12-13 მარტს ღამის საათებში ყინვა მოიმატებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, 9 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით ცივი ჰაერის მასები განსაკუთრებით გააქტიურდება.
"7-8 მარტს საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში მნიშვნელოვანი ნალექი მოსალოდნელი არ არის. საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. დასავლეთ საქართველოში სითბო +12; +14 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 8 მარტს +10; +12 გრადუსამდე იქნება.
რაც შეეხება ღამის ტემპერატურას, 7-8 მარტს ცალკეულ რაიონებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია 0; -1 გრადუსამდე ყინვა. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქშიც ღამის საათებში შესაძლებელია იყოს 0 გრადუსი, შიდა ქართლში კი -2; -4 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი.
ცივი ჰაერის მასები განსაკუთრებით 9 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით გააქტიურდება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, მთაგორიან რაიონებსა და დაბლობებში წვიმა და თოვლჭყაპია მოსალოდნელი, მთიან და მაღალმთაინ რაიონებში თოვა.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ღრუბლიანობა შენარჩუნებული იქნება. ამასთან, ყინვის მომატებაა მოსალოდნელი. 12-13 მარტის ღამის საათებში შიდა ქართლში, შესაძლოა დაფიქსირდეს -3; -5 გრადუსამდე ყინვა.
დედაქალაქსა და აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში, 12-13 მარტს, ღამის საათებში -1;-3 გრადუსამდე იქნება“,- აღნიშნავს გვაზავა.