ავტორი:

"ვიდეოზარის დასასრულს, რამდენიმე სენატორი "სლავა უკრაინის" სკანდირებდა" - რაზე ესაუბრა ზელენსკი ამერიკელ კანონმდებლებს?

"ვიდეოზარის დასასრულს, რამდენიმე სენატორი "სლავა უკრაინის" სკანდირებდა" - რაზე ესაუბრა ზელენსკი ამერიკელ კანონმდებლებს?

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ამერიკელ კანონმდებლებთან ერთსაათიანი ვიდეოსაუბრისას უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადება და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესება მოითხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებს სთხოვა, რუსეთის წინააღმდეგ უფრო დიდი სანქციები შემოიღონ, მათ შორის ენერგეტიკაზე. ზელენსკიმ უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარებაც ითხოვა. მან მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს ოფიციალური კიევისთვის აქამდე გაწეული მხარდაჭერისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინას უფრო მეტი დახმარება ესაჭიროება.

ერთ-ერთი სენატრის თქმით, რომლის ვინაობასაც CNN არ აკონკრეტებს, ზელენსკი მხარს უჭერს რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას, ყველა კომერციული ტრანზაქციის შეჩერებას, როგორიცაა Visa და Mastercard. ამავე კანონმდებლის ცნობით, უკრაინის ლიდერმა აშშ-ს სთხოვა დაეხმარონ მის ქვეყანას მეტი თვითმფრინავის შეძენაში.

როგორც CNN იუწყება, ვიდეოზარის დასასრულს, არაერთი სენატორი, უკრაინისადმი მხარდაჭერის ნიშნად, „სლავა უკრაინის“ სკანდირებდა, რამაც ზელენსკის აშკარა აღფრთოვანება გამოიწვია.