"ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ჩერნობილზე 6-ჯერ მეტი სიმძლავრის სადგურია - ერთ-ერთ ბლოკზე მაინც რომ მოხდეს ის, რაც ჩერნობილში, ეფექტი 10-15 ჯერ უფრო უარესი იქნება" - ამის შესახებ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა.
კითხვაზე, რა ზიანი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში, ენერგეტიკოსის თქმით, ეს სიტუაციაზე, მათ შორის ქარის მიმართულებაზე იქნება დამოკიდებული.
"ზაპოროჟიეს ექვსივე ბლოკი ერთად რომ აფეთქდეს, ჩათვალეთ, ევროპაში მაინც ყველაფერი დამთავრდება. მაგრამ დავუშვათ, ზაპოროჟიეს ერთ-ერთ ბლოკზე მაინც მოხდეს ის, რაც ჩერნობილში, ეს არის 10-15-ჯერ მეტი პრობლემა, რაც იაპონიაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ატომური ბომბის ჩამოგდება. ეფექტი 10-15 ჯერ უფრო უარესი იქნება. რაც შეეხება სიტუაციას ჩვენთან, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება ქარის მიმართულება, ასევე ღრუბლების გადაადგილება“,- განაცხადა გია არაბიძემ.
მისი თქმით, მართალია ხანძრის შედეგად ზაპოროჟიეს სადგურის ჰერმეტულობა არ დარღვეულა, მაგრამ ფაქტი, რომ რუსმა სამხედროებმა ატომური სადგურის მიმართულებით გაისროლეს, აღმაშფოთებელია.
"ნებისმიერი ინციდენტი ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფულად საშიშია, მიუხედავად იმისა, რომ ატომურ ელექტროსადგურებს დაცვის უამრავი მექანიზმი აქვს. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე ხანძარი ჩააქრეს. ამ ხანძრის შედეგად სადგურის ჰერმეტულობა არ დარღვეულა, მაგრამ არავინაა დაზღვეული იმისაგან, ხვალ რა მოხდება. ფაქტი, რომ სამხედროებმა ატომური სადგურის მიმართულებით გაისროლეს, აღმაშფოთებელი და გასაოცარია. ომის დროს ყველა ქვეყანა ერიდება ხოლმე ატომურ ელექტროსადგურში რაიმე ოპერაციის ჩატარებას. ეს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ატომური სადგურია. 6 ბლოკი დგას, რომლის სიმძლავრე ჯამურად 6 ათასი მეგავატია. ეს უზარმაზარი სიმძლავრეა. ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ჩერნობილზე 6-ჯერ მეტი სიმძლავრის სადგურია, თუმცა ზაპოროჟიეს სადგურს გაცილებით უფრო დაცული სისტემა აქვს“, - განაცხადა გია არაბიძემ.
ენერგეტიკოსის თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მწყობრიდან გამოყვანა მსოფლიოსთვის საშიში პრეცედენტი იქნება, ამიტომ რუსეთი უნდა შეეგუოს, რომ იქ შესვლა არ შეიძლება.
"გათვლა იმაზე, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მთავარი ელექტრომომმარაგებელი სისტემაა უკრაინისთვის და ამის გამო მისი მწყობრიდან გამოყვანა, მსოფლიოსთვის საშიში პრეცედენტია. ამიტომ რუსეთი უნდა შეეგუოს, რომ არ შეიძლება ამ სადგურში შესვლა, არ შეიძლება ამ სადგურის პერსონალისთვის რაიმე ზიანის მიყენება და არ შეიძლება მათ საქმიანობაში ჩარევა“, - განაცხადა გია არაბიძემ.