ავტორი:

"მაღალი ბიჭი უნდოდათ და მაინცდამაინც მე აღმოვჩნდი" - გუჯა ბურდულის გზა "სუხიშვილებიდან" კინოეკრანამდე: როგორ იხსენებს დაუვიწყარ "გელა ექიმს" "აგნესა"?

"მაღალი ბიჭი უნდოდათ და მაინცდამაინც მე აღმოვჩნდი" - გუჯა ბურდულის გზა "სუხიშვილებიდან" კინოეკრანამდე: როგორ იხსენებს დაუვიწყარ "გელა ექიმს" "აგნესა"?

დღეს 81 წლის ასაკში მსახიობი გუჯა ბურდული გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალება საზოგადოებას მისმა შვილმა, მუსიკოსმა ლადო ბურდულმა სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა: "დღეს, ღამის 2 სთ-ზე მამაჩემი გუჯა ბურდული გარდაიცვალა. უფალო, ნათელში ამყოფე მისი სული"...

გუჯა ბურდულის კინოროლებს მაყურებელი კარგად იცნობს, უამრავი დაუვიწყარი სახე აქვს შექმნილი ქართულ თუ მაშინდელ საბჭოთა კინოში. სანამ მსახიობი გახდებოდა, უამრავი პროფესია შეიცვალა. იყო სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავე, მშენებელი, თბილისის ზღვის მაშველი... კინოში კი ასე მოხვდა (ამონარიდი მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან):

"რეჟისორი რეზო ჩხეიძე იღებდა ფილმს "ჩვენი ეზო". იქ გიორგი შენგელაიას წვიმაში უნდა ეცეკვა. იმ დროს "სუხიშვილებში“ ვცეკვავდი. რეპეტიცია რკინიგზელთა სახლის დარბაზში გვქონდა და ერთ დღესაც, რეჟისორის ასისტენტი მოვიდა, მაღალი ბიჭი უნდოდათ. მაღალი მაინცდამაინც მე აღმოვჩნდი. წვიმაში უნდა იცეკვეთო... მოკლედ, ფილმში გიორგი რომ ცეკვავს, ის ჩემი ცეკვაა გადაღებული.

კინოეკრანზე პირველად ასე მოვხვდი... მერე თბილისელი სამველ გასპაროვს დებიუტი ჰქონდა, ფილმს იღებდა, ცოტა ნორმალურად ვმღერი და მითხრა, როგორც თილისმა, მინდა, ჩემს პირველ ნამუშევარში იმღეროო. კი არ მინდოდა, მაგრამ ბოლოს ვიმღერე. სურათი ბოლოს ოდესის კინოსტუდიაში ჩაეშვა. ასე დაიწყო ჩემი სამსახიობო კარიერა. ქართულ კინემატოგრაფში ჩემი სამსახიობო მონაცემები ყველაზე მეტად რეჟისორმა თემურ ბაბლუანმა დაინახა"...

"უძინართა მზე"

ექიმი გელა ბენდელიანი გუჯა ბურდულის დაუვიწყარი სახეა, რომელმაც კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას წლები შეალია. ის საკუთარი ბინის სხვენში ცდებს ატარებს, მაგრამ სამეცნიერო საბჭოს მისი ნაშრომი არ აინტერესებს. მეზობლების საყვედურებით და გაჭირვებული ყოფით გაბეზრებული გელას ქალიშვილი აგნესა სხვენიდან საცდელ ვირთხებს უშვებს. გელა არალეგალურად, საკუთარი ხელით იკეთებს ბრმანაწლავის ოპერაციას, რასაც ემსხვერპლება კიდეც...

AMBEBI.GE ფილმის გმირს, გელა ექიმის ქალიშვილს აგნესას ესაუბრა, რომელმაც დაუვიწყარი სახე შექმნა ამ ფილმში. აგნესას როლის შემსრულებელი კი ჟურნალისტი ეკა საათაშვილია:

"დღეს, როცა უკრაინაში მიმდინარე მძიმე ამბებით ყველანი ასეთი დამძიმებულები ვართ, ამ ემოციების ფონზე გავიგე, რომ გარდაიცვალა ისეთი ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება დიდი პატივს ვცემდი. რთულია ძალიან... გამიმართლა, რომ ამ ფილმში მოვხვდი, სადაც რაღაც უცებ შევედი და უცებ გავხდი იმ ოჯახის ერთ-ერთი წევრი. როდესაც ბატონი გუჯა გავიცანი, ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ მთელი ცხოვრება ვიცნობდი და გადაღების მოედანზე არ მინახავს პირველად... თბილი და ყურადღებიანი ადამიანი იყო, მაშინ 12 წლის ვიყავი და ბავშვობის ეს განწყობა სულ მომყვება.

