შენ რომ ქვეყნების დაშინება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ შეგიძლია შეაცვლევინო ორიენტაცია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვლმა CNN-ის ეთერში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა ამით უპასუხა ჟურნალისტ, ჯეიკ ტეპერის კითხვაზე, „თუ რუსეთი მიაღწევს საწადელს უკრაინაში, ფიქრობთ, თუ არა, რომ ის სხვა ყოფილ საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებსაც მიაპყრობს ყურადღებას, როგორიცაა საქართველო?"
"დიახ, რუსეთის ყურადღება უკვე იყო ერთხელ მიპყრობილი საქართველოსკენ, რუსეთის ყურადღების მიპყრობა საქართველოსკენ ისტორიულად ძალიან ხშირად მომხდარა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვართ, ყოველთვის შეშფოთებულები, რადგან გვაქვს საოკუპაციო ხაზი. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია ორი დიდი სამხედრო ბაზით ამ ორ რეგიონში, რომელთაც შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაიძრან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველომ შეცვალა მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი. დღეს ჩვენ შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ისევე როგორც მოლდოვამ და გუშინ უკრაინამ. ეს ნიშნავს, რომ სამი ქვეყანა - „ასოცირებული ტრიო“ მიყვებიან იმავე გზას. ასე რომ, შენ შეგიძლია ქვეყნების დაშინება, თუმცა არ ნიშნავს, რომ შეგიძლია შეაცვლევინო ორიენტაცია, ერის გადაწყვეტილებას, შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ეს ნიშნავს, რომ თავად ირჩევ მოკავშირეებს ან ორგანიზაციებს, რომლებთანაც გსურს ინტეგრირება “, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა ვლადიმერ პუტინის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც, როგორც მან აღნიშნა, "პუტინი ძალიან მარტოა".
"ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ იზოლირებულია. არავის შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს მის შეხედულებებზე ან შეაცვლევინოს აზრი. ახლა ის მთელი მსოფლიოსგან იზოლირებულია. ზოგიერთი ქვეყანა არ ეწინააღმდეგება, თუმცა მათაც არ მოსწონთ რუსეთის კურსი, მისი ქმედებები უკრაინაში. ის ძალიან მარტოა. როგორ აისახება ეს ყველაფერი პუტინის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, რთული სათქმელია. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. მე არ ვხვდები პუტინს, არ ვიცნობ მას ახლოს და არ ვიცი, როგორ მოქმედებს ეს მასზე, მაგრამ ჩანს, რომ უფრო და უფრო აგრესიულია თავის გამოსვლებში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა აშშ-ის სახელწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან სატელეფონო ზარზე:
"დღეს მე ვესაუბრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ -ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ. ეს ამ დროს ძალიან მნიშნველოვანია", - აღნიშნა ზურაბიშვილმა