ავტორი:

უკრაინის პროკურატურა თინა კანდელაკს სისხლის სამართლის დანაშაულში ამხელს და მის საერთაშორისო ძებნილად გამოცხადებას აპირებს

უკრაინის პროკურატურა თინა კანდელაკს სისხლის სამართლის დანაშაულში ამხელს და მის საერთაშორისო ძებნილად გამოცხადებას აპირებს

უკრაინის საგამოძიებო უწყება პუტინის რეჟიმის მხარდამჭერ ჟურნალისტს, თინა კანდელაკს, სისხლის სამართლის დანაშაულში ამხელს და უახლოეს მომავალში მის საერთაშორისო ძებნილად გამოცხადებას გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა ავრცელებს. როგორც ვენედიქტოვა "ფეისბუქში" წერს, რუსეთის ხელისულების მიერ კონტროლირებადი მედია მოქალაქეებს მიზანმიმართულად კვებავს სხვადასხვა სახის დეზინფორმაციით, რომელშიც, მონაწილეობას თინა კანდელაკიც იღებს.

გენპროკურორის ინფორმაციით, გამომძიებლებმა შეისწავლეს თინა კანდელაკის ტელეგრამის არხების კონტენტი და "უკიდურესად გაოცდნენ", ვინაიდან პროკურორის შეფასებით, კანდელაკის მოწოდებები დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. ირინა ვენედიქტოვა კანდელაკს კარგი ადვოკატის მოძებნას ურჩევს და აფრთხილებს, რომ თუ იგი ეცდება სხვა ქვეყნაში გადასვლას, მას შესაბამისი ორგანოები უკრაინაში ექსტრადირებისთვის დააკავებენ.

"პროკურორები, თქვენი ტელეგრამის არხის შინაარსის გაანალიზების შემდეგ, უკიდურესად გაოცდნენ - თქვენ ხართ კრემლის სამხედრო მანქანის იდეებისა და ლოზუნგების ერთ-ერთი მთავარი "გამავრცელებელი". მაგალითად, 2022 წლის 24 თებერვალს თქვენს მიმდევრებს ასეთი აზრი შესთავაზეთ: "უკრაინის სახელმწიფო ძალიან სწრაფად გამოჯანმრთელდება, თუკი ზელენსკი და უმაღლესი რადას ის დეპუტატები, უკრაინის პოლიტიკოსები, რომლებიც 8 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ უკრაინის ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოებას, დატოვებენ ქვეყნის ტერიტორიას. ვფიქრობ. იანუკოვიჩი უკრაინაში დაბრუნდება, ოპერაცია დაიწყო". დარწმუნებული ვარ, პროფესიონალი ხართ და კარგად იცით, რომ თქვენი მოწოდება დანაშაულია. თქვენი საპროცესო სტატუსი უკრაინაში არის პირი, რომელიც ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში. უახლოეს დღეებში უკრაინელი პროკურატურა დაიწყებს თქვენს საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების პროცესს. უკვე დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ერთადერთი, რაც მინდა გთხოვოთ, არის კარგი ადვოკატების პოვნა. თუ თქვენ ეცდებით სხვა ქვეყნების საზღვრის გადაკვეთას, შესაბამისი ორგანოები დაგაკავებენ უკრაინაში ექსტრადირებისთვის." - წერს უკრაინის გენერალური პროკურორი.

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, კანელაკი მხილებულია "კონსტიტუციური წესრიგის იძულებით შეცვლის ან დამხობის, ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების, უკრაინის ტერიტორიის ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მიზნით ჩადენილი ქმედებების დაფინანსებაში".