სიმართლე გითხრათ, ბოლო წლებში არ მინახავს, მაგრამ მაშინდელი ემოციები ხომ ვამბობ, დღემდე მომყვება... ამიტომ ძალიან განვიცადე, როცა გავიგე , რომ აღარ არის... მაშინ ჩემთვის გადასაღებ მოედანზე ყველაფერი სიახლე იყო, ისეთ გარემოცვაში ყოფნა, ისეთ რეჟისორთან მუშაობა და ისეთ ფილმში მონაწილეობა, სადაც არაჩვეულებრივი კოლექტივი იყო, ყველანი ხელს მიწყობდნენ, თავისუფლად ვყოფილიყავი, მეტად ჩავრთულიყავი როლში. ყველაზე მკვეთრად მახსენდება საავადმყოფოს სცენები და ბატონი გუჯას ღიღინი, ხმა, რომელიც ყურში ახლაც ჩაგესმის...

ვისაც ეს ფილმი ნანახი აქვს, ყველას ასეთი შეგრძნება აქვს, მაგრამ მე უშუალოდ იქ ვიყავი და ის ყველაფერი ყველაზე მეტად ემოციურია განსაკუთრებით დღეს. ვუსამძიმრებ ოჯახს მის გარდაცვალებას".

გუჯა ბურდული ოჯახთან ერთად

კინოში მსახიობის პირველი ნამუშევარი იყო ფილმში "სიძულვილი, სადაც ''ბანდის'' უფროსის როლი ითამაშა. მას არ ჰქონდა სამსახიობო განათლება, მაგრამ მისი როლები პრიზებს იღებდა...

"რა განსხვავებაა პროფესიონალ და არაპროფესიონალ მსახიობს შორის, არ ვიცი, პრიზებს არაპროფესიონალებიც ვიღებთ... საერთოდ მსახიობობა რთული პროფესიაა, ბევრი რაღაცის სინთეზია - მუდმივი ფიზიკური და სულიერი წვრთნაა საჭირო... ჩემი როლებიდან მიყვარს მოცურავე, „ბეღურების გადაფრენაში“ გუჯა, „დიმიტრი თავდადებულში“ დავით მეფე, "მოქცევიდან" მეფე მირიანი. თუმცა უამრავ როლზე მითქვამს უარი...

ლადო და ბაკურ ბურდულები მამასთან ერთად

მსახიობისთვის ასევე აუცილებელია ფიზიკური, ბუნებრივი მონაცემები. უნდა ცეკვავდე, მღეროდე, ფიზიკური ძალაც გჭირდება. მერე კი უკვე რეჟისორები მისგან იმას ამოსწევენ, რაც მსახიობს უკეთ შეუძლია და რაც გმირის ლამაზად წარმოსაჩენად ხელს შეუწყობს. რაც ბევრი შეგიძლია, მით უკეთესი მსახიობი ხარ. ...მუშაობის პროცესი ასეთია - უპირველესად იკითხება სცენარი და პირველ შთაბეჭდილებას შენი გმირის შესახებ იქმნი, რომელსაც სცენარიდან ამოიკითხავ. ეს პირველი შთაბეჭდილება არის მნიშვნელოვანი.

მერე არის გმირის ჩაცმულობა, პროფესია, იმის გაგება, რა პერიოდში ცხოვრობს პერსონაჟი და იწყება მუშაობა. ყველაზე მთავარი კი იმ სცენარიდან ამოყვანილი გმირის სახეა, რომელიც ჩემს მეხსიერებაში პირველი წაკითხვიდან რჩება. მუშაობის პროცესში სტიმულს რწმენა მაძლევს,“ - ჰყვებოდა გუჯა ბურდული...

ღმერთი, რწმენა და ეკლესია...

ბატონი გუჯა ღვთისმორწმუნე ადამიანი იყო და სტიქარით შემოსილს ტაძარში ხშიარდ ნახავდით. როდესაც ერთ-ერთ ინტერვიუში ჰკითხეს:

- თქვენი გმირები ძირითადად დაუცველი, საზოგადოებისგან გარიყული და გაუგებრობისთვის განწირული ადამიანები არიან. სად პოულობენ ისინი ჭეშმარიტებისთვის ბრძოლის ძალას?

- ძალა რწმენის ჭეშმარიტებაშია. ეს ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი და უპირველესი რამ არის. ჩემი გვარი მრავალი საუკუნის განმავლობაში ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიას ემსახურებოდა.

- პოლიტიკა არ გაინტერესებთ?

- მე ღმერთს ვემსახურები... ეკლესიაში ხალხმრავლობა მიყვარს, საკუთარი თავის განსჯისას - მარტოობა... ბოლომდე ვენდობი ღმერთს, მამას ძეს და სული წმინდას, ღვთისმშობელ მარიამს, მთავარანგელოზებს და ანგელოზებს... ბედნიერი ვარ, როდესაც ვლოცულობ სამშობლოს ბედნიერებისთვის, მისი თავისუფლებისთვის, გადარჩენისთვის, ცოცხლებისთვის და სახელოვანი წინაპრების სულებისთვის. ყველანი ძალიან მიყვარხართ, ღმერთმა განგვწმინდოს ჩვენი ცოდვებისგან და შეგვიწყალოს“ - ასეთი იყო მისი პასუხი და პრინციპში ცხოვრებაც.

AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს გუჯა ბურდულის გარდაცვალების გამო და მსახიობის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.