ავტორი:

"დაგვეხმარეთ - თუ ამას არ გააკეთებთ, მოგიწევთ გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინის მოსახლეობის გარდაცვალებასა და ტანჯვაზე" - კულება ნატო-ს წევრებს

"დაგვეხმარეთ - თუ ამას არ გააკეთებთ, მოგიწევთ გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინის მოსახლეობის გარდაცვალებასა და ტანჯვაზე" - კულება ნატო-ს წევრებს

ჩვენ გვესაჭიროება დაუყოვნებლივი დახმარება ციდან რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, მოგიწევთ გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინის მოსახლეობის გარდაცვალებისა და ტანჯვის შემთხვევებზე,- ამის შესახებ ნატოს წევრებისთვის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას მიერ გაკეთებულ მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

კულება მიიჩნევს, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინა ისეთივე ტაქტიკით გაანადგუროს, როგორც ამას აკეთებდა სირიაში, თუმცა, მისი თქმით, ამის დაშვება არ შეიძლება.

"ჩვენი სახელმწიფო მზადაა იბრძოლოს, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ გვესაჭიროება დაუყოვნებლივი დახმარება ციდან რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, მოგიწევთ გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინის მოსახლეობის გარდაცვალებისა და ტანჯვის შემთხვევებზე, რომლებიც იღუპებიან რუსული თვითმფრინავებიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშებისას,“- ნათქვამია კულებას განცხადებაში.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ნატოს უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი ზომები მიიღოს და ასევე სთხოვა, გადასცეს უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები, რომელთა დახმარებითაც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები შეძლებენ ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიონ რუსულ სამხედრო ავიაციას.

„პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ ისე ვითარდება, რომ დადგება მომენტი, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნები მზად იქნებიან მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რათა მთელს ევროპაზე რუსეთის თავდასხმა და ევროპის ქვეყნების ცხოვრების კოშმარად ქცევა შეაჩერონ. მინდა მჯეროდეს, რომ გადამწყვეტად მოქმედებას დაიწყებთ იქამდე, სანამ გვიანი არაა", - განაცხადა კულებამ.

ცნობისთვის, დღეს ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლების არაგეგმური შეხვედრა მიმდინარეობს.