ის გრძელვადიანი ბომბი, რომელიც ამოქმედებულია და საათი წიკწიკებს, ეს არ გაჩერდება და უკრაინაც მუდმივად იომებს სხვადასხვა ფორმით, რომ რუსეთი თავისი ქვეყნიდან გააძევოს. ცივილურ სამყაროსა და რუსეთს შორის, ის ურთიერთობა, რომელიც აქამდე იყო, ვეღარ ადგება. მიუხედავად იმისა, ომი როგორ დასრულდება და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, უკრაინელები ამ ომს მოიგებენ, დასავლეთს რუსეთის შეკავება მოუწევს, ეს იქნება ეკონომიკური სანქციებით, თუ ნატო-ს გაძლიერებით, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ფლანგის, ეს ტექნიკური საკითხია, მაგრამ დასავლეთს აქვს ბევრად უფრო დიდი რესურსი, ეკონომიკურიც და სამხედროც იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, როცა რუსეთი საფრთხეს უქმნის, შებოჭოს და ნელ-ნელა ჩამოშალოს“, - განაცხადა რუხაძემ.