ავტორი:

ანტისაომარი აქციები რუსეთში - გუშინ, მთელი ქვეყნის მასშტაბით 4300-მდე პროტესტანტი დააკავეს (ფოტო, ვიდეო)

ანტისაომარი აქციები რუსეთში - გუშინ, მთელი ქვეყნის მასშტაბით 4300-მდე პროტესტანტი დააკავეს (ფოტო, ვიდეო)

რუსეთში, უკრაინა-რუსეთის ომის პარალელურად, საპროტესტო აქციები იმართება. როგორც "როიტერსი" იტყობინება, გუშინ 4300-მდე ადამიანი დააკავეს ანტისაომარ აქციებზე. დაკავებული მომიტინგეების საერთო რიცხვმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან დღემდე, უკვე 13 000-მდე მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში პროტესტანტთა შესაშინებლად უმკაცრესი კანონები მიიღეს, ხალხი ქუჩაში მაინც გადის.

გუშინ, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გამართულ აქციებზე ათასობით მომიტინგე გაიძახოდა: "არა ომს!" და "გრცხვენოდეს!". გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც ჩანს ერთ-ერთ მომიტინგეს პოლიციელები რა გამეტებით სცემენ.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სულ, დაახლოებით, 3500 ადამიანი დააკავეს: მოსკოვში 1700 ადამიანი, 750 - სანკტ-პეტერბურგში, 1.061 კი - სხვადასხვა ქალაქებში. თუმცა, OVD-Info-ს საპროტესტო მონიტორინგის ჯგუფმა განაცხადა, რომ 56 ქალაქში, მათ მინიმუმ 4 366 ადამიანის დაკავება დააფიქსირეს.

"ჩვენ სამხედრო ცენზურის მოწმენი ვართ. საკმაოდ დიდი საპროტესტო აქციები იმართება დღეს ციმბირის ქალაქებშიც კი, სადაც დაპატიმრებების ამხელა რიცხვი იშვიათად გვინახავს", - განუცხადა "როიტერსს" მარია კუზნეცოვამ, OVD-Info-ს სპიკერმა.

თავის მხრივ, საკუთარი მოსახლეობის სრულ იზოლაციაში მოქცევას ცდილობს კრემლი, მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც რუსეთში "ცრუ ინფორმაციის" გავრცელებისთვის ჟურნალისტებს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ამის შემდეგ მაუწყებლობა შეაჩერა თითქმის ყველა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო მედიაორგანიზაციამ.

წყარო: reuters.com

მოამზადა ანა სიბოშვილმა