ავტორი:

ვინ იყვნენ დვალები? - საქართველოს დაკარგული ისტორიული მხარე და გამქრალი ეთნოგრაფიული ჯგუფის ისტორია

ვინ იყვნენ დვალები? - საქართველოს დაკარგული ისტორიული მხარე და გამქრალი ეთნოგრაფიული ჯგუფის ისტორია

დვალეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო მთელი ისტორიის განმავლობაში. ის ქართლის (იბერიის) სამეფოს შექმნისთანავე მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. დვალეთი ქართლის მთიანეთს ეკუთვნოდა, რომელიც ახლა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთაა მოქცეული.

დვალეთი, როგორც საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთი მოსაზღვრე მხარე, დანარჩენ საქართველოსთან ბუნებრივ-გეოგრაფიულად ორგანულად იყო დაკავშირებული 11 გადასასვლელით, რომელთა შორის მიმოსვლა შიდა ქართლის, ხევისა და რაჭის გავლით, ხშირად ზამთარშიც არ წყდებოდა. ჩრდილოეთ კავკასიიდან კასრის კარით საქართველოში შემოსასვლელ გზას ქართულ წყაროებში „გზა დვალეთისა“ ეწოდებოდა. დვალეთი ექვსი ხევის, თემის/საზოგადოების ერთობლიობას წარმოადგენდა (კასრისხევი, ზრმაგა, ჟღელე, ნარა, ზროგო, ზახა).

მთიულური გადმოცემებით, არსებობს ლეგენდა დვალების მეკობრეობის შესახებ, რომელთაც მეთაური „სალბი“ ჰყავდათ.

დვალეთში, ქრისტიანობა მე-6 საუკუნიდან გავრცელებულა. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ ქართველ ხელისუფალთა გავლენა დვალეთზე დროებით შესუსტდა, რითაც ისარგებლეს ჩრდილოეთით მცხოვრებმა ოსებმა, რომელთა განსახლების არეალი დემოგრაფიული თვალსაზრისით მძიმე იყო. გადამეტსახლებული ოსეთის მკვიდრებმა თავდასხმების, მეკობრეობისა და ლაშქრობების შედეგად აიძულეს ადგილობრივი ქართველი მთიელი დვალები, მიეტოვებინათ წინაპართა საცხოვრისი და საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში განსახლებულიყვნენ.

ოსთა მიგრაცია და დასახლკარება დვალეთში ძირითადად XVI საუკუნეში განხორციელდა და ეს პროცესი აქ XVII საუკუნეშიც გრძელდებოდა. ოსთა დვალეთში მიგრაციას ხელი იმ გარემოებამაც შეუწყო, რომ დვალების მნიშვნელოვანი ნაწილი შავმა ჭირმა გაწყვიტა, რის მიზეზითაც მათ საკმარისი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს მოთარეშეებს. ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის მცირე ნაწილი მიგრანტთა ოსურ ენობრივ-ეთნიკური სამყაროს გავლენით გაოსდა. დვალები გაქრნენ, როგორც ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი/ლოკალურ-ტერიტორიული ერთეული.

დვალები

ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ (XV საუკუნის მეორე ნახევარი) დვალეთი ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. დვალეთს, ჩვეულებრივ, როგორც სამეფო ქვეყანას, სამეფო კარის მიერ დანიშნული მოურავები განაგებდნენ. მაგალითად, XVII საუკუნის დასაწყისში დვალეთის მოურავი იყო გიორგი სააკაძე, რომელიც ამ თანამდებობას თბილისისა და ცხინვალის მოურავობასთან ათავსებდა. XVIII საუკუნეში დვალეთის მოურავებად თავადი ფავლენიშვილები ჩანან. მოგვიანებით, XVII საუკუნის დასაწყისიდან - დვალეთის ზოგიერთი ხევი იმერეთის სამეფოს (რაჭის ერისთავთა) გამგებლობაში გადასულა.

შიდა ქართლის მთიანეთში, კერძოდ, დიდი ლიახვის უკიდურეს სათავეში არსებობდა მხოლოდ მაღრან-დვალეთის რეგიონი (თემი), რომელიც მთის ცხრა სოფლის ერთობლიობას წარმოადგენდა, ისე რომ ჟბის ხევი და როკი მის მიღმა რჩებოდა. იგი შეიქმნა შედარებით გვიან (X-XI სს. შემდეგ) დვალეთიდან დვალების გადმოსახლების შედეგად. დვალეთიდან გამოსულ ქართველ მოღვაწეთაგან ცნობილი არიან XI საუკუნის სასულიერო პირნი: მიქელ დვალი, იოანე დვალი და სვიმონ დვალი.

დვალეთში ქართული მატერიალური კულტურის ბევრი ძეგლი იყო, რომელთაგან მცირე ნაწილმა მოაღწია ჩვენამდე. კასრის კარი იყო „კლდისაგან და ქვითკირით ქმნული, რათა არა ვიდოდნენ თჳნიერ მთასა ოვსნი“; ზრამაგაში იყო „ციხე დიდი, ფრიად მაგარი, იტყვიან აღშენებულსა თამარ მეფესაგან, და დაბა კოშკოვანი“ (ვახუშტი). ვახუშტი ზახაში ეკლესიის არსებობაზე მიუთითებდა. აქვე იყო სხვა ქართული ქრისტიანული ეკლესიები. დვალეთში წარსულში, ისევე როგორც საქართველოს მთის სხვა პროვინციებში, კოშკებით იყო დაფარული. დვალები რომ ქართველი მთიელები და, ამავე დროს, ქრისტიანები იყვნენ, ამის დამადასტურებელი ფაქტია ისიც, რომ აქ არ არსებობდა მიწისზედა დასაკრძალავი ნაგებობები - აკლდამები.

