გრძელდება ხარკოვის დაბომბვა, რთული ვითარებაა ჩერნიგოვშიც, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ვადიმ დენისენკო ავრცელებს.
მან, ამასთანავე, უკრაინელებს ხარკოვის სიახლოვეს მტრის 488-ე მოტომსროლელთა პოლკის განადგურება მიულოცა.
მისივე ინფორმაციით, ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო უკრაინის სამხრეთ ნაწილში - იზმაილში, იუჟნიში, კილიასა და ბელგოროდ-დნესტროვსკიში.
ვადიმ დენისენკომ იმ ფაქტსაც გაუსვა ხაზი, რომ გუშინ ხერსონში რუსებმა სცადეს მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების დარიგება, მაგრამ ადგილობრივმა მოსახლეობამ ის არ აიღო.
"იყო წინასწარი შეთანხმება, რომ მოწყობილიყო ჰუმანიტარული დერეფანი უახლოესი საწარმოებიდან ქალაქ ხერსონში პროდუქტის შესატანად. ის სპეციალურად დაბლოკეს, არ მოგვცეს საშუალება პროდუქტი შეგვეტანა იმისთვის, რომ ადამიანები მისულიყვნენ და ჰუმანიტარული დახმარება რუსებისთვის ეთხოვათ, მინდა მოგილოცოთ ისიც, რომ ხერსონის მოსახლეობამ ნახა საკუთარ თავში ძალა და თქვა: მიგვიფურთხებია თქვენი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შიმშილით ამოხოცვა გინდათ,“- განაცხადა დენისენკომ.