ავტორი:

"სანქციებთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია ხდება" - შალვა პაპუაშვილი

"სანქციებთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია ხდება" - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არასწორად იყო აღქმული.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის პოზიციას ეთანხმება, თუმცა, განცხადებას ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხვავებული ფორმით გააკეთებდა.

"არასწორი ინტერპრეტაცია ხდება პრეზიდენტის ამ განცხადების. თუკი პატიოსნად შეხედავთ მის განცხადებას, მან აღნიშნა, რომ შეიძლება ამ ფორმით არ მეთქვა, მაგრამ რაც შეეხება სანქციების საკითხს, საქართველოს დღეს არ შეუძლია რაიმე ეფექტიანი სანქცია ან ზომა გაატაროს, რომელიც უფრო მეტად დააზიანებს რუსეთს, ვიდრე საქართველოს. ამაზე მგონი, ოპონენტებიც თანხმდებიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. ღარიბაშვილის თქმით, „უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არის და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება“. ამავე სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ „სანქციებით დაიჩაგრება ჩვენი 1 მილიონი მოქალაქე, ექსპორტიორი, ფერმერი ვერ შეძლებს რუსეთიდან ფულის გადმორიცხვას - საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები?“

მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა FRANCE 24-თან ინტერვიუში, ირაკლი ღარიბაშვილის აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა: „ასეთი სახის განცხადებას არ გავაკეთებდი“.

"პირველ რიგში, არ ვიცი თუ რატომ გააკეთა მან ეს განცხადება. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არ დგას, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ოკუპირებული ტერიტორიებით. დარწმუნებული არ ვარ, რა ტიპის სანქციების დაწესება შეგვეძლება, ისეთი სანქციების, რომლებსაც მნიშვნელობა ექნება ამ ეტაპზე. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ასეთი სახის განცხადებას დღეს რაიმე აზრი აქვს - პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი სახის განცხადებას არ გავაკეთებდი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.