XVIII საუკუნეში ტრადიციით დვალთა ხსენება კვლავ გრძელდება, თუმცა ისინი უკვე ეთნიკურობაშეცვლილი, ახლა უკვე ოსები არიან.

მეცნიერებაში დვალების ეთნიკური წარმომავლობის შესახებ სხვადასხვა შეხედულებაა გამოთქმული. ქართული წყაროების მიხედვით, ისინი ჩვეულებრივი ქართველი მთიელები იყვნენ, ისევე როგორც ფხოველები, თუშები, წანარები, გუდამაყრელები, ხადელები, ცხავატელები, ჭართლელები, ცხრაზმელები... ოღონდ შენარჩუნებული ჰქონდათ მთიანი პროვინციებისთვის დამახასიათებელი სოციალური, რელიგიური თავისთავადობა.

დვალებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ირანული წარმომავლობის ტომად. მოსაზრება, რომ დვალები ოსურ ეთნიკურ სამყაროს განეკუთვნებიან, პირველად მეცნიერმა დ. გვრიტიშვილმა უარყო. ასევე უარყოფდა ამ შეხედულებას რუსი ეთნოლოგი ნ. ვოლკოვა. მან დვალები ერთ-ერთ იბერიულ-კავკასიურ ტომად მიიჩნია. დვალების შესახებ ფუნდამენტურ გამოკვლევაში ვ. გამრეკელმა ისინი დაუკავშირა ნახურ (ინგუშურ-ჩაჩნურ) სამყაროს, რომლებიც ადრეფეოდალურ ეპოქამდე გაქართველებული იყვნენ, თუმცა შემდგომი კვლევა-ძიებით მან ეს შეხედულება უარყო და დვალთა ენა ქართველურ (ზანურ) ენას დაუკავშირა. მეცნიერებაში არის შეხედულება დვალების სვანური წარმომავლობის შესახებაც. წინამდებარე გამოკვლევით, რომლებიც ემყარება საისტორიო წყაროების, საბუთების, ტოპონიმების, ანთროპონიმების, ეთნოგრაფიული მასალების კომპლექსურ შესწავლას, ცხადი შეიქმნა, რომ დვალეთი ეთნიკურად ქართულ-ქართველური ქვეყანა იყო, დვალები კი თავდაპირველად -ზანებთან ახლოს მდგომი ტომი, თუმცა ზანების (მეგრელების) სრულ ასლს არ წარმოადგენდნენ.

დვალთა მეტყველება აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა დიალექტურ ჯგუფში (ფხოვურში) შედიოდა. და ეს მოხდა არა ქართიზაციის გზით, არამედ ბუნებრივად იმ შინაგანი სამეურნეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობის შედეგად, რომელიც ამ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეს ქართლთან ჰქონდა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აგრეთვე საქართველოს წიგნიერების, სახელმწიფოსა და საეკლესიო ენის ფუნქციამაც. საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში დვალებს ისეთივე წვლილი აქვთ შეტანილი საერთო ქართული კულტურაში, როგორც საქართველოს სხვა პროვინციის წარმომადგენლებს.

საქართველოს ისტორია - ჩვენი წარსულია, რომელიც უნდა ვიცოდეთ. გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ ახალ პროექტში, ქართველ მკვლევართა რამდენიმე თაობის საუკეთესო წარმომადგენელი გააერთიანა. ისინი საქართველოს ისტორიის შესახებ მოგვითხრობენ ყველაფერს!

21 თებერვლიდან, ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობითა და 20-ზე მეტი ისტორიკოს-მკვლევრის ავტორობით, გამომცემლობა "პალიტრა L” საქართველოს ისტორიის 15 ტომეულს - „საქართველოს ისტორიის პალიტრა“ - გამოსცემს. სერიის წიგნები თვეში ერთხელ, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გაიყიდება. გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში, წიგნის სპეციალური ფასი 13 ლარი იქნება, გაზეთთან ერთად კი - 15 ლარი. ასევე, 21 თებერვლიდან, პირველი ნაწილი ხელმისაწვდომი იქნება „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების წერტილებში. ასევე, გამოწერა შესაძლებელია საიტიდანაც http://www.palitral.ge

15-ტომეულში, საქართველოს წარსული სხვადასხვა ჭრილშია მოთხრობილი. თქვენ წაიკითხავთ ისეთ თემებზე, როგორიცაა ქართველთა ყოფა-ცხოვრება, მედიცინა, მოდა, საკვებისა და მოლხენის კულტურა, ტრადიციები, მონეტარული პოლიტიკა, სამხედრო, სამედიცინო ისტორია და სხვ.

თეა ინასარიძე

მომზადებულია „საქართველოს ისტორიის პალიტრის“ მეორე ტომის მიხედვით