საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე თავისუფალი მიმწოდებლის საქმიანობისა და შესაძლებლობების შესახებ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრა გახსნა სემეკის წევრმა, გოჩა შონიამ და მონაწილეებს ელექტროენერგიის რეფორმის მიმდინარეობა და დღემდე განხორციელებული ცვლილებების შედეგები გააცნო.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ელექტროენერგიის ბაზრის თავისუფალი მიმწოდებლები, პოტენციური ინვესტორები, დარგის ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.
სემეკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა სალომე ჯანელიძემ და სემეკის ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა ნიკოლოზ სუმბაძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაციები ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობების, საბითუმო ბაზრის ახალი სტრუქტურისა და ვაჭრობის პრინციპების შესახებ.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე თავისუფალი მიმწოდებლის საქმიანობით დაინტერესებული პირებისათვის არსებული მარეგულირებელი ჩარჩოსა და დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა, ასევე მათ მოლოდინებზე მსჯელობა.
NS