ავტორი:

"12 წლის ვერ ვიბრძოლებდი და ახლა - 42 წლის ასაკში ყველაფერს გავაკეთებ რუსების შესაჩერებლად“ - რა თქვა დავით არახამიამ "ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში

"12 წლის ვერ ვიბრძოლებდი და ახლა - 42 წლის ასაკში ყველაფერს გავაკეთებ რუსების შესაჩერებლად“ - რა თქვა დავით არახამიამ "ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში

"ერთადერთი ნაწილი, რაზეც შეთანხმება თითქმის შეუძლებელია, არის ყირიმი და ე.წ. რესპუბლიკები, რომლის დამოუკიდებლად აღიარებასაც რუსეთი ჩვენგან დაჟინებით მოითხოვს. ეს მიუღებელია უკრაინული საზოგადოებისთვის. საუბარია არა პოლიტიკოსებზე, არამედ უკრაინელებზე, რომლებიც არასოდეს დაუშვებენ ამას" - ამის შესახებ ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, უკრაინა - რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრმა, დავით არახამიამ "ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა უკრაინელ პოლიტიკოსს კითხვა ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებითაც დაუსვა, რაზეც არახამიამ მიუგო, რომ "ნატო-ს წევრი ქვეყნები არ არიან მზად, განიხილონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება უახლოესი ხუთი-ათი წლის განმავლობაში".

"ჩვენ არ ვიბრძოლებთ ნატოს განაცხადისთვის, ვიბრძლებთ შედეგისთვის, მაგრამ არა პროცესისთვის. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ზოგიერთი მოდელი. მაგალითად, შეიძლება იყოს პირდაპირი გარანტიები სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, როგორიცაა აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, შესაძლოა გერმანია და საფრანგეთი. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ მსგავსი საკითხები უფრო ფართო წრეში, არა მარტო რუსეთთან ორმხრივ დისკუსიებში, არამედ სხვა პარტნიორებთანაც", - აღნიშნა მან.

ამერიკული ტელეარხის ჟურნალისტმა დავით არახამიას ჰკითხა, თუ რა განცდა აქვს, მას როგორც აფხაზეთიდან დევნილს, როცა ის რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან ზის და როცა მისი ორივე სამშობლო რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ფრაქცია "ხალხის მსახურის“ ლიდერმა "სიგიჟე უწოდა“, 12 წლის ასაკში საქართველოს დატოვებას და საზღვარგარეთ გაქცევას მხოლოდ იმიტომ, რომ რუსი ჯარისკაცები მის ქვეყანაში შეიჭრნენ.

"აქ [უკრაინაში] გადმოვედი, გავიზარდე, საკუთარი ბიზნესი ავაშენე, ოჯახი შევქმენი და ჩემი შვილები უკრაინაში დაიბადნენ. 12 წლის ვერ ვიბრძოლებდი და ახლა - 42 წლის ასაკში აუცილებლად ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ მათ [რუსების] შესაჩერებლად“, - განაცხადა არახამიამ.

შეგახსენებთ, რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 7 მარტს იგეგმება. დავით არახამია უკრაინული დელეგაციის მომლაპარაკებელია.