ავტორი:

"ისე ჰყვებოდა შვილების დაღუპვას, რომ ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მისი მეუღლე კი გაქვავებული იდგა" - დალი ჩიტალაძე ომის დროს მომხდარ სევდიან ისტორიას იხსენებს

"ისე ჰყვებოდა შვილების დაღუპვას, რომ ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მისი მეუღლე კი გაქვავებული იდგა" - დალი ჩიტალაძე ომის დროს მომხდარ სევდიან ისტორიას იხსენებს

მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე სოციალურ ქსელში აფხაზეთის ომის დროს მომხდარ სევდიან ისტორიას იხსენებს. ქალი ჰყვება, როგორ უთხრა შვილმკვდარმა დედამ, რომ დამწვარი სახლიდან ოჯახის ალბომის გამოტანა ვერ მოასწრო და მათი ისტორია თითქოს წაეშალა.

დალი ჩიტალაძე:

- ამ დაძაბული ჟამიანობის დროს მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია, რომელმაც დიდი სევდა დამიტოვა და უკვე თითქმის 32 წელია რამდენჯერაც გამახსენდა, იმდენჯერ ცრემლები მახრჩობს…. ეს იყო სოხუმის დაცემის მერე…

უამრავი დევნილი მოაწყდა თბილისს… ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა მთხოვა სატუმრო “ივერიაში” უახლოესი დევნილი ოჯახი დასახლდა და სურსათ-სანოვაგე და აუცილებელი პირველადი დახმარების ნივთები ერთად მიგვეტანა. რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი და ვეწვიეთ დატვირთულები.

კარი გაგვიღო ულამაზესმა შავებში ჩაცმულმა დარბაისელმა ქალმა, სევდიანი ღიმილით გაგვიღიმა და ბევრი მადლობებით მიგვიპატიჟა. სატუმროს ნომერში კიდევ მისი მეუღლე და რამდენიმე დევნილი იყო. საზარელი ისტორიები მოვისმინე, ისე ყვებოდა მისი შვილების დაღუპვას რომ ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მისი მეუღლე კი გაქვავებული იდგა და ძალიან ბევრს ეწეოდა და არც ერთხელ არ გამოუხედია…

კულმინაცია კი ის იყო რომ, შვილმკვდარმა დედამ, ბოლო წინადადება მითხრა: ყველაზე დიდი უბედურება იცი რა არის? - სახლი რომ იწვოდა, ვერ მოვასწარი რომ ჩემი ოჯახის ფოტოების ალბომი ამეღოო! არც ერთი შვილის და ჩემი ბედნიერი ცხოვრების ამსახველი არაფერი დამრჩაო. ეს თქვა და გამეხებულმა მამაკაცმა ისეთი ტირილი დაიწყო, მეგონა კედლები გასკდებოდა…

ეს ომის საშინელების ამსახველი ერთი ისტორიაა, ახლა როცა უკრაინას ამდენი დევნილი ყავს, ამდენი შვილმკვდარი დედა, გახსენებაც მზარავს.

დღეს დედის დღეა, ჩემი ლამაზი დედაც დიდ ტკივილს ატარებს, სახლი ჩემი დიანას და დათოს ფოტოებით აქვს მოჭედილი, სულ საყვედურს ვეუბნები, რათ გინდა ამდენი ფოტო ერთად გამოფენილითქო, ეღიმება... მეშინია არ დამავიწყდეს მათი ღიმილი და მათი გამოხედვაო… რაც დრო გადის კიდევ უფრო მესმის იმ ტრაგიკული დედის დარდი, რომელსაც არც ერთი ფოტო არ დარჩა გარდაცვლილი შვილების...

ყველა დედა მინდა ბედნიერი იყოს და მათი შვილების ბედნიერებით იხარონ, დედის დღეს გილოცავთ...

დალი ჩიტალაძეს წლების წინ, 31 წლის ძმა დათო გარდაეცვალა. ის თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული ბიჭი იყო. დალი ჩიტალაძე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა და ძმის გარდაცვალება დაუმალეს, დღემდე ვერ პატიობს საკუთარ თავს, რომ გარდაცვლილი ძმა არ ჰყავს ნანახი.

დალის და დიანა ჩიტალაძე წლის წინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.