ავტორი:

უკრაინულმა სასამართლომ ბასკოვის დაკავების ბრძანება გასცა: რას წერს უკრაინის გენერალური პროკურორი და  როგორ პასუხობს მომღერალი ბრალდებას

უკრაინულმა სასამართლომ ბასკოვის დაკავების ბრძანება გასცა: რას წერს უკრაინის გენერალური პროკურორი და  როგორ პასუხობს მომღერალი ბრალდებას

უკრაინულმა სასამართლომ რუსი მომღერლის, ნიკოლაი ბასკოვის დაკავების ბრძანება გასცა და პროკურატურამ მასზე საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების პროცედურა დაიწყო. უკრაინული მედია აღნიშნულს უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით წერს.

  • როგორც პროკურორი წერს, ბასკოვს ბრალად ედება "ომის პროპაგანდა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამართლება."

"უკრაინის სასამართლო, გამოძიების და პროკურატურის პოზიციის შესწავლის შემდეგ, მივიდა დასკვნამდე, რომ შესაძლებელია თქვენი დაკავების მოთხოვნის დაკმაყოფილება“, - წერს ვენედიქტოვა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

პროკურორი აცხადებს, რომ ბასკოვს იმ ქვეყნის სამართალდამცავები დააკავებენ, რომლის საზღვრებსაც გადაკვეთს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პროკურორის განცხადებამდე, ბასკოვმა "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ის მხარს უჭერდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინაში რუსული ჯარის შეჭრის შესახებ.

  • ირინა ვენედიქტოვას განცხადებას ნიკოლაი ბასკოვი გამოეხმაურა. მან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ომის კადრები და ნაცისტური სიმბოლო ჩანს, ბასკოვი წერს:

"მედიაში წავიკითხე, რომ უკრაინის გენერალური პროკურორი ეჭვმიტანილს მეძახის. მინდა, რომ ამ ბრალდებას ვუპასუხო. ირინა ვენედიქტოვა, იმედია მალე გნახავ. მაგრამ არა გამოძიებისას და სასამართლო პროცესზე, არამედ ტრიბუნალზე საკუთარი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების გამო და თქვენს ტერიტორიაზე ბიოლოგიური იარაღის ექსპერიმენტების მხარდაჭერის გამო. და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო დონეზე ფაშიზმის მხარდაჭერის გამო. აბა, გილოცავთ დღესასწაულს. არა მხოლოდ 8 მარტს, არამედ 18 მარტს! ვინც იცის, მან იცის! და აღნიშნავს #ჩვენ არ ვტოვებთ საკუთარს ქვეყანას..." - წერს ბასკოვი.

ცნობისთვის, ბასკოვამდე უკრაინის სასამართლომ დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი მუსიკოს ოლეგ გაზმანოვსა და რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვს. მათ კიევი უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ხელშეწყობაში სდებს ბრალს.

გარდა ამისა, უკრაინის საგამოძიებო უწყება პუტინის რეჟიმის მხარდამჭერ ჟურნალისტს, თინა კანდელაკს, სისხლის სამართლის დანაშაულში ამხელს და უახლოეს მომავალში მის საერთაშორისო ძებნილად გამოცხადებას გეგმავს.