"სამწუხაროდ, ჩვენ ვართ უნიკალური შემთხვევა, როდესაც ერთ მხრივ ყველა თანხმდება, რომ უსაფრთხოების კუთხით უკრაინის საკითხზე პირდაპირ გადაბმულია საქართველოს უსაფრთხოება და ვართ ის სახელმწიფო, სადაც ხდება ამის საპირისპირო მოქმედება, ამის გამოყენება იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება, ეს არის დეზინფორმაციის, ტყუილის, პროპაგანდის ტალღა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ.
"ჩვენ არ გვსურს უკრაინის ტრაგედიის თეატრალიზება პარლამენტში და თქვენ ხართ, სამწუხაროდ, დაკავებული ამ თეატრალიზებით უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. უკრაინულადაც მოსმენილი გვაქვს რადას თავმჯდომარის განცხადება და ქართულადაც, მეტიც, ჩემს კოლეგას 24 თებერვალს, როცა ომი დაიწყო, სატელეფონო ზარი შევთავაზეთ, ვერ შედგა ეს საუბარი, თუმცა, ჩემი მხრიდან ეს შეთავაზება ნამდვილად იყო. რაც შეეხება განცხადებებს, გვესმის ის მდგომარეობა, რაც უკრაინაშია და მათ შორის, ემოციური განცხადებები ხელისუფლების მხრიდან. ამაზე მწვავე განცხადებები ისმის მათი მხრიდან დასავლელი პარტნიორების მიმართ. პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ ამის იქით, რომელი ბავშვიც დაიღუპება, ეს იქნება ნატოს და ამერიკის ბრალი, ცას რომ არ კეტავენ. ამ ემოციური განცხადებების გვესმის და არ ვაპირებთ მის განხილვას. სრულად მესმის ის მდგომარეობა, რომელშიც უკრაინის ხელისუფლებაა და მათი განცხადებებიც გვესმის. მათ შორის, დასავლელი პარტნიორების მიმართ. რაც შეეხება ამ განცხადების შინაარს, სამწუხაროდ, ჩვენ ვართ უნიკალური შემთხვევა, როდესაც ერთ მხრივ ყველა თანხმდება, რომ უსაფრთხოების კუთხით უკრაინის საკითხზე პირდაპირ გადაბმულია საქართველოს უსაფრთხოება და ვართ ის სახელმწიფო, სადაც ხდება ამის საპირისპირო მოქმედება, ამის გამოყენება იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს. რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, ეს არის დეზინფორმაციის, ტყუილის, პროპაგანდის ტალღა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ“, - განაცხად პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, რძესა და რძის პროდუქტებთან დაკავშირებითაც რაც ითქვა, არის აბსოლუტური დეზინფორმაცია.
"განმარტება არის უმარტივესი. ამის ასე სპეკულირება და დაყვანა იმ დონემდე, რომ როდესაც ადამიანები იღუპებიან, აქ საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს, ეს არასწორია. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი ბაზარი არსებობდეს ქართული წარმოებისთვის. იგივე შეეხება რუსეთის ფედერაციიდან მოქალაქეების შემოსვლის საკითხზე ატეხილ აჟიოტაჟს, ეს არის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული, ესეც არის საქართველოში ისტერიის დათესვა. ეს ყველაფერი მიდის ერთი რამისკენ. ჩვენ ვხედავთ პირდაპირ შტურმს, რომ მოხდეს საქართველოს ჩათრევა შეიარაღებულ კონფლიქტში. ჩვენ არამხოლოდ ჩვენი უკრაინელი კოლეგების განცხადება მოვისმინეთ, არამედ თქვენი [ხატია დეკანოიძის] განცხადებაც მოვისმინეთ გამართული რუსულით, რომ "Мы делаем все чтобы убрать эту власть“. სანამ თქვენ ხართ დაკავებული იმით, რომ ამ ქვეყანას ეს ხელისუფლება მოაშოროთ, იქამდე, რა თქმა უნდა, არაფერი გამოვა. როცა თქვენ უცხოური ტელეკომპანიის საშუალებით, გამართული რუსულით მსოფლიოს ამცნობთ, რომ დაკავებული ხართ "убрать эту власть“ ამ დროს დაფიქრდით, რას აკეთებთ?!“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, ბიუროს სხდომაზევე უპასუხა ხატია დეკანოიძემ და აღნიშნა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს ამ ხელისუფლების დასამარცხებლად.
"ყველაფერს გავაკეთებ როგორც მერობის კანდიდატი, დეპუტატი, იმისთვის, რომ თქვენი ხელისუფლება წავიდეს და ყველაფერს ვაკეთებთ,“- განაცხადა დეკანოიძემ.