ავტორი:

"რუსეთს 2046 უცხოელი სტუდენტი მძევლად ჰყავს აყვანილი - მათ ევაკუაციას ბლოკავს" - უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრი

"რუსეთს 2046 უცხოელი სტუდენტი მძევლად ჰყავს აყვანილი - მათ ევაკუაციას ბლოკავს" - უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრი

უკრაინის რეინტეგრაციისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საკითხების მინისტრი ირინა ვერეშუკი აცხადებს, რომ რუსეთმა, ფაქტობრივად, მძევლად აიყვანა 2046 უცხოელი სტუდენტი და უკრაინიდან მათ ევაკუაციას ბლოკავს. ამის შესახებ ვერეშუკი „ფეისბუკის“ გვერდზე წერს.

"უცხოელი სტუდენტები მძევლად არიან აყვანილი. სწორედ ამით არის დაკავებული რუსეთი უკრაინაში და მათ ევაკუაციას ბლოკავს. ინდოეთიდან 659 სტუდენტია, ჩინეთიდან - 160, თურქეთიდან -144, ნიგერიიდან - 400 სტუდენტი. სტუდენტებს შორის არიან ახლო აღმოსავლეთის, შუა აზიის, აფრიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, მათ შორის სამხრეთ აფრიკის, ყაზახეთის, სინგაპურისა და საუდის არაბეთის მოქალაქეები. მთლიანობაში, 2046 უცხოელი სტუდენტი 27 ქვეყნიდან. ყველა მათგანი ამ დროისთვის ჩარჩენილია სუმში, ჩერნიგოვში, მარიუპოლში, ხერსონში სწორედ რუსეთის დაბომბვების გამო“ , - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, რუსები, რომლებიც იგნორირებას ახდენენ ამ ქვეყნების ხელმძღვანელთა მიმართვებს, რომ გაკეთდეს ჰუმანიტარული დერეფანი, ტკბებიან ქვეყნების დამცირებით, მათ შორის ისეთების, როგორებიც არის ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი.

მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ თუკი 8 მარტს შესაძლებელი გახდება დერეფნის მოწყობა, სუმსა და პოლტავაზე, ამ დერეფნით უცხოელ სტუდენტებსაც გამოიყვანენ.