ავტორი:

"თუ ადამიანები რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, უნდა მივცეთ ლეგალური საქმის კეთების საშუალება" - ლევან დავითაშვილი

"თუ ადამიანები რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, უნდა მივცეთ ლეგალური საქმის კეთების საშუალება" - ლევან დავითაშვილი

"ადამიანებისთვის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანაში მოდიან, საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძული რეგიონში" - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა "ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, განიხილება თუ არა რუსეთის მოქალაქეებისთვის რაიმე ტიპის შეზღუდვა, მათ შორის ბიზნესის წარმოებაზე ან უძრავი ქონების ყიდვაზე.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, თუ ადამიანები გაურბიან რეჟიმს და ცდილობენ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, "ჩვენ ეროვნების ან სხვა მახასიათებლის მიუხედავად უნდა მივცეთ სწორი, ლეგალური და კანონის შესაბამისი საქმის კეთების საშუალება".

"უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით ჩვენი მხრიდან არის ძალიან მკაფიო პოზიცია. ადამიანებისთვის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის, ვინც დღეს ჩვენს ქვეყანაში მოდიან, საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძული რეგიონში, რომელიც ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვისაა საინტერესო, მათ შორის ჩვენი სამეზობლოდან. მათ შეუძლიათ თავისუფალ რეალობაში შეძლონ საქმის კეთება, რისთვისაც საქართველო ყოველთვის გახსნილია, ეს იყო ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ათწლეულების მანძილზე, ასეთი გახსნილი, ლიბერალური სავაჭრო რეჟიმები გვაქვს ქვეყანას. თუ ადამიანები რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, ჩვენ ეროვნების ან სხვა მახასიათებლის მიუხედავად, იქნება ეს რელიგია თუ სხვა, უნდა მივცეთ სწორი, ლეგალური და კანონის შესაბამისი საქმის კეთების საშუალება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ყველა მაკონტროლებელი ორგანო ძალიან ფხიზლად უყურებს, რომ საქართველოში არ მოხვდნენ სანქცირებული პირები და მათი ბიზნესები იყოს მიკვლევადი.

"ჩვენი ყველა მაკონტროლებელი ორგანო ძალიან ფხიზლად უყურებს, რომ საქართველოში არ მოხვდნენ სანქცირებული პირები, მათი ბიზნესები იყოს მიკვლევადი. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ერთ-ერთი მაგალითია, თუ როგორ ხდება სწორად საერთაშორისო გადაწყვეტილებების შესრულება, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტების კონტექსტში. პროცესი წარვმართეთ ისე, რომ საქართველოს მოქალაქეები და ქართული ბიზნესები არ დაზიანდნენ, მეორეს მხრივ ვიყავით პირნათელი ყველა იმ საერთაშორისო გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც მიღებული იყო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. ჩვენ მომავალშიც ასე გავაგრძელებთ, საქართველოში შემოვლენ პირები, რომლებსაც ექნებათ "სუფთა რეკორდი“, ამას აკონტროლებს შსს, რომ საქართველოში შემოვიდნენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც იმსახურებენ, რომ შემოვიდნენ. გვესმის, სიტუაცია მგრძნობიარეა, ამიტომ ჩვენი მხრიდან ყურადღება არის გაზრდილი და გავაგრძელებთ მუშაობას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.