თუ პრეზიდენტს პარლამენტში სურს მოსვლა, თან ამ განსაკუთრებულ დროს, შარზე თუ არ ხარ, აქ კითხვები არ არსებობს - უნდა მოვიდეს და უნდა მოვუსმინოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, მათ სურთ გაიგონ, რის თქმა სურს პრეზიდენტს და პარტნიორების რა გზავნილების გაზიარება სურს.
"პრეზიდენტი საზღვარგარეთ იყო წასული და ბევრ ჩვენს პარტნიორს ელაპარაკა საქართველოს დასავლეთის გზაზე, გაწევრიანებაზე. შესაბამისად, ობიექტურად საინტერესოა მისი მოსმენა, როგორ უყურებენ დასავლეთის ქვეყნებში ლიდერები ჩვენს პერსპექტივას. ამის გარდა, თუ მას უნდა პარლამენტში მოსვლა და სიტყვის თქმა, თან განსაკუთრებულ დროს როგორც ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაციის, ისე უკრაინის კონფლიქტის თვალსაზრისით, შარზე თუ არ ხარ, აქ კითხვები არ არსებობს, უნდა მოვიდეს და უნდა მოვუსმინოთ, ამისთვის ვართ აქ პარლამენტის წევრები,"- განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისათვის, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გადაწყდება, გაიმართება თუ არა პლენარული სხდომა 5 მარტს, პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის მიზნით. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს უკვე აცნობა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, პარლამენტში წლიური მოხსენებით 2022 წლის 5 მარტს წარდგეს. ამასთან, “ქართული ოცნების“ დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ სხდომა 5 მარტს არ ჩატარდეს.