ავტორი:

ქეთა თოფურია, სოსო პავლიაშვილი და თამარა გვერდწითელი სარვამარტო კონცერტზე კრემლში იმღერებენ

ქეთა თოფურია, სოსო პავლიაშვილი და თამარა გვერდწითელი სარვამარტო კონცერტზე კრემლში იმღერებენ

მაშინ, როდესაც რუსეთის უკრაინაში ვერაგული შეჭრის შემდეგ უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს და ადამიანები ყოველდღიურად იღუპებიან, კრემლის სახელმწიფო სასახლეში ქალთა საერთაშორისო დღის დადგომასა და გაზაფხულის მოსვლას კონცერტით აღნიშნავენ. ღონისძიება 6 მარტს გაიმართება, მიუხედავად იმისა, რომ ახლა რუსეთში ნაკლებად ეკონცერტებათ, რადგან მათი ეკონომიკა ჩამოშლის პირას არის და მსოფლიო ყოველდღიურად აწესებს რუსეთის მიმართ ახალ-ახალ სანქციებს. ამ საერთო ცეკვა-თამაშში რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლებიც მონაწილეობენ. ესენი არიან: ქეთა თოფურია, როგორც A’Studio-ს სოლისტი, სოსო პავლიაშვილი, თამარა გვერდწითელი. ამ სისხლიან დროს სცენაზე დადგომას გეგმავენ რუსული ესტრადის როგორც ძველი თაობის, ასევე ახალი ვარსკვლავები, მათ შორის: ნიკოლაი ბასკოვი, მიხეილ შუფუტინსკი, ვალერი ლეონტიევი, ლარისა დოლინა და სხვები...

ზემოთ ჩამოთვლილი ქართველი მომღერლებიდან რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა მხოლოდ ქეთა თოფურიამ გააპროტესტა.

"არა ომს“ - ამ წარწერით ფოტო მხოლოდ ერთი დღე ჰქონდა გამოქვეყნებული "ინსტაგრამის" ე.წ. სთორიში. რაც შეეხება თამარა გვერდწითელს ომის დაწყების შემდეგ, მის ოფიციალურ გვერდზე სიახლე აღარ გამოქვეყნებულა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სოსო პავლიაშვილზეც, თუ არ ჩავთვლით "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ მუსიკალურ ვიდეოებს, მისივე რესტორნიდან.

კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 2000 გაუფასურებული რუბლიდან იწყება და 25 ათას რუბლამდე ადის.

კონცერტის აფიშაზე ვკითხულობთ:

"მიმოზები, ტიტები და გაზაფხულის მზე, ასევე პოპულარული რუსული ესტრადის ვარკვლავები და მათ მიერ შესრულებული ცნობილი სიმღერები 8 მარტის წინ სადღესასწაულო ატმოსფეროს შეგიქმნით. კონცერტზე დასასწრები ბილეთები საუკეთესო საჩუქარი იქნება თვენი შეყვარებულისვის, მეუღლისთვის, დედისთვის, დისთვის და თუნდაც უფროსისთვის. პოპ-ვარსკვლავები ყველა ლამაზ ქალს მიულოცავენ ამ დღეს...“

რუსეთში მოღვაწე ვარსკვლავებიდან ვალერი მელაძე აღმოჩნდა ყველაზე გაბედული, რომელმაც ღიად დაგმო ომის დაწყება. ასევე გადაცემის დახურვის ფასად დაუჯდა კრიტიკული პოსტი იუმორისტს ივან ურგანტს.