ავტორი:

"როგორც შევძლებ, რუსებს დედა უნდა ვუტირო. აგვისტოს ომის დროს საქართველოში არ ვიყავი, ამიტომ ახლა ორმაგად უნდა ვიძიო შური" - ქართველი მებრძოლი ქალი უკრაინაში

"როგორც შევძლებ, რუსებს დედა უნდა ვუტირო. აგვისტოს ომის დროს საქართველოში არ ვიყავი, ამიტომ ახლა ორმაგად უნდა ვიძიო შური" - ქართველი მებრძოლი ქალი უკრაინაში

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს არაერთმა მოქალაქემ გამოთქვა სურვილი, მოხალისედ წასულიყო და ოკუპანტების წინააღმდეგ ებრძოლა.

უკრაინელთა რიგებში მებრძოლ ქართველებს შორის ერთ-ერთი 63 წლის დარეჯან მაისურაძეა. თუმცა ის საომრად საქართველოდან არ წასულა. 14 წელია, მეუღლესთან ერთად უკრაინაში ცხოვრობს, შვილები კი საქართველოში არიან.

AMBEBI.GE დაუკავშირდა ფრონტზე მყოფ ქართველ მებრძოლს, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, ვრცელი ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოხერხდა.

ომში მისი პოზიციის შესახებ ზედმეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა, თუმცა ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რას შეიძლება აკეთებდეს ფრონტის ხაზზე თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, რომელსაც, როგორც თვითონ ამბობს სნაიპერული მომზადება აქვს გავლილი.

"არც კი დავფიქრებულვარ, ომის გამოცხადების პირველივე დღეს გადავწყვიტე უკრაინელ მებრძოლთა რიგებს შევერთებოდი. არ შევმცდარვარ ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე, როგორც შევძლებ, რუსებს დედა უნდა ვუტირო. აგვისტოს ომის დროს საქართველოში არ ვიყავი, სამწუხაროდ, ამიტომ ორმაგად უნდა ვიძიო შური ქართველებისა და უკრაინელებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ უკრაინელების ვალი გვაქვს, 90-იან წლებში პირადად შევხვედრივარ უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც საქართველოსთვის იბრძოდნენ. უკრაინელი მამა იყო ჩამოსული ორი ვაჟკაცით. უმცროსი შვილი ომში მოუკვდა, წავიდნენ დაასაფლავეს და ისევ უკან დაბრუნდნენ საქართველოსთვის საბრძოლველად. საოცარი ხალხია. ამ ომმა კიდევ უფრო სხვანაირად დამანახა ეს ერი. მიუხედავად ამხელა უბედურებისა, დიდსულოვნებას არ კარგავენ. ჩემმა დაქალმა, უკრაინელმა ექიმმა იცით რა მითხრა: დარეჯან, გთხოვ, თუ სროლა მოგიწია არ მოკლა, ფეხებში ესროლე, რომ ფორთხვით მივიდეს დედამისთანო. ვამაყობ, რომ ახლა აქ ვარ, მათ გვერდით", - უთხრა ambebi.ge -ს დარეჯან მაისურაძემ.